№ბს-734(კ-20) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ც. ც-).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 1 ნოემბერს ც. ც-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის № 01-667/ო ბრძანების - ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის № 01-667/ო ბრძანების - ბათილად ცნობასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ დამატებით მოპასუხისათვის ც. ც-ს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ც-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ც-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ც. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის №01-667/ო ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდებოდა, რომ ზუგდიდში, ყაზბეგის ქ.№7-ში არსებული 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 129,26 კვ.მ. 2016 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ზ. ც-ას სახელზე.
2018 წლის 30 ოქტომბრის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ც. ც- რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზუგდიდი, ...ის ქ.N.... სარეიტინგო ქულა - 3300 (ქულის მინიჭების თარიღი 02.11.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 03.10.2017 წელი) (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ზ. ც-ა).
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული №65 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ც. ც-ს ჰქონდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის იშემიური ტიპის მყარი ნარჩენი მოვლენები. 2001 წლიდან იყო ავადმყოფი დინამიკაში გაუარესებით. გაცემული ცნობის თანახმად - იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი.
ც. ც-მ განცხადებით (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ც. ც-მ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, ც. ც- ოჯახის ერთადერთი წევრი იყო; ჰყავდა ერთი და ზ. ც-ა - არადევნილი; ც. ც- იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი და მას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნდა; ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 3300; იგი ცხოვრობდა დის ზ. ც-ას სახლში; ოჯახის საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება არ გააჩნდა. მისი საცხოვრებელი არ იყო ნგრევადი და გარემოს არ ჰქონდა მავნე ქიმიური შემადგენლობა; ც. ც- განსახლების ადგილად ირჩევდა ზუგდიდში, ...ს ქ. N...-ში ახლად აშენებულ კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ფართს. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელე ც. ც-მ (დამისამართებული ზუგდიდი, ....ის ქ.N..., ფაქტიური მისამართი: ზუგდიდი, ....ის ქ.N...) შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღებაზე განაცხადი ზუგდიდში მდებარე ობიექტზე, ერთ სულზე. სარეგისტრაციო ნომერზე ფიქსირდებოდა მარტო. მოსარჩელის დას - ზ. ც-ას გააჩნდა საკუთრება მისამართზე: ზუგდიდი, ....ის ქ.N.... აღნიშნული განცხადება შესწავლილი იქნა მოპასუხის მიერ და 2014 წელს განხორციელებული წინასწარი შეფასების შედეგად განაცხადს მიენიჭა 6 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 2 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 3 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა. 2018 წელს განხორციელდა განაცხადის გადაფასება და ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8.5 ქულა. საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად) - 1.50 ქულა. მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა. სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მკვეთრად გამოხატული) - 3 ქულა. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2018 წლის 28 იანვარს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე ზუგდიდი, ალ....ის ქ.N... (ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ს/კ ... შენობა ნაგებობა №1, განაშენიანების საერთო ფართი 129.26 კვ.მ) მისამართზე იმყოფებოდა ც. ც-ს და - ზ. ც-ა, რომელიც იყო ფართის მესაკუთრე და თავად ც. ც-. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მიხედვით ც. ც- და - ზ. ც-ა ფიქსირდებოდა მისამართზე: ზუგდიდი, ალ....ის ქ.N.... (სარეიტინგო ქულა 3300, მინიჭების თარიღი 02.11.2017). 2018 წლის 25 მარტს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა მონიტორინგი სოფელ ...ში, ც. ც-ს მამაპაპისეულ ხის საცხოვრებელ სახლში, სადაც არავინ იმყოფებოდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის №01-667/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №22 ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ც. ც-ს ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო. ვინაიდან, ც. ც-ს სოფელ ...ში გააჩნდა მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში ,,მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან“ დააკლდა 1 ქულა. ასევე, მიეთითა, რომ ც. ც-ს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობდა 1999 წლიდან დასთან და დისშვილთან ერთად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე და სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომლის მე-4 მუხლი ითვალისწინებდა დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას, ხოლო მე-6 მუხლით დადგენილი იყო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. სააპელაციო პალატის შეფასებით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების მიხედვით შეფასება ხდებოდა, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ჩხოროწყუს რაიონის, სოფელ ...ში მდებარე მამაპაპისეული სახლი არ წარმოადგენდა ც. ც-ს საკუთრებას და იგი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ჰქონდა ც. ც-ს ძმის შვილს - ზ. ც-ს, რომელიც, როგორც აპელანტი მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა საკუთარ ოჯახთან ერთად. ზ. ც-ას საკუთრებად რიცხულ ბინაში კი, ცაციკო და ზ. ც-ებთან ერთად ცხოვრობდა აპელანტის დის შვილი ვ. ლ-ა თავისი ოჯახით. აპელანტის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, რომ დის შვილს ც. ც-სთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. შესაბამისად, ც. ც-სათვისათვის აღნიშნულ ბინაში ცხოვრება დაკავშირებული იყო მუდმივ დაძაბულობასთან და სტრესთან, რაც მისთვის როგორც მძიმე დაავადების მატარებელი პირისათვის იყო სავალალო შედეგების მომტანი ((საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული №65 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ც. ც-ს ჰქონდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის იშემიური ტიპის მყარი ნარჩენი მოვლენები. 2001 წლიდან იყო ავადმყოფი დინამიკაში გაუარესებით. ცნობის მიხედვით, იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გამოეკვლია ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა ც. ც-ს ოჯახის შემადგენლობა, ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის არსებობა, ც. ც-ს საცხოვრებელი პირობები და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელეს არ უფიქსირდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის სადავო. არც, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა წარმოადგენს სადავო საკითხს. აღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო და სწორედ მათი გათვალისწინებით იქნა მიღებულ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, მითითებული გარემოებების ხელახლა გამოკვლევა და შეფასება ვერ შექმნის საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს. რაც შეეხება მოსარჩელესა და მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შორის დაძაბულ და კონფლიქტურ ურთიერთობას, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული და მისი გათვალისწინების შემთხვევაშიც, არ შეიძლება ჩაითვალოს დევნილისათვის განსახლების მიზნით პრიორიტეტის მინიჭების საფუძვლად.
კასატორი უთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართელოს კანონზე და სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ც. ც-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-13 მუხლზე (მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები), რომლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე), კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (ოქმი №22) საფუძველზე სამინისტროს 2018 წლის 21 სექტემბრის №01-667/ო ბრძანებით ც. ც-ს ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო, იმ მოტივით, რომ ც. ც-ს სოფელ ...ში გააჩნია მამაპაპისეული საკუთრება. ამასთან, კრიტერიუმში: ,,მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან“, დააკლდა 1 ქულა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებელს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქ.N... (დის საკუთრება), სადაც ცხოვრობს 1999 წლიდან და სარგებლობს ფართით შეუფერხებლად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე სტაბილურად ცხოვრობს დასთან და მისი დის შვილის ოჯახთან, „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“-დან გამომდინარე, მის მიმართ უნდა გამოირიცხოს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). საყურადღებოა, რომ მოსარჩელე - ც. ც- არის 81 წლის, მას არ მიუღია კომპენსაცია და არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 თებერვალს გაცემული №65 ცნობისა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ც. ც-ს აქვს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის იშემიური ტიპის მყარი ნარჩენი მოვლენები, 2001 წლიდან არის ავადმყოფი დინამიკაში გაუარესებით. ცნობისა და „ფორმის“ თანახმად ც. ც- არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული სტატუსით (ს.ფ. 19; 52). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის გონივრული ვადის დაცვის აუცილებლობა, რისი გაუთვალისწინებლობაც, შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს უფლების არსს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე