Facebook Twitter

საქმე №ბს-1270(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 26 ოქტომბერს ე. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1/2/18 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ... ... ...ის ... ...ის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატად ე. ი-ის წარდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1/2/18 სხდომის ოქმი და მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა საკონკურსო პროცედურების ხელახლა განხორციელება მოსარჩელესთან მიმართებით და კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1/2/18 სხდომის ოქმის მიღების წინაპირობა და საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №11 სხდომის ოქმი ე. ი-ის მიმართ დადგენილი გადაწყვეტილების ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ე. ი-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის №3/2747-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 21 ივნისს გამოცემული იქნა №ბ01.01181729 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა კომისიის წევრები შემდეგი შემადგენლობით: ა) ს. ბ-ე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი); ბ) გ. ჩ-ი - კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი); გ) ი. გ-ა - კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (საქალაქო სამსახურის უფროსი); დ) ზ. ჩ-ე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებელი); ე) გაიოზ ვასაძე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებელი); ვ) კ. გ-ი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებელი); ზ) ვ. გ-ა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 9 ივლისს, ე. ი-ს გასაუბრების შედეგად ინდივიდუალური შეფასებები მისცეს კომისიის წევრებმა: ს. ბ-ემ (25 ქულიდან ჯამში - 10 ქულით), გ. ჩ-მა (25 ქულიდან ჯამში - 12 ქულით), ვ. გ-ამ (25 ქულიდან ჯამში - 11 ქულით), ნ. ჭ-მა (25 ქულიდან ჯამში - 13 ქულით) და ბ. გ-ემ (25 ქულიდან ჯამში - 15 ქულით). შესაბამისად, ე. ი-მა გასაუბრების შედეგად მიიღო მინიმალურ - 3 ქულაზე ნაკლები შეფასება - 2,44 ქულა. ამასთან, 2018 წლის 11 ივლისის სხდომაზე, კომისიამ (შემადგენლობა: კომისიის თავმჯდომარე - ბ. გ-ე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ს. ბ-ე და კომისიის წევრები: გ. ჩ-ი, ი. გ-ა, ზ. ჩ-ე, კ. გ-ი, ვ. გ-ა და ნ. ჭ-ი) რეკომენდაცია არ გაუწია მოსარჩელეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე წარდგენაზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს, კერძოდ, ბათილობის მატერიალურ და ფორმალურ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, აქტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებაზე, მის ინდივიდუალურ შეფასებასა და იმ გადაწყვეტილების მიღებაზე - წარდგენილი უნდა ყოფილიყო თუ არა იგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, კომპეტენტური იყო კომისია, რომელთა შემადგენლობა დაკომპლექტებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №ბ01.01181729 ბრძანებით. ზემოაღნიშნულ პროცედურებში კი მონაწილეობას ღებულობდა პირი (ნ. ჭ-ი - ა(ა)იპ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის (ს/ნ: ...) თავმჯდომარე), რომელიც კომისიის წევრად არ იყო მითითებული მერის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, ამასთან, აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება მას არ ჰქონია მინიჭებული რაიმე სხვა დოკუმენტითაც.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №001.01181729 ბრძანებაში ნ. ჭ-ის არასახვის ფაქტი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო იმავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე აპელანტმაც დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №001.01181729 ბრძანებაში არ განხორციელებულა შესაბამისი შესწორების შეტანა. შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემული არ იქნა იმ კომისიის შემადგენლობით, რაც განსაზღვრული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მითითებულ პირობებში, ვინაიდან სახეზე იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფორმალური საფუძველი, მიზანშეწონილად არ მიიჩნია შეემოწმებინა გასაჩივრებული აქტის მატერიალური დასაბუთებულობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კომისია არ აწარმოებდა საოქმო/აუდიო ჩაწერას, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, თუ რამდენად გამჭირვალედ ჩატარდა გასაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა კომისიას არ ავალდებულებდა გასაუბრების ეტაპზე აუდიო/ვიდეო ჩაწერას, კომისიამ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მითითება და კონკურსანტთან გასაუბრების ეტაპზე განახორციელა აუდიო ჩაწერა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ე. ი-მა კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებზე უპასუხა არადამაკმაყოფილებლად.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №001.01181729 ბრძანებაში ნ. ჭ-ის არასახვის ფაქტი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ნ. ჭ-ი ესწრებოდა გასაუბრებას და შესაბამისი ქულითაც შეაფასა მოსარჩელე. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნ. ჭ-ის შეფასებას მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო არ გავიზიარებთ, დარჩენილი ქულები მაინც არ არის საკმარისი, ანუ ნაკლებია სამზე. უფრო მეტიც, ნ. ჭ-ის მაგივრად, თუნდაც ყოფილიყო სხვა წარმომადგენელი, რომელიც ე. ი-ს შეაფასებდა უმაღლესი ქულით, ქულათა საერთო ჯამი მაინც წარმოადგენდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამსვლელი სამი ქულა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა დაშვებული ისეთი სახის გადაცდომა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2018 წლის 11 ივლისის №1/2/18 სხდომის ოქმის კანონიერება, რომლითაც კომისიამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე რეკომენდაცია არ გასწეოდა ე. ი-ს. თავის მხრივ, აღნიშნული ოქმის მიღების წინაპირობა და საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ე. ი-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებაზე, მის ინდივიდუალურ შეფასებასა და იმ გადაწყვეტილების მიღებაზე - წარდგენილი უნდა ყოფილიყო თუ არა იგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, კომპეტენტური იყო კომისია, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №ბ01.01181729 ბრძანებით. სადავო პროცედურებში კი მონაწილეობას ღებულობდა პირი (ნ. ჭ-ი - ა(ა)იპ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის (ს/ნ: ...) თავმჯდომარე), რომელიც კომისიის წევრად არ იყო მითითებული მერის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, ამასთან, აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება მას არ ჰქონია მინიჭებული რაიმე სხვა დოკუმენტითაც.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №001.01181729 ბრძანებაში ნ. ჭ-ის არასახვის ფაქტი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქმეზე არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 ივნისის №001.01181729 ბრძანებაში შესაბამისი შესწორების შეტანა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემული არ იქნა იმ კომისიის შემადგენლობით, რაც განსაზღვრული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. შესაბამისად, სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფორმალური საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე