საქმე #ბს-1356(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 14 იანვარს ბ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და გ. კ-ის მიმართ.
მოსარჩელემ გადაფარვის ნაწილში 2008 წლის 15 მაისის #...სარეგისტრაციო ჩანაწერის (სააღრიცხვო ბარათში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ბ. გ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ში, ვალეში, თამარ მეფის ქ. #152ა-ში, სადაც მის საცხოვრებელ სახლთან არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მეზობელი არის გ. კ-ე. 2018 წლის 14 აგვისტოს ბ. გ-ემ ბებიისგან - ს. გ-ისაგან მემკვიდრეობით მიიღო დანატოვარი ქონება. სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღმოჩნდა, რომ განცხადებაზე დადგინდა ზედდება მეზობელ გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელის მითითებით, იგი რამდენჯერმე შეეცადა მოლაპარკების გზით მოეგვარებინა აღნიშნული საკითხი, თუმცა უშედეგოდ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩაინიშნა მედიაცია, თუმცა ვერც მედიაციის გზით მოხდა საკითხის მოგვარება. მიღება-ჩაბარების აქტით გზის მხარეს გ. კ-ეს გადაცემული აქვს 12 მეტრი, მან კი დაირეგისტრირა 31,6 მეტრი. აღნიშნული ზომის მომატების გამო, მან უკანონოდ დახაზა და დაირეგისტრირა მოსარჩელის ნაკვეთის ნაწილი. მოსარჩელისა და გ. კ-ის ნაკვეთებს შორის არის ღობე, რომელიც წინა საუკუნის დროსაა აღმართული. სარჩელის თანახმად, დღესაც ეს ღობეა რეალური მიჯნა ნაკვეთებს შორის. ამასთან, გ. კ-ის მიერ შეკვეთილი და შპს „ტ...ის“ მიერ დახაზული ნახაზი არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და სასაზღვრო მიჯნებს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტით გზის მხარეს გ. კ-ეს გადაცემული აქვს 12 მეტრი, მან კი დაირეგისტრირა 31.6 მეტრი. აღნიშნული ზომის მომატების გამო, მან უკანონოდ დახაზა და დაირეგისტრირა მოსარჩელის ნაკვეთის ნაწილი არა მხოლოდ გზის მხარეს, არამედ მიჯნაზე, მთელს სიგრძეში, სადაც მოსარჩელესა და გ. კ-ის ნაკვეთებს შორის არის ღობე, რომელიც წინა საუკუნის დროს არის აღმართული. შპს „ტ...ის“ მიერ დახაზული ნახაზი არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობასა და სასაზღვრო მიჯნებს. საკასაციო საჩივრის თანახმად, კოპაძესა და გიორგაძეს შორის მიჯნაზე არსებული ღობე წინა საუკუნის დროს რეფორმამდეა აღმართული. კასატორისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ მოცემული რეგისტრაციის განხორციელება კანონიერია. ამასთან, მიუხედავად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილებაში არაფერი აღნიშნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გადაფარვის ნაწილში 2008 წლის 15 მაისის #...სარეგისტრაციო ჩანაწერის (სააღრიცხვო ბარათში) ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ 05.05.1997წ. ახალციხის რაიონის ქ. ვალის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #395 აქტით გ. კ-ეს ქ. ვალეში გამოეყო 6 მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 0,77 ჰა, მათ შორის, მიწის რეფორმამდე არსებული 0.11 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
2008 წლის 15 მაისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ. ვალეში, ... ...ის ქ.N...-ში მდებარე 1680 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ზონა - ..., კოდი - 62, სექტორი - ვალე, კოდი - ..., კვარტალი - #..., ნაკვეთი - #..., რეგისტრირებულია გ. კ-ის საკუთრებად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 05.05.1997წ. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #395 აქტი.
18.01.1997წ. ახალციხის რაიონის ქ. ვალის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #13 აქტით ს. გ-ეს (მოსარჩელის მამკვიდრებელი) ქ. ვალეში გამოეყო 5 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 0,78 ჰა, მათ შორის, მიწის რეფორმამდე არსებული 0.41 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ რეფორმამდე არსებული 0.41 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და #395 მიღება-ჩაბარების აქტით გ. კ-ის სახელზე ქ. ვალეში გამოყოფილი რეფორმამდე არსებული 0.11 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.
დადგენილია, რომ მაშინ, როდესაც ბ. გ-ემ ზემოაღნიშნული #13 მიღება-ჩაბარების აქტის, სამკვიდრო მოწმობისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ..., ... ...ის ქ.N...ა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ბ. გ-ის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საბოლოოდ, ბ. გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ იქნა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. ამასთან, არსებული წესის შესაბამისად, მფლობელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ასევე წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებათა დასადგენ საბუთს.
დადგენილია, რომ ბ. გ-ის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული სონა გიორგაძის მიწის ნაკვეთსა და გ. კ-ის მიწის ნაკვეთს შორის არსებული საზღვარი, გზის მხრიდან კონფიგურაციით, არ შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტში დატანილ ნახაზს, მაშინ, როცა გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული გ. კ-ის მიწის ნაკვეთსა და სონა გიორგაძის მიწის ნაკვეთს შორის არსებული საზღვარი გზის მხრიდან კონფიგურაციით შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილ ნახაზს.
განსახილველ შემთხვევაში, გ. კ-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გზასთან არსებული ნაწილის გამოყოფა დასტურდება სწორედ მიწის მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნულის უარსაყოფად კი, ვერ გამოდგება ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 0,11 ჰა, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გ. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია 1680 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ვინაიდან დგინდება, რომ მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი მიღება-ჩაბარების აქტში შეცდომითაა მითითებული და გ. კ-ეს რეალურად არა 0,11 ჰა, არამედ 1700 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი გამოეყო.
რაც შეეხება შპს „უ...ის“ მიერ გაცემულ დასკვნას, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ფაქტს, რომ ბ. გ-ის ოჯახს ფაქტობრივად შემოღობილი აქვს სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი, არ უარყოფს გ. კ-ეც. თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ცალსახად არ ადასტურებს, რომ სადავო ნაწილში მიწის ნაკვეთი გ. კ-ეს არ გადასცემია. იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება გ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის ფაქტი და ამის საწინააღმდეგო რელევანტური მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობვის ფაქტი ვერ მიიჩნევა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ გარემოებად. მითითებული გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გ. კ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გასაჩივრებული არ ყოფილა და ძალაშია, საკასაციო სასამართლოც ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტში დახაზული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გზასთან არსებული ნაწილი წარმოადგენს ზღვარს, რომელიც არ შედიოდა სარეფორმო მიწის ფონდში და მისი გამოყოფა არ მომხდარა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. გ-ის საკასაციო საჩივარზე ნიკოლოზ ათუნაშვილს 22.12.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. ბ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნიკოლოზ ათუნაშვილის მიერ 22.12.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე