Facebook Twitter

ბს-1357(კ-20) 22 ივლისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.20წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ი-მა 03.01.19წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.19წ. გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 19.10.05წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში 4 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 19.10.09წ. გაფორმდა „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. გ. ი-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 19.10.11წ. გაფორმდა კონტრაქტი - „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.“

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 26.09.2007წ. მიღებულ №560 ბრძანებაზე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს (2009 წლის 1 მარტს ან პირველი მარტის შემდეგ) გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 - წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა აღნიშნული ბრძანების 472 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ი-ს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შედეგად წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. N560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე ხელშეკრულების გაფორმებით, პირი შრომით ურთიერთობაში რჩებოდა დამსაქმებელთან, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საბოლოოდ მისაღებ ერთჯერად დახმარებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შედეგად გადაწყვიტა ერთჯერადი დახმარების მოთხოვნა, რის გამოც მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისთვის მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება.

19.10.11წ. კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების გაუთვალისწინებლობის შესახებ აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.17წ. N14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. N560 ბრძანებაში და მას დაემატა 476 პუნქტი, რომლის მიხედვით: 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობის, გათვალისწინება მხოლოდ 07.03.17წ. განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.17წ. განჩინებაზე საქმეზე Nბს-698-691(კ-16), რომლის მიხედევითაც საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: 1) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე, და 2) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 07.03.17წ. ცვლილება ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ხოლო სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პოზიციით სურს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.17წ. N14 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, რომელიც აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, გაავრცელოს 19.10.11წ. წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე, რაც სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.20წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი მიიჩნევს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. N560 ბრძანების 471 პუნქტი, რომლის თანახმად იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულება დადგეს აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: კონტრაქტის დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე კვლავ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი 4 - წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, გარდა ამისა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისიწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების ვალდებულებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული არც ერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული უნდა შეფასებულიყო სასამართლოების მიერ, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის დავალება.

საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ 19.10.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ი-ს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) 4 წლის ვადით. 19.10.09წ. ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა მხარეებს შორის, ხოლო 19.10.11წ. მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა 4 წლიანი კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გ. ი-ს 19.10.11წ. კონტრაქტის მოქმედების დასრულების შედეგად წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მხარეთა შორის 19.10.05 და 19.10.11წ. გაფორმებული კონტრაქტები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.17წ. №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანებაში და დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის გათვალისწინება მხოლოდ 07.03.17წ. განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, 07.03.17წ. ცვლილება ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ხოლო სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი. ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.20წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე