საქმე №ბს-365(კ-21) 12 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინებით ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 21.09.2020წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ა-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 29.04.2021წ. განჩინებით ს. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის (იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში) და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს პირადად.
დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ ვერ მოახერხა კასატორთან დაკავშირება.
საკასაციო სასამართლოს 01.06.2021წ. განჩინებით ს. ა-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნის (იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში) და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა კასატორს პირადად.
დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანი.
საკასაციო სასამართლოს 15.06.2021წ. განჩინებით ს. ა-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2021წ. განჩინების ასლი კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი კასატორის შვილს - ასატურ აკოპიანს 23.06.2021წ. ჩაბარდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. ა-ის შვილს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა 23.06.2021წ., ამდენად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო - 30.06.2021წ. აღნიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ს. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2021წ. განჩინებაზე ს. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე