№ბს-880(კ-20) 22 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-მა 18.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018წ. N MOD ... ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
ა. გ-მა აღნიშნა, რომ მსახურობდა სამხედრო სამსახურში თავდაცვის სამინისტროსთან 2010 და 2014 წელს, ოთხ-ოთხი წლის ვადით, გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე. მოსარჩელემ მიუთითა იმაზე, რომ გააჩნია სამხედრო სამსახურში მუშაობის 20 წლიანი სტაჟი, მიღებული აქვს მადლობის სიგელი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და მუშაობაში მიღებული წარმატებებისთვის, მედლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული არაერთი სერთიფიკატი. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ა. გ-ის განმარტებით, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალებას თანმიმდევრობით სამი დღის განმავლობაში 2018 წლის 2, 3 და 4 მარტს. ამავე წლის 5 მარტს 12:00 საათზე დაითხოვეს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისგან და საღამოს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მოგვიანებით, მოხდაა მისი სამსახურში გამოძახება და 6 მარტს, 07:57 სთ-ზე შემოწმდა სიმთვრალეზე. მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 0.814% პრომილე. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.08.2017წ. ბრძანებით დადგენილ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის ზღვარს შეადგენდა 0.5 პრომილე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო საქართველოს მთავრობის 17.03.2016წ. №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44.1 მუხლის საფუძველზე. ა. გ-ს მიაჩნია, რომ მისთვის კონტრაქტის შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა, რადგან მითითებული მუხლი, სამსახურიდან დათხოვნის გარდა, ასევე ითვალისწინებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომების გამოყენების შესაძლებლობასაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018წ. N MOD ... ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ შეაფასა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშნვნელობის გარემოება, კერძოდ, ის, რომ ა. გ-მა სასმელი მიიღო დათხოვნის პერიოდში. არაა დასაბუთებული ნაკლებად მძიმე ზომის გამოყენება რატომ ვერ მიაღწევდა პასუხისგებაში მიცემის მიზანს, მითუმეტეს, როდესაც მოსამსახურე ხასიათდება დადებითად, მიღებული აქვს მადლობის სიგელი, მედლები უმწიკლო სამსახურისთვის და არაერთი სერთიფიკატი. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება შეერჩია დისციპლინურ პასუხისმგებლობის სხვა ზომები. საკითხის ხელახლა შესწავლისას სახდელი უნდა გამოიყენოს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა დაცვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ა. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების თაობაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ა. გ-ის მითითებით, იგი მუშაობდა 2, 3, 4 მარტს და თანმიმდევრობით სამდღიანი მუშაობისა და სამსახურიდან წასვლის შემდგომ 5 მარტს, იმ ვარაუდით რომ, წინასწარ დადგენილი განრიგის თანახმად, 6 მარტს აღარ უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში, მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მიუხედავად წინასწარ გაწერილი სამსახურებრივი განრიგისა, სამსახურიდან ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, საჭირო გახდა მისი სამსახურში დაუგეგმავი გამოცხადება. სადავო ბრძანება მიღებულია აღნიშნული გარემოების გათვალისწინების გარეშე, რის გამოც აქტის ხელახლა გამოცემისას იგი უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ა. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ დგინდება სამსახურში ა. გ-ის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია. მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან დათხოვნის გარდა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44.1 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რომელიმე სხვა ზომა ვერ იქნებოდა გამოყენებული, რადგან ისინი ამავე წესდების მე-13 მუხლიდან გამომდინარე გამოიყენება მხოლოდ „სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირისა“ და „იუნკერის“ მიმართ, ხოლო ა. გ-ი იყო საკონტრაქტო მოსამსახურე. შესაბამისად, მის მიმართ მოქმედ პასუხისმგებლობის ერთადერთ ზომას წარმოადგენდა სამსახურიდან დათხოვნა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არ გამოკვლევის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არც სადავო ბრძანების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას და არც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას არ მიუთითებია, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 3 დღის განმავლობაში თანმიმდევრულად და ალკოჰოლური სასმელი მიიღო დათხოვნის პერიოდში, ხოლო სამსახურში კი მისი გამოძახება მოხდა ხელმძღვანელობის მიერ სატელეფონო ზარის საფუძვლზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 17.03.2016წ. №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“ და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების დაკისრებას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო საკითხია ა. გ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამსახურიდან გათავისუფლების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სასამართლოებში სამართალწარმოებისას არ უთითებდა 3 დღის თანმიმდევრობით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ალკოჰოლური სასმელის დათხოვნის ისეთ პერიოდში მიღების თაობაზე, როდესაც მომდევნო კიდევ 2 დღე არ უწევდა სამსახურში დაბრუნება. აღნიშნულის თაობაზე ა. გ-ის მიერ მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (ს.ფ. 6). ამასთან, მოპასუხე ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას მისი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო განრიგის, დათხოვნის პერიოდის ხანგრძლივობისა და ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურის დაუგეგმავი გამოძახების თაობაზე, რაც გამორიცხავს მოსამსახურის მხრიდან აღნიშნულ გარემოებებზე მითითების საჭიროებას დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელემ ალკოჰოლური სასმელი მიიღო დათხოვნის პერიოდში, რა დროსაც დაუგეგმავად იქნა გამოძახებეული ხელმძღვანელობის მიერ. სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში მოქმედი საქართველოს მთავრობის 17.03.2016წ. №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 11.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018წ. N MOD ... ბრძანების მიღების შემდგომ, საქართველოს მთვრობის 08.06.2018წ. N324 დადგენილებით სადისციპლინო წესდების 11.2 მუხლს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფროსის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის სადისციპლინო წესდებაში დამატებით გათვალისწინება არათუ გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის მიერ დათხოვნის პერიოდში ალკოჰოლის მიღებისა და ასეთ დროს ხელმძღვაენლობის მიერ მისი დაუგეგმავი გამოძახების როგორც გარემოებების მნიშვნელობას სადისციპლინო წესდების 11.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისთვისთვის, არამედ მიუთითებს მართლზომიერების პირობების სავსებით დაკმაყოფილებაზე, მათი არსებობის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოსაკვლევ და გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს ა. გ-ის მიერ ალკოჰოლის მიღება დათხოვნის პერიოდში და მისი დაუგეგმავი გამოძახება ხელმძღვანელობის მიერ სადისციპლინო წესდების 44.1 მუხლისა და 11.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებისთვის.
კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე