საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-333(კს-20) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ლ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ვ-მა 2019 წლის 17 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 20 მაისის №MES91900598738 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის შპს „...ის“ მიერ ლ. ვ-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ვ-მა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით ლ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ლ. ვ-ის წარმომადგენელს - მ. ზ-ეს ჩაბარდა 2019 წლის 2 დეკემბერს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 3 დეკემბერს და დასრულდა 2019 წლის 16 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 2019 წლის 20 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ვ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ზ-ეს 2019 წლის 2 დეკემბერს არ ჩაბარებია და საფოსტო გზავნილს, მის ნაცვლად, სხვა პირი აწერს ხელს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი, მ. ზ-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფოსტო უკუგზავნილთან შედარება დასახელებულ გარემოებას დაადასტურებს. გარდა ამისა, მ. ზ-ე, საადვოკატო საქმიანობასთან ერთად, დასაქმებულია ა(ა)იპ „...ში“, სადაც იმყოფებოდა 2019 წლის 2 დეკემბერს, სამუშაო საათებში, რაც ადასტურებს ადვოკატის მიერ საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართზე ჩაბარების შეუძლებლობას.
კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 26 თებერვლის წერილი, რომლის თანახმადაც, ვინაიდან ბიუროს არ აქვს გაფორმებული „საქართველოს ფოსტასთან“ ექსპერტიზისთვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემებისა და კვლევისთვის საჭირო ნიმუშების მიღების შესახებ შეთანხმება, ხელმოწერის ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების ვადის დენის დაწყებისთვის პროცესის მონაწილე პირს, ერთი მხრივ, კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს სასამართლოს აქტი, მეორე მხრივ კი, დეტალურად უნდა განემარტოს გასაჩივრების წესი და ვადა. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე მხარის სათანადოდ ინფორმირება სადავოდ არ არის ქცეული, თუმცა შესასწავლია გზავნილის მოსარჩელის წარმომადგენლისთვის ჩაბარების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებიდან გამომდინარე კი, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების ერთ-ერთი ფორმა გზავნილის ადრესატისთვის ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარებაა. ამასთან, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა ლ. ვ-ის წარმომადგენელს - მ. ზ-ეს (რომელსაც მოსარჩელის მიერ მინიჭებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება) სარჩელში მითითებულ მისამართზე - ბათუმი, ...ის ქ. №8, ბინა №1. საფოსტო უკუგზავნილში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მ. ზ-ემ პირადად ჩაიბარა გზავნილი 2019 წლის 2 დეკემბერს. უკუგზავნილში ფიქსირდება მ. ზ-ის პირადი ნომერი - ... და დატანილია ხელმოწერა - „ზ-ე“. საკასაციო სასამართლო, გზავნილის მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნის, საფოსტო გზავნილზე მ. ზ-ის სახელით ხელმოწერისა და რაც მთავარია, მისი პირადი ნომრის დაფიქსირების (სასამართლოს გზავნილებში მ. ზ-ის პირადი ნომერი მითითებული არ არის) მხედველობაში მიღებით, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზავნილი მ. ზ-ეს ჩაბარდა. საწინააღმდეგოს - ფოსტის კურიერის ბრალეულობის ან ადრესატის ნაცვლად სხვა პირის მიერ ხელმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 2 დეკემბერს, კანონით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 3 დეკემბერს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, დასრულდა 16 დეკემბერს (ორშაბათს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გაგზავნილია 2019 წლის 20 დეკემბერს, გასაჩივრების ვადის დარღვევით. მოცემული ვითარება ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე