საქმე #ბს-1227(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 2 დეკემბერს თ. მ-ემ, მ. ქ-ემ, ბ. ქ-ემ და ლ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2830 ბრძანების, 2014 წლის 5 დეკემბრის #2831 ბრძანების, 2014 წლის 5 დეკემბრის #2832 ბრძანებისა და 2014 წლის 5 დეკემბრის #2833 ბრძანების, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 3 დეკემბრის #140 ცნობისა და 2014 წლის 6 ოქტომბრის #66 ცნობის, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1067 წერილისა და 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1079 წერილის ბათილად ცნობა და თ. მ-ისათვის, მ. ქ-ისათვის, ბ. ქ-ისა და ლ. ქ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა და მოპასუხისთვის 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემის დავალება მოითხოვეს.
სარჩელის თანახმად, თ. მ-ე ... წელს დაიბადა ახალგორის რაიონში, დადიოდა ...ის ... საბავშვო ბაღში, ... წელს დაამთავრა ...ის ... საშუალო სკოლა, 2004 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, 2002 წელს დაქორწინდა და ოჯახთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხოვრობდა ახალგორში, ...ის ქ.N...-ში მდებარე კერძო სახლში. სარჩელის თანახმად, ახალგორის ოკუპირების შემდეგ, თ. მ-ესა და მის შვილებს მიენიჭათ დევნილის სტატუსი, დევნილის სარეგისტრაციო ნომერი და სამინისტრომ მისი ოჯახი ჩაასახლა სოფ. წეროვნის დევნილთა დასახლებაში. სადავო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამინისტროში გაგზავნილი წერილები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელეები არ იყვნენ ახალგორის რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი პირები. აღნიშნული წერილების საფუძველი გახდა ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მედიკო ჩოხელის ცნობები. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება მისი ოჯახის მიმართ არაკეთილმოსურნედ არის განწყობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის, მ. ქ-ის, ბ. ქ-ისა და ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2830 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2831 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2832 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2833 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 3 დეკემბრის #140 ცნობა; ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2014 წლის 6 ოქტომბრის #66 ცნობა; ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1067 წერილი; ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1079 წერილი; თ. მ-ეს, მ. ქ-ეს, ბ. ქ-ესა და ლ. ქ-ეს აღუდგათ დევნილის სტატუსი; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი (რომლითაც მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა დაევალა) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქმეზე დადგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, სამინისტროს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, ეჭვი შეეტანა ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობებთან დაკავშირებით. სამინისტრომ მართებული და კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებებს, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორში, ის წინააღმდეგობაში მოდის თავად თ. მ-ის მიერ დაფიქსირებულ განმარტებებთან.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ საქმეში ყველა დეტალი შეისწავლა და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც დარწმუნდა, რომ ახალგორი არ წარმოადგენდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელს ომამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. ამასთან, მოთხოვნილია ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2013 წლის 3 დეკემბრის #140 და ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2014 წლის 6 ოქტომბრის #66 ცნობების, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1067 და 2014 წლის 21 ოქტომბრის #2-1079 წერილების ბათილად ცნობა, მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა და 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი, კერძოდ, დაადასტურეს, რომ 2008 წლის კონფლიქტამდე თამარ მილაძე, თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში, ...ის ქ.N...-ში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ, გასაჩივრებულ ცნობებთან/წერილებთან დაკავშირებით მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მოხდა სადავო საკითხის ხელახლა განხილვა, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ამჟამინდელი რწმუნებულის მიერ, რა დროსაც გამოვლინდა ახალი ფაქტები. შესაბამისად, დაადასტურეს, რომ მოპასუხეთა მიერ გაცემული ცნობები არასწორია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დაბა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობები ურთიერთგამომრიცხავია, ასევე - ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2016 წლის 30 მარტს სანოტარო წესით დაადასტურეს ნ. ს-ემ, ნ. დ-მა, რ. თ-მა და პ. ბ-მა.
დასახელებული გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის #2830, #2831, #2832, #2833 ბრძანებები გამოცემულია სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. აღნიშნული ბრძანებების გამოცემისას არ არის შეფასებული ის გარემოება, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა იმ ცნობებს, რომლებიც არ ადასტურებდნენ თ. მ-ისა და მისი შვილების სადავო ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს და არა იმას, რომლითაც საპირისპირო გარემოება დასტურდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეებს - თ. მ-ეს, მ. ქ-ეს, ბ. ქ-ესა და ლ. ქ-ეს მართებულად აღუდგათ დევნილის სტატუსი და მოპასუხეს მართებულად დაევალა 2014 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე