Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 199-აპ 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

მ. ისაევი

განიხილა ადვოკატების _ ე. ბ-სა და ვ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის განაჩენი გ. გ-სა და ლ. ს-ს მიმართ.

ორივე საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. ს-ს და გ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გვანცელაძე და ლ. ს. ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” პუნქტით, 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯათ: გ. გ-ს თერთმეტი წლით ლ. ს-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით გ. გ-ს და ლ. ს-ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ 2000წ. 23 ნოემბერს, შუაღამისას, დაახლოებით 24 საათსა და 30 წუთზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფნი, ქ. ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ “გეიკოს” მიმდებარე ტერიტორიაზე წინ გადაეღობნენ ქუჩაში ქვეითად მიმავალ ც. დ-ს და მის არასრულწლოვან შვილს, ....წ. თებერვალში დაბადებულ ფ. ჩ-ს, რომლებსაც მოსთხოვეს სქესობრივი კავშირის დაჭერა. ც. დ-მა მათ აუხსნა, რომ იყვნენ დედა-შვილი, გოგონა იყო არასრულწლოვანი და მოსთხოვა გზიდან ჩამოშორება. ასეთმა წინააღმდეგობამ გააღიზიანა მოძალადენი და მოქმედებდნენ რა ურთიერთშეთანხმებულად, გ. გ-მ მხარის არეში ფეხის ჩარტყმით წააქცია ც. დ., ხოლო ლ. ს-მ დედისთვის მიშველების საშუალება არ მისცა ფ. ჩ-ს. ფიზიკურ ძალადობასთან ერთად გ. გ. და ლ. ს. მოკვლით ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, რაც ამ უკანასკნელთა მიერ აღქმულ იქნა რეალურ საფრთხედ. შიშით დათრგუნული დაზარალებულები მშველელის შესაძლო შეხვედრის იმედით გაჰყვნენ მოძალადეებს. ბენზინგასამართ სადგურთან ც. დ-მა შენიშნა რა მსუბუქი ავტომანქანა, გაუსხლტა გ. გ-ს, შეირბინა სადგურის შენობაში და ტელეფონით შველა სთხოვა პოლიციას. ამდენად, გ. გ-მ და ლ. ს-მ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს ც. დ-ს ჯგუფური გაუპატიურება. მიუხედავად ამისა, მათ ძალადობა განაგრძეს არასრულწლოვანი ფ. ჩ-ს ჯგუფური გაუპატიურების ერთიანი განზრახვით. კერძოდ, ძალადობისა და მოკვლის მუქარით მას გააგრძელებინეს გზა, გადაიყვანეს სამას მეტრამდე მანძილის მოშორებით “ბაკალეის” ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქებში, სადაც ურთიერთშორის რიგის განაწილების შემდეგ, ყელის გამოჭრის მუქარით არასრულწლოვან ფ. ჩ-სთან პირველად სქესობრივი კავშირი დაამყარა გ. გ-მ, ხოლო ლ. ს-ს აღარ მიეცა განზრახვის განხორციელების შესაძლებლობა ვინაიდან ისინი დააკავეს ც. დ-ს მიერ საშველად მოხმობილმა პოლიციის მუშაკებმა.

ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ც. დ-ს მიმართ მსჯავრდებულთა მხრიდან არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ფ. ჩ-ს მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა ყალბია. სწორედ ამიტომ ფ. ჩ-მ არ შეასრულა სასამართლოს დადგენილება განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. საჩივარი ასევე თვლის, რომ დაზარალებულად ცნობილმა ც. დ-მა და ფ. ჩ-მ გამოძიებასა და სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები, რაც ნათლად დასტურდება მათი არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ხასიათის განმარტებებით.

ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა მატერიალური სამართლის კანონი, განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, აღმოფხვრილი არ არის მტკიცებულებებს შორის წინააღმდგეობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს, კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაერთი ნორმა და ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ვ. მ-მა და ე. ბ-მ ითხოვეს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა გ. მ-მ.

დაზარალებულებმა _ ც. დ-მა და ფ. ჩ-მ მონაწილეობა არ მიიღეს საქმის საკასაციო განხილვაში და არ წარმოადგინეს საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორებსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივართა მოთხოვნას გ. გ-სა და ლ. ს-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე მისი უსაფუძვლობის გამო. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2000წ. 23 ნოემბერს, ღამით, ქ. ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. გ-მ და ლ. ს-მ ც. დვალისა და ფ. ჩ-ს მიმართ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მაგრამ მათ ქმედებებს სასამართლოს განაჩენით მიცემული აქვს არასწორი სამართლებრივი შეფასება და, აქედან გამომდინარე, არასამართლიანია განსაზღვრული სასჯელებიც.

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. გ. და ლ. ს. წინ გადაეღობნენ ქუჩაში ქვეითად მიმავალ ც. დ-ს და არასრულწლოვან ფ. ჩ-ს, რა დროსაც შეეცადნენ მათ გაუპატიურებას. ამ მიზნით გ. გ-მ მხრის არეში ფეხის ჩარტყმით წააქცია ც. დ., ხოლო ლ. ს-მ დედისთვის მიშველების საშუალება არ მისცა ფ. ჩ-ს.

განაჩენის ზემოაღნიშნული მოსაზრება საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და მხოლოდ ვარაუდის ხასიათს ატარებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-მ და ლ. ს-მ ღამით ქუჩაში შემხვედრ ც. დ-ს და ფ. ჩ-ს შესთავაზეს გაცილება, რაზედაც ეს უკანასკნელები არ დათანხმდნენ და განაგრძეს გზა. მიუხედავად ამისა, გ. გ. და ლ. ს. მათ აედევნენ და არ სცილდებოდნენ. მსვლელობისას ც. დ-ს გზაზე არსებულ ორმოში ჩაუვარდა ფეხი, რის გამოც წაიქცა. წაქცეულმა დვალმა გ. გ-ს მიმართა _ “შვილო რა გინდათ ჩვენგან, რატომ არ გვცილდებითო”. საპასუხოდ გ-მ მიუგო _ “შენი შვილი ვინ არისო” და ფეხი მიარტყა მხრის არეში. ამასთან დაკავშირებით დაზარალებულის სახით დაკითხვისას ც. დ-მა აჩვენა: “მათი საუბრიდან და საქციელიდან გამომდინარე ეტყობოდათ, რომ მათ სქესობრივი კავშირის დამყარება უნდოდათ”. როგორც აღნიშნული ჩვენებიდან ირკვევა, ც. დ-თან და ფ. ჩ-სთან ქუჩაში შეხვედრის, საუბრის და სახლამდე გაცილების შეთავაზების დროს, გ. გ-ს და ლ. ს-ს ამოძრავებდათ მათთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სურვილი, რაც არ შეიძლება შეფასებულ იქნეს გაუპატიურების მცდელობად. ამდენად, გ. გ-ს და ლ. ს-ს ქმედება არ მოიცავს ურთიერთ შეთანხმებით ც. დ-ს და ფ. ჩ-ს ჯგუფურად გაუპატიურების მცდელობას, რის გამოც მათ უნდა მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ს-მ მუქარის ტონით მიმართა ც. დ-ს _ “არ გამასულელოთ, თორემ ორივეს ტვინს გაგიხვრიტავთო”, რითაც მუქარის განხორციელების რეალური შიში გაუჩნდა დაზარალებულს, მისი ქმედება გაუპატიურების მცდელობის ნაცვლად უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.

საქმის მასალებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ფ. ჩ-ს მიმართ სასამართლო _ სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა მისი საქალწულო აპკის მთლიანობის დარღვევა, ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ექსპერტები გაფრთხილებული არ ყოფილან ყალბი დასკვნის გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე. გარდა ამისა, კომისიურ საექსპერტო დასკვნას ორიდან ერთ ექსპერტის ნაცვლად ხელს აწერს სხვა, არაკომპეტენტური, უცნობი პირი. ფ. ჩ-მ კატეგორიული უარი განაცხადა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე და არ შეასრულა ამ საკითხზე სასამართლოს დადგენილება. მომავალში კი ექსპერტიზის ჩატარება ხანდაზმულობის გამო რაიმე შედეგის მომტანი ვეღარ იქნება. ზემოაღნიშნული დარღვევის გათვალისწინებით, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება ჩათვლილ იქნეს ფ. ჩ-ს გაუპატიურების დამადასტურებელ სრულფასოვან მტკიცებულებად. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება ფ. ჩ-ს მიმართ უნდა შეფასდეს როგორც გაუპატიურების მცდელობა და არა დასრულებული დანაშაული.

საქმის მასალებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ გ. გ-ს მიერ არასრულწლოვან ფ. ჩ-ს გაუპატიურების მცდელობის დროს ლ. ს. მათგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და მას ფიზიკურად არ შეეძლო რაიმე აქტიური დახმარება გაეწია გ. გ-სათვის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ. ს. სიტყვიერად მიმართავდა ფ. ჩ-ს, დროულად მოეთავებინათ სქესობრივი აქტი, არ შეიძლება განხილულ იქნეს ჯგუფური გაუპატიურების მცდელობად. ამასთან, საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ლ. ს-ს დამოუკიდებლად, ფ. ჩ-ს გაუპატიურების მიზნით, არავითარი მცდელობა არ განუხორციელებია. მან სიტყვიერად გამოხატა მხოლოდ ის აზრი, რომ ფ. ჩ-ს სქესობრივი კავშირის დასაჭერად წაიყვანდა უფრო კომფორტულ ადგილზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, გ. გ-ს ბრალიდან უნდა ამოირიცხოს ასევე სსკ-ის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები, ხოლო სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და შესაბამისად განესაზღვროს სასჯელის ზომა. შესაბამისად ამისა, ლ. ს-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან და 19,137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განაჩენში გ. გ-ს და ლ. ს-ს მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) განაჩენიდან ამოირიცხოს გ. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19 და 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და ზემოაღნიშნულ ბრალდებებში შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

ბ) გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 და 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და ამ კვალიფიკაციით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

გ) განაჩენიდან ამოირიცხოს ლ. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება;

დ) ლ. ს-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან და 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 150-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 151-ე მუხლით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაო. საქართველოს სსკ-ის 59-ე და 61-ე მუხლების საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვროს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელი ლ. ს-ს ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოა და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.