Facebook Twitter

№ბს-505(2კ-20) 23 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში 18.03.2021წ. N335 კანონით შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლებისა და მეცნიერების სფეროში გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ხ-ემ 21.03.2019წ. სარჩელით მიმართა ონის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, იმავე საჯარო დაწესებულებაში უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 04.11.2015წ. N02-43 ბრძანებით, იგი დაინიშნა ამავე დაწესებულების უფროსი სპეციალისტის (...ის) თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017წ. N61 ბრძანებით, დამტკიცდა ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, რომლითაც ხდებოდა ...ი დახმარების ფუნქციის განსახორციელებლად გათვალისწინებული საშტატო ერთეულების ოდენობის შემცირება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანებით, შტატების შემცირების მოტივით, ქ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 9 თებერვლიდან. ონის მაგისტრატი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.07.2017წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017წ. N61 ბრძანება, ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანებით, დამტკიცდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მათ შორის ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, რომელიც ითვალისწინებდა იმავე საშტატო ერთეულებს, რაც მოცემული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017წ. N61 ბრძანებაში. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 21.02.2019წ. N13065 წერილის მიხედვით, სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანების გამოცემით, რომელიც წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ქ. ხ-ის მოსაზრებით, მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რადგან შტატების შემცირების შემთხვევაშიც კი ქალი მოხელის უფლებები და ბავშვის ინტერესები დაცულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. გათავისუფლებისას იგი იყო 23 კვირის ორსული და სამ წლამდე ბავშვის მშობელი. შესაბამისად, იგი ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მითითებული კანონის 118-ე მუხლის თანახმად.

ონის მაგისტრატი სასამართლოს 24.07.2019წ. გადაწყვეტილებით ქ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანება, დაევალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ხ-ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, იმავე საჯარო დაწესებულებაში უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 04.11.2015წ. N02-43 ბრძანებით ქ. ხ-ე დაინიშნა ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის - ...ის თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017წ. N61 ბრძანებით განისაზღვრა ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, კერძოდ რესურსცენტრის 1 (ერთი) უფროსისა და 4 (ოთხი) სპეციალისტის თანამდებობა. „სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 26.12.2016წ. N1531962 მოხსენებითი ბარათის თანახმად, განხორციელდა რესურსცენტრების რეორგანიზაცია ტერიტორიულობის პრინციპის დაცვით და 52 ...ის ნაცვლად ...ი დახმარების უზრუნველსაყოფად გამოიყო 22 ...ი. ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანებით, შტატების შემცირების გამო ქ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 09 თებერვლიდან და კომპენსაციის სახით მიეცა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. ამავე ორგანოს 03.02.2017წ. N02-04 ბრძანების მიხედვით, მოსარჩელეს მიეცა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 2017 წლის 02 თებერვლიდან იმავე წლის 09 თებერვლამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანებით დამტკიცდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მათ შორის ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, რომელიც ითვალისწინებდა რესურსცენტრის 1 (ერთი) უფროსისა და 4 (ოთხი) სპეციალისტის თანამდებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ რესურსცენტრმა არ შეისწავა და არ იმსჯელა მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში მყოფი მოხელის - ქ. ხ-ის მდგომარეობის შესახებ, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის გამოც ამ კანონის 118-ე მუხლის საფუძველზე სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.

ონის მაგისტრატი სასამართლოს 24.07.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2019წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ონის მაგისტრატი სასამართლოს 24.07.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი აღდგენილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, მოპასუხეს დაევალა ქ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციისა და საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. ქ. ხ-ის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.01.2018წ. N60 ბრძანებით დამტკიცდა არამხოლოდ ონის, არამედ ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი. მისი მიღება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე საჯარო მოხელეთა რანგირებისა თუ სხვა სახის ურთიერთობების ახლებურად დარეგულირების აუცილებლობამ გამოიწვია, შესაბამისად მისი ბათილად ცნობა უსაფუძვლოა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია ორსული ქალისა და სამწლამდე ბავშვის დედის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, რეორგანიზაციის შემთხვევაშიც კი, რაც მოცემულ შემთხვავაში არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანება ბათილადაა ცნობილი ონის მაგისტრატი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.07.2017წ. გადაწყვეტილებით, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ქ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ონის მაგისტრატი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.07.2017წ. გადაწყვეტილება აღსრულებულია. მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ის ფაქტი, რომ არსებობდა ქ. ხ-ის დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, რადგან შტატების შემცირების შემდგომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების სამსახურებრივი აღწერილობები არ ითვალისწინებენ ...ის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს. რესურსცენტრის თანამშრომელი, რომელიც ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის ...ის ფუნქციების (...ი დახმარების) განხორციელებას უზრუნველყოფს, არის ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ის თანამშრომელი, რომელსაც განსაზღვრავს ამ უკანასკნელი დაწესებულების უფროსი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულების სისტემაში როგორც იმავე, ასევე ტოლფასი თანამდებობის შტატების არ არსებობის გამო ვერ მოხდება ქ. ხ-ის აღდგენა, შესაბამისად ვერ მოხდება განაცდურის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.07.2021წ. განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არიან დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2019წ. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საჯარო-სამართლებრივ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება საჯარო-სამართლებრივ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის თანახმად, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო. ამავე კანონის 103.1 მუხლის მიხედვით, რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შტატების შემცირების მოტივით, ქ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 09.01.2017წ. N02-02 ბრძანების გამოცემის დროს მოსარჩელე იყო 23 კვირის ფეხმძიმე და 2 მცირეწლოვანი შვილის დედა, მათ შორის, ერთი - 3 წლამდე ასაკის.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია მოსარჩელის შრომითი უფლებების აღდგენა. ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს არა არჩევანის თავისუფლება, არამედ ეკისრება ვალდებულება დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, კერძოდ, იმავე დაწესებულების სისტემაში, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს მთლიანი საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.2006წ. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულებით განსაზღვრულია ის რესურსცენტრები, რომლებიც ასრულებენ ამავე დებულების 2.3 მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივი დახმარების ფუნქციებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა განაპიროებებს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.5 მუხლის თანახმად, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელის მთლიანი საჯარო სამსახურის სისტემაში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, მოპასუხეს ეკისრება ქ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.12.2019წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე