Facebook Twitter

საქმე #ბს-257(კს-21) 13 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „... ...ი“

მოწინააღმდეგე მხარები (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 30 დეკემბერს შპს „... ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის #...-03 და შპს „... ...ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის შპს „... ...ისათვის“ მინიჭებული ლიცენზიებიდან გამომდინარე საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობისა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებების უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, შპს „... ...ის“ სარჩელი, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „... ...ის“ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „... ...ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ასლის შპს „... ...ისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის (ჩაბარების ზუსტი თარიღის მითითებით) წარდგენა დაევალა.

2020 წლის 30 ივნისს შპს „... ...მა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება თანდართული დოკუმენტით, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის #1017 გზავნილი, შპს „... ...ისთვის“ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნის შესახებ, „შპს ჟორჯიან მანგანეზში“ შესულია - 2020 წლის 10 აპრილს (რეგისტრაციის შტამპის მიხედვით). განმცხადებელი, ასევე, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების დროს, პანდემიური ვითარების გამო, ორგანიზაციას კორესპოდენცია მიეწოდებოდა არა პირდაპირ ხელზე, არამედ საფოსტო გზავნილები იყრებოდა ოფისის მოსაცდელში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, რომელსაც ორ-სამ საათში ერთხელ ამოწმებდა კომპანიის შესაბამისი თანამშრომელი, ატარებდა რეგისტრაციაში და უსვამდა შესაბამის შტამპს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ ხარვეზი მიჩნეულიყო აღმოფხვრილად, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ იყო საკმარისი, ხარვეზის შესავსებად დამატებით განესაზღვრა მხარისთვის 10 დღის ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს „... ...ის“ წარმომადგენლის - გ. ყ-ის განცხადება, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, დაკმაყოფილდა; შპს „... ...ს“ 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 (ათი) დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან, რა ვადაშიც მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაციით კვლავ არ დგინდებოდა დაზუსტებით შპს „... ...ისთვის“ გაგზავნილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. აპელანტს განემარტა, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ასლის შპს „... ...ისთვის“ ჩაბარების (ჩაბარების ზუსტი თარიღის მითითებით) დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოიცავდა ცნობას შპს „... ...ისთვის“ გაგზავნილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ასლის მიმღები პირის - ლ. გ-ას სათანადო უფლებამოსილების შესახებ, მიეღო მისამართზე: ქ. თბილისი, ... ...ის ქ. N..., ... ... N..., მე-8 სართული, ბლოკი „ბ“, შპს „... ...ის“ სახელზე შესული კორესპოდენცია და ინფორმაციას, რამდენად თანხვედრაში იყო საქმეში წარმოდგენილ შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო გზავნილით დადგენილ გარემოებებთან (07.04.2020წ. ქ... ...ის დაცვის თანამშრომლისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება) აპელანტის წარმომადგენლის განცხადებაში აღწერილი გზავნილის მიღების პროცედურა (გზავნილების მიღება ოფისის მოსაცდელში განთავსებული საფოსტო ყუთის საშუალებით, რომელში მოთავსებული კორესპოდენციაც 2-3 საათში ერთხელ ტარდებოდა რეგისტრაციაში).

2020 წლის 25 აგვისტოს შპს „... ...ის“ წარმომადგენელმა - გ. ყ-მა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ შპს „... ...ის“ ოფისი განთავსებულია „ქ... ...ის“ მრავალსართულიან ... ....ში, მე-8 სართულზე. აღნიშნული ... ....ის შენობაში განთავსებულია არაერთი კომპანიის დაწესებულების ოფისი. ლ. გ-ა არ არის „... ...ის“ თანამშრომელი ან/და შპს „... ...ის“ სახელზე არსებული გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, „ქ... ...ის“ დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან არა ... ...ის ოფისის ტერიტორიაზე, მე-8 სართულზე, არამედ „ქ... ...ის“ მისაღებში, პირველ სართულზე. განმცხადებელი დამატებით აღნიშნავდა, რომ საზაფხულო შვებულებების პერიოდის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა განჩინებაში მითითებული სათანადო დოკუმენტის (გადაწყვეტილების ასლის შპს „... ...ისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების, ჩაბარების ზუსტი თარიღის მითითებით) მოპოვება, მათ შორის, ... ....ის „ქ... ...ის“ ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებისგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა, საპატიოდ ყოფილიყო მიჩნეული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობა და ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელებოდათ დამატებით 7 (შვიდი) დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს „... ...ის“ წარმომადგენლის - გ. ყ-ის განცხადება, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, დაკმაყოფილდა; შპს „... ...ს“ 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 (შვიდი) დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან, რა ვადაშიც მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 აგვისტოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტი; აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით შპს „... ...ის“ სააპელაციო საჩივარი, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განჩინების ასლი, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან დამატებით 7 (შვიდი) დღე განესაზღვრა, კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა შპს „... ...ს“ - 2020 წლის 5 ოქტომბერს. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 5 ოქტომბრის მომდევნო დღიდან (6 ოქტომბრიდან) და ამოიწურა - 2020 წლის 12 ოქტომბერს, 24:00 საათზე. 2021 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით კი, აპელანტს/აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ან აღმოუფხვრელობის საპატიო მიზეზების თაობაზე შეტყობინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „... ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის ხარვეზის დადგენა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარების დროის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე ეწინააღმდეგებოდა საპროცესო კანონმდებლობას და წარმოადგენდა პროცესის მონაწილე მხარისთვის იმ ტექნიკური ფუნქციების გადაკისრების მცდელობას, რომელიც სამართალწარმოების ფარგლებში თავად სასამართლოს მიერ იყო განსახორციელებელი და სასამართლოს პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენდა. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლო აქტების გაგზავნა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მონაცემების დაუდგენლობის პირობებში კი, ნებისმიერი ეჭვი კორესპონდენციის ადრესატი მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტას ექვემდებარება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად ხარვეზის განჩინებაში დაყენებული მოთხოვნების კანონმდებლობასთან შეუსაბამობისა, მან ითანამშრომლა სასამართლოსთან და წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტები, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიჩნია, რომ შპს „... ...ს“ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2020 წლის 7 აპრილს.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „... ...ისთვის“ განკუთვნილი სასამართლო კორესპონდენცია გაიგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ... ...ის ქ. N..., ... ... N..., მე-8 სართული, ბლოკი „ბ“, თუმცა შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ საინფორმაციო ბარათით ირკვეოდა, რომ მართალია, კორესპონდენცია წარდგენილ იქნა ზემოაღნიშნული ქუჩითა და შენობის ნომრით დამისამართებულ ობიექტზე, მაგრამ იგი ჩაჰბარდა „ქ... ...ის“ შენობის დაცვის თანამშრომელ ლ. გ-ას, რომელიც არ წარმოადგენდა შპს „... ...თან“ რაიმე ნიშნით დაკავშირებულ პირს. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „ქ... ...“ არ წარმოადგენს კომპანიას, შესაბამისად საინფორმაციო ბარათში არსებული განმარტება „ქ... ...ის დაცვის თანამშრომელი ლ. გ-ა“ ირელევანტური მონაცემების აღმნიშვნელი ჩანაწერია, რადგან ლ. გ-ა რეალურად წარმოადგენს შპს „რ...ის“ დაცვის თანამშრომელს, რომელიც არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო კერძო საჩივრის ავტორის კორესპონდენციის ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირად. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ლ. გ-ამ პრაქტიკულად საფოსტო დაწესებულების კურიერის ფუნქცია დაასრულა. ხსენებული კორესპონდენცია კი ადრესატამდე 2020 წლის 10 აპრილს მივიდა და გატარდა რეგისტრაციაში.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „ქ... ...ის“ შენობაში უამრავი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი სუბიექტი ფუნქციონირებს, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური ოფისი და მათი ადგილსამყოფელი ინდივიდუალიზებულია არა ზოგადი ერთიანი მისამართით, არამედ კონკრეტული ინდივიდუალური ფართისა და მისი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „საქართველოს ფოსტას“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სასამართლო კორესპონდენციის მიტანა უშუალოდ შპს „... ...ისთვის“ მართებდა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ...ის ქ. N..., ... ... N..., მე-8 სართული, ბლოკი „ბ“ და არა „ქ... ...ის“ შენობის დაცვისთვის, რომლის სამუშაო ადგილი არ არის განთავსებული შპს „... ...ისთვის“ უშუალოდ განკუთვნილ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, შპს „... ...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „... ...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოცემული დანაწესების შესაბამისად, შპს „... ...ს“ დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 10-დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აგვისტოსა და 24 სექტემბრის განჩინებებით, დაკმაყოფილდა შპს „... ...ის“ შუამდგომლობები ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ და კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადა თავდაპირველად 10, შემდგომ კი 7 დღით გაუგრძელდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების საკითხები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინების ასლი შპს „... ...ს“ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ...ის ქ. N..., ... ... N..., მე-8 სართული, ბლოკი „ბ“ გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა იურისტს ნ. ბ-ს - 2020 წლის 5 ოქტომბერს. შპს „... ...ს“ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ან აღმოუფხვრელობის საპატიო მიზეზების თაობაზე შეტყობინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებებთან დაკავშირებით, ხარვეზის განჩინებებით განსაზღვრული მოთხოვნების კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში ფიქსირდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური, რომელიც მიუთითებს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება 2020 წლის 7 აპრილს ჩაჰბარდა „ქ... ...ის“ დაცვის თანამშრომელ ლ. გ-ას. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მხარისთვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემას, რათა მას დაედასტურებინა სააპელაციო საჩივრის ვადაში შეტანის ფაქტი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება მხარეს 2020 წლის 7 აპრილს ჰქონდა ჩაბარებული, აღნიშნული ავტომატურად იქნებოდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის აღმნიშვნელი დოკუმენტის მოთხოვნა ემსახურებოდა არა მხარისთვის სასამართლოს მოვალეობების გადაკისრებას, არამედ მისთვის სააპელაციო საჩივრის ვადაში შეტანის დადასტურებისთვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებებს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად მოითხოვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირს პირადად არ ჰბარდება სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტი, ასეთი ჩაბარება განხორციელდეს მხოლოდ უფლებამოსილ პირზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება უწყების ჩამბარებელი პირის - ლ. გ-ას უფლებამოსილება. მისი უფლებამოსილების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს ასევე საქმეზე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - შპს „რ...ის“ დირექტორის - დ. ხ-ის მიერ 2021 წლის 17 მარტს გაცემული წერილი, რომელიც პირდაპირ განმარტავს, რომ „...ლ. გ-ას სამსახურებრივი ურთიერთობა მხოლოდ შპს „რ...თან“, როგორც მის დამსაქმებელ კომპანიასთან აკავშირებს, ხოლო რომელიმე სხვა სუბიექტთან, მათ შორის, შპს „... ...თან“, რომელთა ოფისებიც განთავსებულია ქ. თბილისში, ... ...ის ქ. N...-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში, ლ. გ-ა არც თანამდებობრივად და არც სტრუქტურულად არ არის დაკავშირებული. ლ. გ-ას თანამდებობრივი ფუნქცია არანაირი ნიშნით არ მოიცავს შპს „... ...ისთვის“ განკუთვნილი საფოსტო თუ სხვა სახის კორესპონდენციის მიღებასა და დამუშავებას“. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია კერძო საჩივრის ავტორის საპროცესო უფლებების შეზღუდვა სასამართლო გადაწყვეტილების არაუფლებამოსილი პირისთვის ჩაბარების შემთხვევაში, თუნდაც ისეთ დროს, როდესაც დოკუმენტმა, საბოლოო ჯამში, ადრესატამდე მაინც მიაღწია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „... ...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე შპს „... ...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, მასვე დაევალოს კერძო საჩივრის ავტორის კორესპონდენციის ჩაბარებასთან დაკავშირებით ლ. გ-ას უფლებამოსილების საკითხის გამოკვლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „... ...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე შპს „... ...ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე