ბს-186(კ-21) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. რ-მა 18.06.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხისთვის ბ. რ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ასაღები თანხის - 2138,26 ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. გადაწყვეტილებით ბ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ასაღები თანხის - 2138.26 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან უნდა მოიხსნას, როდესაც მის მიმართ დაწყებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურები (გარდა პირადი სურვილით ან პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურის შეწყვეტის მოთხოვნის) ან როდესაც ის არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნის თარიღიდან. ამასთანავე, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 12.11.2019წ. წერილზე, რომლის თანახმად კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ბ. რ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს შეჩერებული არ ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, მას ჰქონდა უფლება მიეღო აღნიშნული თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო ორი თვის ვადით 2018 წლის 02 სექტემბრამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტრს თავდაცვის ძალების ...ო ბრიგადის 14.11.2019წ. ცნობაზე, რომლის თანახმად ბ. რ-ი ფულადი კმაყოფიდან რომ არ მოხსნილიყო 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 02 სექტემბრამდე ჩაერიცხებოდა ხელზე ასაღები თანხა 2138.26 ლარის ოდენობით, შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2018 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით მოსარჩელეს მიღებული აქვს ანაზღაურება 805.17 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 17 ივლისიდან იგი მოხსნილი იქნა ფულადი კმაყოფიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017წ. N54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო. ამავე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება (წოდებრივი ან/და თანამდებობრივი სარგო) არაუმეტეს ორი თვისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 29.06.2018წ. ბრძანებით ბ. რ-ი 2018 წლის 02 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკრგულებაში, ამავე თარიღიდან დაეკისრა ...ის მოვალეობის შესრულება. საკასაციო პალატა უთითებს „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან უნდა მოიხსნას, როდესაც მის მიმართ დაწყებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურები (გარდა პირადი სურვილით ან პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურის შეწყვეტის მოთხოვნისა) ან როდესაც ის არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნის თარიღიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 12.11.2019წ. ცნობის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში (02.07.2018წ.-04.10.2018წ.) ბ. რ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული არ ჰქონია. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბ. რ-ს არ ჰქონდა უფლება აეღო თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 17 ივლისიდან, ვინაიდან იგი სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2018 წლის 17 ივლისიდან მოიხსნა სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულლ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის საფუძველი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა („საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-18 მუხლის მე-3 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტი), თავის მხრივ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება არის სამხედრო მოსამსახურის სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნის საფუძველი („საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მართალია ...ო ბრიგადის მეთაურის 17.07.2018წ. ბრძანებით ბ. რ-ი მოიხსნა სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან, თუმცა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, მეტიც, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 04 ოქტომბრამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული არ ჰქონია. ამდენად, არსებობს სასარჩელო მოხოვნის დაკმაყოფილების, შრომითი ანაზღაურების კასატორისათვის დაკისრების საფუძველი. ამასთანავე პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ უთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებსა თუ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე. შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომლის თანახმად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბ. რ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ასანაზღაურებელი თანხა 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 02 სექტემბრამდე, 2138.26 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე