საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ზ-299-5 (გან-21) 25 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ბს-154(2კს-21)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 2 მარტს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ბ-ის სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი. მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა და განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
გ. ბ-ემ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: 1.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; 2. ჭიათურის მერიის; 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 5. სახელმწიფო რწმუნებულის; 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; 7. ტელეკომპანია-„...-ის“; 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 9. შპს „ს...ოს“; 10. საქართველოს გენერალური პროკურატურის; 11. საზოგადოებრივი მაუწყებლის; 12. საქართველოს პარლამენტის; 13. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის; 14. სა...იის; 15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 17. საქართველოს სახალხო დამცველის; 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურის; 19. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; 20. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 21. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის -მომხმარებელთა უფლებების დამცველის; 22. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის; 23. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს; 24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის; 25. ტელეკომპანია „მ...ს“; 26. თბილისის მერიის; 27. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; 28. საქართველოს ...ის მიმართ. მოსარჩელემ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 აპრილის, 10 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებებით გ. ბ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. ამასთან, ვინაიდან ხარვეზი მაინც არ იქნა გამოსწორებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩნებით გ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საპროცესო ვადის დარღვევის გამო. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე გ. ბ-ემ წარადგინა განცხადებები, რომლებითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და მოსამართლის აცილება, ასევე, ზემოაღნიშნული განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იმავე სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება განჩინების განმარტებასა და მოსამართლის აცილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებებზე გ. ბ-ემ წარადგინა განცხადება განჩინებების განმარტების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება შინაარსობრივად უტოლდებოდა 2020 წლის 10 დეკემბერს წარდგენილ შუამდგომლობა/განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილი იყო განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება და რომელზეც 2020 წლის 18 დეკემბერს იმსჯელა პალატამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრისა და 2021 წლის 29 იანვრის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებებით გ. ბ-ის კერძო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზები და კერძო საჩივრების ავტორს დაევალა ხარვეზების შესახებ განჩინებების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის - 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნების წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივრები, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
2021 წლის 18 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტება მოითხოვა ბუნდოვანების და დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამრიგად, მითითებული მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტებას შეეხება, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. საკასაციო პალატის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული კერძო საჩივრები. ამდენად, საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, ზემოაღნიშნული განჩინება არ ექვემდებარება აღსრულებას, საკასაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს და არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება არა კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ გ. ბ-ემ №ბს-154(2კს-21) საქმეზე ერთი და იმავე საკითხზე ერთდროულად ორი განცხადება წარმოადგინა, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების ერთი მხრივ, განმარტებასა და მოსამართლეთა აცილებას (განცხადება №ზ-299-21), მეორე მხრივ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და მოსამართლეთა აცილებას (განცხადება №ბ-891-21). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აცილების საკითხზე პალატამ უკვე იმსჯელა გ. ბ-ის №ბ-891-21 განცხადების განხილვისას. ამრიგად, ვინაიდან, ორივე განცხადებით მოთხოვნილია ერთი და იმავე საკითხზე საქმის განმხილველი შემადგენლობის აცილება, საკასაციო პალატა აღნიშნულზე ხელმეორედ მსჯელობას მიზანშეუწონლად თვლის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე