#ბს-215(გ-21) 22 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - გ. მ-ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველო
მესამე პირი - ნ. ჭ-ი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 4 მარტს გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს მიმართ და მესამე პირის - ნ. ჭ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ 2021 წლის 2 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს მიერ გ. მ-ის მიმართ გაცემული #000196 შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით გ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - ბაღდათის რაიონული სამმართველოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.2 მუხლზე, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბაღდათის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, 2021 წლის 2 მარტს გ. მ-ის მიმართ გაცემულ იქნა #000196 შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელემ მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა წყალტუბოს რაიონი, სოფ. ..., ... ...ის დასახლება, თუმცა სარჩელს არ ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლოს მითითებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან დასტურდება, რომ ნ. ჭ-ის (პ/ნ ...) რეგისტრაციის მისამართია ..., სოფ. ... ...ი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 26-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ გ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე - ბაღდათის რაიონული სამმართველოს მიმართ, მესამე პირის - ნ. ჭ-ის მონაწილეობით, განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინებით გ. მ-ის სარჩელი, შსს ბაღდათის რაიონული სამმართველოსა და ნ. ჭ-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.2 მუხლზე, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მსხვერპლის - ნ. ჭ-ის მისამართად სარჩელში მითითებული იყო წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ..., ... ...ის დასახლება, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის სამტრედიის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სარჩელს არ ერთვოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან დასტურდებოდა, რომ ნ. ჭ-ის მისამართი იყო ვანი, სოფ. ... ...ი.
სასამართლომ არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ჭ-ის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო განსჯადობის საკითხი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20.1 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მსხვერპლის მისამართად გარკვევით იყო მითითებული წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ..., ... ...ის დასახლება, რომლის უარმყოფელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს არ მოუპოვებია. სასამართლოს განმარტებით, კანონის მიხედვით, მოსარჩელეს არ მოეთხოვება წარადგინოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასეთად კი ვერ მიიჩნევა პირის რეგისტრაციის მისამართი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს განმარტებით, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის გადაგზავნამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, რეალურად ცხოვრობდა თუ არა სარჩელში მითითებულ მისამართზე მსხვერპლი ნ. ჭ-ი, რომლის უპირატესი უფლებაცაა, საქმე განხილულ იქნეს მისი საცხოვრებელი (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) ადგილის მიხედვით და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
გარდა აღნიშნულისა, სამტრედიის რაიონული სასამართლო მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მსხვერპლს - ნ. ჭ-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ნამდვილად ცხოვრობდა წყალტუბოს რაიონში, სოფ. ...ში, ... ...ის დასახლებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია 2021 წლის 2 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს მიერ გ. მ-ის მიმართ გაცემული #000196 შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.2 მუხლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილის დეფინიციის დადგენა.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ამასთანავე, ჩაწერის სისტემისაგან განსხვავებით, რეგისტრაცია განიხილება არა სანებართვო სისტემად, არამედ რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში („საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებლის არჩევის უფლება არ იზღუდება რეგისტრაციის საჭიროებით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 2114.2 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვის შესაძლებლობას ადგენს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს როგორც რეგისტრაციის ადგილს, ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის კონკრეტულ მონაკვეთში პირი შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ადგილზე, რის გამოც პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა პირის საცხოვრებელი ადგილის უგულებელყოფით, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს. საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი დროებით სარგებლობაშია და მას პირი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად არ ირჩევს. სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს (სსკ-ის 15.2 მუხ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადობის საკითხისათვის გადამწყვეტია პირის საცხოვრებელი ადგილი და არა ადგილსამყოფელი ან რეგისტრაციის ადგილი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2021წ. #ბს-1339(გ-20) განჩინება).
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში ნ. ჭ-ის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა წყალტუბოს რაიონი, სოფ. ..., ... ...ის დასახლება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს თავად ნ. ჭ-მა, სატელეფონო ზარის მეშვეობით, დაუდასტურა, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში, ... ...ის დასახლებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის #3 დადგენილებაზე, რომლის 23.2 მუხლის მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე