Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ზ-297-6(გან-21) 5 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-297-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ზ-95-3(გან-21)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 ივნისს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „...“-ის, მესამე პირების - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ორგანიზაციის მიმართ. მოსარჩელემ მორალური ზიანის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო დანარჩენი თითოეული მოპასუხისთვის - 1 (ერთი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის 2020 წლის 8 ოქტომბრის შუადგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

2021 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების, რომლითაც განუხილველი დარჩა გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, განმარტება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.

2021 წლის 18 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების, რომლითაც განუხილველი დარჩა გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტებაზე, განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ არ იკვეთებოდა თუ რისთვის ეთქვა უარი განცხადების განხილვაზე. ასევე მოითხოვა საქმის განხილვისაგან მოსამართლეების: ა. წულაძის, მ. ვაჩაძისა და ნ. ქადაგიძის აცილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-297-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.

განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს და არ მიუღია გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.

რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას მოსამართლეების: ალექსანდრე წულაძის, მაია ვაჩაძისა და ნინო ქადაგიძის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. განმცხადებელი კი, ვერ ადასტურებს რომელიმე მათგანის არსებობას. მის მიერ ვერ იქნა მითითებული ასევე ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლეების მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 18 ივნისის №ზ-297-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე, განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. 2021 წლის 18 ივნისის №ზ-297-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე