Facebook Twitter

საქმე #ბს-1228(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 30 იანვარს გ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ თავდაპირველად მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მისთვის მიყენებული ზიანის, 2014 წლის 22 მაისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 13 529 ლარის, ხოლო საბოლოოდ, მოთხოვნის შემცირების შედეგად, 2016-2017 წლის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 3 344 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, კერძოდ, 2016-2017 წლების მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 3 344 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 18.4., საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208.1, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე და მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა დანაწესის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედება ან/და უმოქმედობა) გამოწვეული ზიანი. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუციელებელი ელემენტია. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის ქმედების (მოქმედება ან/და უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა ეკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ამ ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი; ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) არამართლზომიერება; ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება (წელთა ნამსაურობის არასწორი გამოანგარიშება), რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების (კომპენსაციის დანიშვნა) შეზღუდვა და მატერიალური ზიანი, სახელდობრ: აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მოსარჩელეს შეეზღუდა სადავო პერიოდში (01.07.2016წ-დან 01.11.2017წ-მდე) კომპენსაციის მიღების უფლება, რაც წარმოადგენს ზიანის გამოწვევის ძირითად ფაქტობრივ გარემოებას. ამრიგად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედებასა და მოსარჩელე გ. ხ-ას დამდგარ შედეგს (კომპენსაციის არ დანიშვნა და არ მიღება) შორის. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 07.11.2017 წლიდან, გ. ხ-ას დანიშნული აქვს წელთა ნამსახურების გამო კომპენსაცია - 304 ლარი, ხოლო მისი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა (სახ. პენსიის ოდენობის, ნამსახურობის სტაჟისა (20 წელი) და წოდების კოეფიციენტის (10 ლარის) გათვალისწინებით) 01.07.2016 წლიდან შეადგენს - 304 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 23.05.2013 წლის #315919 წერილით მოსარჩელეს 22.05.2014 წლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით მისი 01.01.1992-12.11.2004 წლებში და 24.05.2006-17.04.2011 წლებში საერთო ნამსახურება შეადგენდა 20 წელზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 23.05.2013 წლის #315919 წერილი გ. ხ-ას სადავოდ არ გაუხდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.10.2014 წლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს დავალდებულებას წელთა ნამსახურობის დაანგარიშებას და სოციალურ სააგენტოში მასალების გადაგზავნას პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით. ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 15.07.2016 წლის #649228 წერილით მოსარჩელეს 23.05.2016 წლის #566125 განცხადებაზე ეცნობა, რომ დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით მისი საერთო ნამსახურება შეადგენდა 20 წელზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.04.2017 წლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის მიმართ 24.06.1992 წლიდან 27.09.1993 წლამდე ნამსახურობის ერთი დღის ორ დღედ ჩათვლა; მოსარჩელემ 18.09.2017 წელს განმეორებით მიმართა თავდაცვის სამინიტროს და მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების გადაგზავნა, რაც 12.10.2017 წლის #983177 წერილით დაკმაყოფილდა კიდეც.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-208-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე,1005-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი შეიცავს პირდაპირ დათქმას მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის თაობაზე. ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ ქმედების ბრალეულობის პირობებში. ვინაიდან, დელიქტურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ბრალეულობის განმსაზღვრელი განმარტება წარმოდგენილი არ არის, გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ადგენს როგორც ბრალეული, ისე გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. შესაბამისად, ბრალეულად მოქმედებს ის, ვინც განზრახ ან შეგნებულად, საკუთარი ნებით ან გაუფრთხილებლობით ლახავს კანონით დაცულ ფასეულობებს.

კასატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტები და გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის, 2016-2017 წლის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 3 344 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.„ა“ მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის 16.4 მუხლით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 15.07.2016 წლის №MOD 2 16 00649228 წერილის მიხედვით, გ. ხ-ას წელთა ნამსახურება შეადგენს 19 წელს, 3 თვეს, 20 დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ხ-ას უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნაზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე მითითებით. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის (საქმე №3/8057-16) გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელე გ. ხ-ას წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება მოხდა არასწორად (არ მომხდარა შეღავათიანი პერიოდის - 1992 წლის 24 ივნისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ერთი დღის ორ დღედ ჩათვლა).

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 15.07.2016 წლის №MOD 2 16 00649228 წერილით, აგრეთვე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის (საქმე №3/8057-16) გადაწყვეტილებით - დასტურდება, რომ გ. ხ-ას წელთა ნამსახურობის გამოანგარიშებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება (წელთა ნამსაურობის არასწორი გამოანგარიშება), რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების (კომპენსაციის დანიშვნა) შეზღუდვა და მატერიალური ზიანი, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მოსარჩელეს შეეზღუდა სადავო პერიოდში (01.07.2016წ-დან 01.11.2017წ-მდე) კომპენსაციის მიღების უფლება, რაც წარმოადგენს ზიანის გამოწვევის ძირითად ფაქტობრივ გარემოებას. ამრიგად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქმედებასა და მოსარჩელე გ. ხ-ასთვის დამდგარ შედეგს (კომპენსაციის არ დანიშვნა და არ მიღება) შორის.

საქართველოს კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე