№ბს-406(კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თბერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 20 სექტემბერს მ. კ-მა და ს. კ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა „მ. კ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის №1719/9, „ს. კ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის №1718/9, „მ. კ-ისა და ს. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 29 ივლისის №1119 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მ. კ-ისა და ს. კ-ის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ისა და ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და ს. კ-მა. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. კ-ისა და ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს. აღნიშნული „წესიდან“ გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ყოველთვიური ოდენობა განსაზღვრულია 300 ლარით, ხოლო საქმეში არსებული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ყოველთვიური ოდენობა ერთ ადამიანზე 177.8 ლარს შეადგენს, რაც 2 ადამიანის შემადგენლობით არსებული ოჯახის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში, ჯამში შეადგენს 3933.60 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული საბაკო ამონაწერებით დადგენილ გარემოებაზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მ. კ-ისა და ს. კ-ის უკანასკნელი 6 თვის შემოსავალი შეადგენდა 4537,0 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იყო მიჩნეული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უსაფუძვლო იყო აპელანტების მოთხოვნა, მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და ს. კ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო იმ შემოსავლების შინაარსი, რომელიც მ. კ-ს და ს. კ-ს ჰქონდათ, კერძოდ: ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მ. კ-ის და ს. კ-ის შემოსავალი იყო მხოლოდ მათი საარსებო შემწეობის, პენსიის, ქირის და ს. კ-ისათვის უსინათლოთა კავშირიდან ჩარიცხული თანხები, ყველა აღნიშნული თანხა არის დროებითი და ერთმანეთთან დაკავშირებული. საარსებო შემწეობა ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას, რაც გამოიწვევს მათთვის მერიის მხრიდან ქირის თანხის გაუქმებას და ასევე ს. კ-ისათვის უსინათლოთა კავშირიდან მიღებული დახმარების შეწყვეტას.
კასატორების მითითებით ადმინისტრაციულ ორგანოს ბოლო ექვსი თვის ქირის თანხა 1800 ლარის ოდენობით რომ არ ჩაეთვალა მათ ერთობლივ შემოსავალში, ისინი უპრობლემოდ მიიღებდნენ უსახლკარო პირთა სტატუსს. ქირის თანხა არის ყოველთვიური აუცილებელი ხარჯი და არა ოჯახის შემოსავალი, რის გარეშეც მათი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩება. ქირის თანხას ვერ იყენებენ მათი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, კასატორების მითითებით, ქირის თანხა არ უნდა ჩაეთვალოთ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში.
ამასთან, კასატორების განმარტებით, მართალია კასატორის - ს. კ-ის იურიდიული მისამართი ფორმალურად არის ქ. ქუთაისი, მაგრამ იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს ქ. თბილისში. იგი ვერ ახერხებს ქ. თბილისში ჩაწერას უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობის გარეშე და ქ. თბილისში უძრავი ნივთის შეძენის შესაძლებლობაც არ აქვს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ამ გარემოებებიდან გამომდინარე მათ ხელი ეშლებათ მიიღონ უსახლკარო პირის სტატუსი, რომელიც მართალია, დროებითი ხასიათისაა, მაგრამ მათ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით სტაბილურობის განცდას შეუქმნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. კ-სა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-სა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - მ. კ-ის და ს. კ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 3 თებერვალს მოსარჩელეებმა ს. კ-მა და მ. კ-მა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოსარჩელეთა საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვის თაობაზე და დაადგინა, რომ მოსარჩელე მ. კ-ისა და ს. კ-ის სს „ლ...ის“ 2018 წლის 12 იანვრის ამონაწერების თანახმად, მ. კ-ის ანგარიშებზე კრედიტმა შეადგინა 3220.00 ლარი, ხოლო დებეტმა 2965.70 ლარი. ს. კ-ის ანგარიშებზე კრედიტმა შეადგინა 1317.00 ლარი, ხოლო დებეტმა 1315.79 ლარი. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მ. კ-ისა და ს. კ-ის შემოსავალი იყო საკმარისი ყოველთვიურად ორსულიანი ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის შემოსავალი აღემატებოდა ორსულიანი ოჯახისთვის, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში დადგენილი საარსებო მინიმუმისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ჯამს - 3933.60 ლარს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №30 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა მ. კ-ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №30 ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა ს. კ-ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო.
აღნიშნული ოქმის საფუძველზე, მითითებული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის №1719/9 ბრძანებით, მ. კ-ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
აღნიშნული ოქმის საფუძველზე, მითითებული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის №1718/9 ბრძანებით, ს. კ-ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე.
სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით ს. კ-ის რეგისტრაციის მისამართია ქ. ქუთაისი ... ...ის გამზ. N... ბინა №12, ხოლო მ. კ-ის რეგისტრაციის მისამართია ქ. თბილისი, ... ...ის ქუჩა N....
2018 წლის 16 აგვისტოს, მოსარჩელებმა - მ. კ-მა და ს. კ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის №1719/9 და №1718/9 ბრძანებების ბათილად ცნობისა და უსახლკარო პირებად რეგისტრაცია მოითხოვეს. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად, მოსარჩელეებმა მ. კ-მა და ს. კ-მა წარადგინეს - ცნობები შემოსავლების სამსახურიდან, ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 29 ივლისის №1119 ბრძანებით, მ. კ-ის და ს. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დაამტკიცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომელიც განსაზღვრავს პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით. მე-3 მუხლის საფუძველზე, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ბოლოს კი, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ყოველთვიური ოდენობა განსაზღვრულია 300 ლარით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე საარსებო მინიმუმის ყოველთვიური ოდენობა ერთ ადამიანზე 177.8 ლარს შეადგენს, რაც 2 ადამიანის შემადგენლობით არსებული ოჯახის შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში ჯამში შეადგენს 3933.60 ლარს.
საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. კ-ისა და ს. კ-ის უკანასკნელი 6 თვის შემოსავალი შეადგენდა 4537,0 ლარს, რაც აღემატება საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ყოველთვიურ ოდენობასა და ერთ ადამიანზე საარსებო მინიმუმის ყოველთვიურ ოდენობას და თავის მხრივ, გამორიცხავს განმცხადებელთა მიერ შესაბამისი წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს. კ-ი რეგისტრირებული არის ქ. ქუთაისში, ... ...ის გამზ. N... ბინა №12-ში, რაც ს. კ-ის ნაწილში დამატებით გამორიცხავს მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის სამართლებრივ შესაძლებლობას (წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე