Facebook Twitter

#ბს-352(კ-20) 2 ივნისი , 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჯ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 23 აპრილს დ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის #416 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე ...ის ...) მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის #416 განკარგულება და მოპასუხეს საქმის მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. თბილისში, ...ის ...ის ტერიტორიაზე ...ის ...) მდებარე უძრავ ქონებაზე დ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 51 მუხლის მე-3 პუქტზე და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. პალატის მითითებით, ა. ო-ის, გ. ფ-ის და ე. ფ-ის 2016 წლის 17 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დასტურდებოდა, რომ მათი მეზობელი - დ. ჯ-ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდგომ დღემდე ფაქტიურად ფლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მისამართზე, ქ. თბილისი ...ის 2, ...ის ქუჩა. სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სპეციალისტის ცოდნის გამოყენების მეშვეობით არ დაადგინა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობის აშენების სავარაუდო პერიოდი. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და აღნიშნავს, რომ აღიარებას ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძო ორთოფოტოებით დასტურდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მშენებარე ნაგებობა, რომელიც დასრულებული სახით ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის ორთოფოტოზე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მეორეხარისხოვან მტკიცებულებად აქცევს მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს და კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხავს სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთანავე, კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება, სხვა სახის მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული, რადგან შესაძლოა, მოწმე დაინტერესებული იყოს საქმის შედეგით, რაც განპირობებულია ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული ურთიერთობით, სიმპატიით ან ანტიპატიით.

კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც დამატებით შეიძლება გამოიკვეთოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით. საქმეში დაცული მასალები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის - დ. ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს. სადავო აქტში, დ. ჯ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მითითებულია ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ ორთოფოტოებით დგინდებოდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მშენებარე ნაგებობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები ნათლად ადასტურებს, რომ ნაკვეთზე ნამდვილად მდებარეობს ნაგებობა. მათ შორის, 2005 წლის ორთოფოტოზეც ფიქსირდება გარკვეული ობიექტის არსებობა (ს.ფ. 27). აღნიშნული გარემოება კი არ გამხდარა კომისიის მსჯელობის საგანი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის მიერ არ მომხდარა ნაკვეთის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, ნაგებობის დათვალიერება, მისი აშენების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა. ამასთან, მოთხოვნილი ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დაკავებისა და ფლობის ფაქტი დასტურდება მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში).

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებარა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი - აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის ან ამ ნაგებობის ნანგრევების არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს. ამდენად, მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული გარემოება, რომ ნაკვეთზე მდებარე ნაგებობა დასრულებული სახით ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის ორთოფოტოზე, არ გამორიცხავს სადავო ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, იმ პირობებში, თუ საკითხის ხელახლა განხილვისას დადასტურდება შესაბამისი ობიექტის არსებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე