საქმე #ბს-1035(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 19 მარტს მ. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟზე უარის თქმის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 თებერვლის #934/13 აქტის ბათილად ცნობა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟის დავალება და მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ჯარიმის 10 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა. მოსარჩელე მ. ღ-მა ასევე მოითხოვა მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მის მიერ გადახდილი სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) 3000 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2018 წლის 25 დეკემბერს ...ში, ...ის ქუჩაზე N... განათების ბოძზე განთავსდა საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“. აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 12 თებერვალს მოსარჩელის დედამ, ა. ღ-მა და სხვებმა მიმართეს განცხადებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი კითხვით, თუ ვის მიერ და რა საფუძველზე იქნა განთავსებული ზემოაღნიშნული ნიშანი. როგორც მერიის 2019 წლის 25 თებერვლის #934/13 წერილიდან ირკვევა, სადავო ამკრძალავი ნიშანი განთავსდა მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე. წერილში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება ადგილზე დათვალიერების შედეგად მიიღო სამუშაო ჯგუფმა. აღსანიშნავია, რომ წერილში არ არის მითითებული არც ოქმის ნომერი, არც თარიღი, არც ჯგუფის შემადგენლობა. 2019 წლის 6 მარტს ა. ღ-მა განმეორებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, სადაც ითხოვდა კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მითითებას სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს, ამა წლის 6 მარტს ანალოგიური შინაარსის განცხადება გაგზავნილი იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს 2019 წლის 12 მარტის #52/14 წერილიდან ირკვევა, რომ მათ არ მიუღიათ რაიმე სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მოაწესრიგებდა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 13 მარტის #1202/03 წერილში აგრეთვე არ არის მითითებული რაიმე სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ამკრძალავი საგზაო ნიშნის განთავსებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი უკანონოა. ამავე დროს მოსარჩელეს 2019 წლის 9 თებერვალს გამოეწერა საჯარიმო ქვითარი #ენ071327 „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის დაუცველობის გამო. ვინაიდან მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ საგზაო ნიშანს, შესაბამისად, ასევე უკანონოდ მიიჩნევს ჯარიმასაც.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 თებერვლის #934/13 აქტი ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟზე უარის თქმის შესახებ; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი; მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ჯარიმის 10 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, ასევე მოპასუხეს დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) 700 ლარის გადახდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მ. ღ-ს უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის მერიისთვის 10 ლარის დაკისრების თაობაზე; ასევე გაუქმდა ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ღ-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ჯარიმის 10 ლარის ანაზღაურება; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ღ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ. ღ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარის ანაზღაურება მ. ღ-ის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ პირველ ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში განსახილველი დავის საგანი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ჯარიმის 10 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის და მ. ღ-ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მხოლოდ 700 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შეფასება. პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 თებერვლის #934/13 აქტის კანონიერების შეფასება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქ. ...ში, ...ის ქუჩაზე #5-თან მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟის დავალება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ მსჯელობა იქონია მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 10 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების კანონშესაბამისობასა და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის მაქსიმალური ოდენობით ანაზღაურების შესაძლებლობაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ღ-ისთვის ზიანის მიყენება გამოწვეულია მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის უკანონო ქმედებით, რის გამოც არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მ. ღ-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ჯარიმის 10 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება მოთხოვნას მ. ღ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვდა კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება იურიდიული მომსახურებისთვის 3000 ლარის გადახდა. პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, ხარჯების ანაზღაურების დაკისრებისას ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტის მხედველობაში მიღებით, დავის საგანისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ღ-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) გადახდა 1000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშანი განთავსებულია უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 თებერვლის #934/13 აქტი ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟზე უარის თქმის შესახებ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ...ში, ...ის ქუჩაზე N... მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი, შესულია კანონიერ ძალაში, შესაბაისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის 10 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების კანონშესაბამისობა და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, კერძოდ, მითითებული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 9 თებერვალს მ. ღ-ი დაჯარიმდა ,,გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშნის მოთხოვნის დაუცველობისთვის 10 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ გადახდილი იქნა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული საგზაო ნიშნის განთავსება სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა უკანონოდ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქ. ...ში, ...ის ქუჩაზე #5-თან მდებარე „გაჩერება აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი, ვინაიდან მის განთავსებას არ გააჩნდა რაიმე სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, მართებულად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებით, კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კანონშეუსაბამოდ საგზაო ნიშნის განთავსების შედეგად, მ. ღ-ს მიადგა მატერიალური ზიანი 10 ლარის ოდენობით, რის გამოც არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მ. ღ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის (ადვოკატის მომსახურების) დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის თაობაზე წარმოადგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკასაციო პრეტენზიებს, თუმცა საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის - მ. ღ-ისთვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მის წარმომადგენლობას ახორციელებდა სასამართლოში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერით ირკვევა, რომ შპს „სარაჯიშვილის იურიდიულ ოფისს“ მ. ღ-მა 2019 წლის 16 მარტს იურიდიული მომსახურებისთვის გადაუხადა 3000 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ღ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე