Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-585(კ-21) 2 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

2021 წლის 5 მარტს რ. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელე რ. ჩ-ს სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა სარჩელის კანონით დადგენილი წესით შედგენა, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტება, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და იმ მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, რომელიც მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა. მოსარჩელეს აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 დღიანი ვადა. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო სააპელაციო პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო. ამასთან, ამავე განჩინებით რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრით საჩივრდება. რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა მან ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია ისეთი განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან სამართალწარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რის შესახებაც მხარეს თავად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა. ამდენად, მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სადავოდ გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არ საჩივრდება არც საკასაციო და არც კერძო საჩივრით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე