საქმე #ბს-1059(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 31 ივლისს ქ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, მესამე პირების - ვ. ბ-ისა და ლ. მ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 18 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) ლ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლ. მ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქარელი, სოფ. ...ი, საკადასტრო კოდი - ..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რაიმე სახის რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 18 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სახელზე აღირიცხა ქარელის რაიონის სოფ. ...ში მდებარე ქონება, რომელიც შემდეგ აჩუქა შვილს ლ. მ-ს. ლ. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივნისის #... გადაწყვეტილებით. მოსარჩელის მითითებით, მას ჰყავდა მამიდა - ა. ქ-ი. ა. ქ-ი და მისი ძმა - შ. ქ-ი (ვ. ბ-ის მამა) შეთანხმდნენ სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაყოფის შესახებ და შეთანხმების საფუძველზე, აღირიცხნენ ცალ-ცალკე კომლებად, რაზეც მითითებულია საარქივო ცნობებში. ა. ქ-ის ქონება ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელე ქ. ქ-მა. შ. ქ-ის კომლის ბოლო წევრი იყო მისი მეუღლე - ი. ქ-ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ქონება მიიღო მისმა შვილმა ვ. ბ-მა.
მოსარჩელე უთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ უძრავი ქონება იყო მოსარჩელისა და მესამე პირის თანასაკუთრება, რომელიც ფაქტობრივად იყო გამიჯნული მხარეთა შორის. შედეგად, სარეგისტრაციო სამსახურმა თანსაკუთრებაში არსებული ქონება უკანონოდ დაარეგისტრირა მხოლოდ ვ. ბ-ის, შემდეგ კი, ლ. მ-ის სახელზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით საქმე გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ქ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ლ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქარელში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება აეკრძალა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე მესამე პირების - ვ. ბ-ისა და ლ. მ-ის სტატუსი მოცემულ საქმეში განისაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ქ-ა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე 16,82 კვ.მ, 4,26 კვ.მ და 3,57 კვ.მ ოთახების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 18 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; დანარენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო საარქივო ცნობებს, რადგან აღნიშნულით არ დგინდება არც კომლის გაყოფის თაობაზე ინფორმაცია და არც ის, რომ ა. ქ-ი იყო იმავე კომლის წევრი, სადაც კომლის წევრად დაფიქსირებული იყო იულია ქლეხსაევი. სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს ა. ქ-ი იყო ვ. ბ-ის რიცხულ საკომლო ქონებაზე მოწილე. სასამართლო არაფერს ამბობს #2014028452-06 საარქივო ცნობაზე; რატომ არ წერია ი. ქ-ის კომლის შემადგენლობაში ა. ქ-ი. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ქ-ი არ იყო მოცემულ საარქივო ცნობაში მოხსენიებული, სრულიად კანონიერია ვ. ბ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ვ. ბ-ს, როგორც ი. ქ-ის მემკვიდრეს, წარმოშობილი ჰქონდა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება.
კასატორის მითითებით, ა. ქ-ი არ ირიცხებოდა ი. ქ-ის საკომლო-საარქივო ცნობაში, ხოლო დამოუკიდებლად არსებული მეორე საარქივო ცნობა, სადაც ასევე მითითებული, რომ თითქოს ა. ქ-ი 1986-1995 წლებში კომლის უფროსად იყო დაფიქსირებული და ფლობდა 20 კვ.მ ფართს, არ იყო რელევანტური ვ. ბ-ის რეგისტრაციის დროს, ვინაიდან ვ. ბ-მა განახორიცელა ი. ქ-ის კომლის ქონების რეგისტრაცია.
კასატორის მითითებით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ა. ქ-ს ეკუთვნოდა მაინცდამაინც ი. ქ-ის კომლში რიცხული კონკრეტული ქონება. სინამდვილეში, ისინი ერთი კომლის წევრები არც ყოფილან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვი
ს შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. ქ-ი და მესამე პირი ლ. ქ-ა არიან დები. მესამე პირები ვ. ბ-ი და ლ. მ-ი არიან დედა-შვილი. ვ. ბ-ი არის შ. და ი. ქ-ის შვილი. ამასთან, ვ. ბ-ის მამა შ. ქ-ი, ქ. ქ-ისა და ლ. ქ-ას მამა ვ. (ვ., ვ.) ქ-ი და ა. ქ-ი იყვნენ და-ძმანი.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #...) მთლიანად დარეგისტრირდა ჯერ ვ. ბ-ის, ხოლო შემდგომ - ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. მ-ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, ქ. ქ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სოფ. ...ში მდებარე 1995 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, კერძოდ, 90 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ქ. ქ-მა და ლ. ქ-ამ მიიღეს გარდაცვლილი მამიდის - ა. ქ-ის მემკვიდრეობა; ა. ქ-ის ანდერძი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და შენობის შიდა აზომვითი ნახაზი; 2016 წლის 11 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობა #AA2016063539-05, რომლის მიხედვითაც, ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფ. ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ა. ქ-ი, ხოლო კომლს პირად საკუთრებაში აქვს 20 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აშენებული 1918 წელს; პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ შ. ქ-ი ოჯახით და მისი და - ა. ქ-ი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე. ვ. ბ-ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა 208,57 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (მათ შორის, საცხოვრებელი 88,49 კვ.მ) მაშინ, როდესაც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (საარქივო ცნობა) მითითებული იყო 50 კვ.მ. სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო მოცემული საკითხის გამოკვლევა, ადგილზე დათვალიერება, რის შემდეგადაც დაადგენდა, რომ საცხოვრებელ სახლს ორი დამოუკიდებელი მცხოვრები ჰყავდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ სახეზეა ოთახების გატიხვრის არსებობის კვალი, ასევე ის, რომ არსებობდა მეორე სართულზე ასასვლელი ორი დამოუკიდებელი კიბე. ამასთან, დაინტერესებული პირებისა და მეზობლების გამოკითხვის შედეგად, შესაძლებელი იყო იმის დადგენა, რომ ვ. ბ-ის მიერ მოთხოვნილ საცხოვრებელ სახლში გარკვეული წილი (მოცემულ შემთხვევაში 16,82 კვ.მ, 4,26 კვ.მ და 3,57 კვ.მ ოთახები) ეკუთვნოდა ა. ქ-ს. ამ საკითხის ზუსტად დადგენა კი შესაძლებელი იყო არქივიდან ა. ქ-ის კომლზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რითაც დაირღვა მოსარჩელე მხარის ინტერესი.
საარქივო ცნობის მიხედვით, ა. ქ-ს ეკუთვნოდა 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ ეს ფართი განთავსებულია სადავო საცხოვრებელ სახლში. შესაბამისად, მთლიანი ქონების ვ. ბ-ის სახელზე დარეგისტრირებით, ა. ქ-ის მემკვიდრეებს წაერთვათ უფლება მოეხდინათ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის გამოც ა. ქ-ის კუთვნილი ფართის ნაწილში მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებაზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მას საფუძვლად უდევს ვ. ბ-სა და ლ. მ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ლ. მ-ს 16.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. ვ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. მ-ის მიერ 16.12.2020წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე