№ბს-1196(2კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434, 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის №454 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის 2018 წლის 24 ივნისის №AR1610902 განაცხადის ხელახლა განხილვისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის №454 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434, 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებები და აღნიშნულ სამსახურს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილი წესით №AR1610902 განცხადების განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „...ის“ დირექტორმა, დ. კ-ამ, №AR1466148 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისში, ...ის ...ში, ... მ/რ ...ის ქუჩა N... ...ის ქუჩა №126-ის მიმდებარე, №...საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 აპრილის №3176865 ბრძანებით დ. კ-ას №AR1466148 განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქალაქ თბილისში, ...ის ..., ,,ა“ მ/რ, ...ის ქუჩა N... ...ის ქუჩა №126-ის მიმდებარე, №...საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3882392 ბრძანებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 აპრილის №3176865 ბრძანებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილებები შევიდა, კერძოდ, დაფიქსირდა საპროექტო მიწის ნაკვეთის განახლებული საკადასტრო მონაცემები - №... საკადასტრო კოდი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №3898578 ბრძანებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 აპრილის №3176865 ბრძანებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში შემდეგი ცვლილებები შევიდა: საზოგადოებრივი საზღვარი ჩაითვალა ჩრდილო-დასავლეთით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საზოგადოებრივი სერვიტუტით დატვირთული №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთიდან; შეიცვალა ჩანაწერი ,,მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს სამეზობლო მიჯნებიდან“ -ჩანაწერით: ,,მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრებიდან“; კანონმდებლობის შესაბამისად საზოგადოებრივი სივრცის მოპირდაპირე მხარეს დადგინდა უკანა ეზო.
სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 მაისის №3945749 ბრძანებით კიდევ ერთხელ შევიდა ცვლილება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 აპრილის №3176865 ბრძანებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.
2018 წლის 24 ივნისს დ. კ-ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1610902 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ხიზაბავრის ქუჩა, I ჩიხი, №7-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 გადაწყვეტილებებით დ. კ-ას 2018 წლის 24 ივნისის №AR1610902 განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად დამკვეთს მიეთითა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული გარემო წარმოადგენდა მჭიდროდ დასახელებულ ტერიტორიას, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში კიდევ ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წარდგენილი ფორმით განთავსება იწვევდა გარემოს რადიკალურ გაუარესებას, რის გამოც საჭირო იყო პროექტის იმგვარად გადამუშავება, რომ მიწის ნაკვეთზე შენობების სხვაგვარად განთავსებით შენარჩუნებულიყო მეტი თავისუფალი სივრცე. დასახელებული გადაწყვეტილებების მიხედვით, საპროექტო შენობა არ უნდა აუარესებდეს მდგომარეობას განაშენიანების სიმჭიდროვის მხრივ.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებით დ. კ-ას 2018 წლის 24 ივნისის №AR1610902 განცხადება დარჩა განუხილველი 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653 და 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 გადაწყვეტილებებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2018 წლის 26 ოქტომბერს დ. კ-ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1640353 განცხადებით მიმართა, რომლითაც ,,მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის“ დეფინიციის განმსაზღვრელი სამართლებრივ აქტის მითითება მოითხოვა. პასუხად, სამსახურის 2018 წლის 6 ნოემბრის №4251324 წერილით განმცხადებელს 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება განემარტა.
2018 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს შპს ,,...ის" დირექტორის დ. კ-ას №20/01183022620-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 4 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის თანახმად, წარდგენილი პროექტი აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მიხედვით დადგენილ მოთხოვნებს, არქიტექტურის სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზი კი იყო დაუსაბუთებელი და მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 აპრილის №454 ბრძანებით შპს ,,...ის" დირექტორის დ. კ-ას 2018 წლის 29 ოქტომბრის №20/01183022620-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებები. ბრძანების თანახმად, სადავო გადაწყვეტილებებით ხარვეზის დადგენა ემსახურებოდა საჯარო ინტერესების დაცვის მიზანს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, დამკვეთისათვის დაევალებინა არსებულ განაშენიანებაზე ზემოქმედების მხრივ ოპტიმალური არქიტექტურული პროექტის წარდგენა და ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება არამარტო ერთი კონკრეტული პირის, არამედ საზოგადოების, ქალაქისა და საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე დასახლების სამომავლო განვითარების ინტერესების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ნორმის ეს დებულება გამომდინარეობს კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით განისაზღვრება. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს, წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
არქიტექტურის სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ განსახილველად წარდგენილ განცხადებას სადავო გადაწყვეტილებებით დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც არ ითვალისწინებდა კონკრეტული სახის დოკუმენტის წარდგენას, არამედ ადგენდა ბუნდოვან პირობას - ითხოვდა პროექტის გადამუშავებას საპროექტო ნაგებობების სხვაგვარად განთავსებით მეტი თავისუფალი სივრცის შესანარჩუნებლად. დადგენილია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული იყო სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც კანონმდებლობის ნორმათა შესაბამისად იძლეოდა საპროექტო შენობების განთავსების შესაძლებლობას და ხარვეზი არ ითვალისწინებდა დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობას. ამდენად, ხარვეზის სახით არქიტექტურის სამსახური უთითებდა პირობას, რომელიც არ იყო დაკონკრეტებული ფაქტობრივი თვალსაზრისით და დასაბუთებული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამგვარად ზღუდავდა მოსარჩელის უფლებას კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული პირის ინტერესი - შეთანხმებულ იქნას ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (შენობა-ნაგებობათა მოცემული კონფიგურაციით განთავსებით) ქ. თბილისში, ...ის ქ. ... N...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ ჩამოყალიბებული გარემოსა და მეტი თავისუფალი სივრცის შენარჩუნებაში.
ამასთან, არქიტექტურის სამსახურს უარი არ უთქვამს დამკვეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ განმარტა, რომ აუცილებელია არქიტექტურული პროექტის გადამუშავება შენობა-ნაგებობების სხვაგვარად განთავსების მიზნით, რათა არ იქნას გამოწვეული მიმდებარედ არსებული მდგომარეობის გაუარესება განაშენიანების სიმჭიდროვის თვალსაზრისით. ამდენად, არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653 და 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 გადაწყვეტილებებით დადგენილი ხარვეზი და აღნიშნული ხარვეზის შეუვსებლობის გამო ამავე სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებით დ. კ-ას განცხადების განუხილველად დატოვება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სადავოდ გამხდარი ხარვეზი დადგენილია/შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე და არ დასტურდება აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.
არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების სივრცით ტერიტორიული დაგეგმვა, ხოლო ამ დაგეგმვის პერიოდში უზრუნველყოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთების სწორად და რაციონალურად განაშენიანება. აღნიშნულის განხორციელების ფარგლებში სამსახურმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამშენებლოდ განსავითარებლად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი უნდა შეისწავლოს როგორც ქალაქგეგმარებითი, ასევე სამართლებრივი კუთხით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის და 2021 წლის 18 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ფუნქციაა არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილების შეტანა.
სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგული 2020 წლის 4 მარტიდან) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
მითითებული №57 დადგენილების მე-3 მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის - პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები. ამავე დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხადის შემადგენლობას, ხოლო, მე-5 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს; დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს; ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში; თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ტერიტორიების სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში, მაშინ განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ უნდა დაეყრდნოს ასეთი სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 5 აპრილის №3176865 ბრძანებით შპს „...ის“ დირექტორის დ. კ-ას №AR1466148 განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, ქალაქ თბილისში, ...ის ..., ,,ა“ მ/რ, ...ის ქუჩა N... ...ის ქუჩა №126-ის მიმდებარე, №...საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ტ.1, ს.ფ. 20-25).
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარი; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; დ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს, წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. ხოლო, მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება კასატორების პოზიციას იმის შესახებ, რომ არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ქალაქმშენებლობით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მიზანშეწონილობის ასპექტებიც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-473(2კ-19) განჩინება), თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას, განსახილველ საქმეში, არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ბუნდოვანი შინაარსის ხარვეზის დადგენის მართლზომიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 გადაწყვეტილებებით დ. კ-ას 2018 წლის 24 ივნისის №AR1610902 განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად დამკვეთს მიეთითა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული გარემო წარმოადგენდა მჭიდროდ დასახელებულ ტერიტორიას, არსებულ ჩამოყალიბებულ გარემოში კიდევ ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წარდგენილი ფორმით განთავსება იწვევდა გარემოს რადიკალურ გაუარესებას, რის გამოც საჭირო იყო პროექტის იმგვარად გადამუშავება, რომ მიწის ნაკვეთზე შენობების სხვაგვარად განთავსებით შენარჩუნებულიყო მეტი თავისუფალი სივრცე. დასახელებული გადაწყვეტილებების მიხედვით, საპროექტო შენობა არ უნდა აუარესებდეს მდგომარეობას განაშენიანების სიმჭიდროვის მხრივ.
2018 წლის 26 ოქტომბერს დ. კ-ამ №AR1640353 განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც ,,მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის“ დეფინიციის განმსაზღვრელი სამართლებრივ აქტის მითითება მოითხოვა. პასუხად, სამსახურის 2018 წლის 6 ნოემბრის №4251324 წერილით განმცხადებელს 2018 წლის 19 ოქტომბრის №4226852, 2018 წლის 22 ოქტომბრის №4228653, 2018 წლის 24 ოქტომბრის №4233434 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №4237386 გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება განემარტა (ტ. 1, ს.ფ. 57-58).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის არსს და მიზანს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი და საჭირო - ფაქტობრივი/დოკუმენტალური სიცარიელის შევსება წარმოადგენს, შესაბამისად, განმცხადებლისათვის ცხადი და ნათელი უნდა იყოს თუ რა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და რა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, რათა მან შეძლოს ხარვეზის სრულად და ჯეროვნად გამოსწორება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი და მისი პირობა იყო ცალსახად ბუნდოვანი, მასში არ იყო მითითებული ხარვეზის დადგენის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა განმცხადებლის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ სარჩელის დაკმაყოფილება ავტომატურად არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას, თუმცა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულობას კანონიერების და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით, ყველა კონკრეტულ ეტაპზე მიიღოს კანონიერი და სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 4/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №01349-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 4/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №01349-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე