საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1176(კ-20) 8 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კერძო აღმასრულებელი - ნ. ბ-ი
მესამე პირები - შპს „მ...ი“, ლ. ხ-ი, ი. ს-ე, ბ. გ-ა, ვ. გ-ა, მ. დ-ი, გ. ფ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 14 დეკემბერს გ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კერძო აღმასრულებელი - ნ. ბ-ი და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 მაისის №..., №... და №... გადაწყვეტილებების, ამავე სააგენტოს 2015 წლის 16 ნოემბრის №..., №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: ... და ...) მოსარჩელისათვის დაბრუნება, ასევე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ნოემბრის №A15032939-021/001 განკარგულებისა და 2015 წლის 19 ნოემბრის №4998 ბრძანების ბათილად ცნობა, კერძო აღმასრულებლის - ნ. ბ-ის მიერ განხორციელებული სააღსრულებლო მოქმედებების უკანონოდ ცნობა და მოპასუხეებისათვის გ. გ-ასთვის მიყენებული ზიანის სახით 193 800 ლარის ანაზღაურება (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაეკისროს 55 200 ლარი; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს - 55 200 ლარი; კერძო აღმასრულებელს - ნ. ბ-ს - 43 200 ლარი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - 40 200 ლარი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ლ. ხ-ი, ი. ს-ე, ბ. გ-ა, ვ. გ-ა, მ. დ-ი და გ. ფ-ე, ხოლო 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით - შპს „მ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი კერძო აღმასრულებლის - ნ. ბ-ის ქმედება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ამ, ბ. გ-ამ, მ. დ-მა, ვ. გ-ამ, ი. ს-ემ და გ. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ას, ბ. გ-ას, მ. დ-ის, ვ. გ-ას, ი. ს-ისა და გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ი. ს-ის ნაწილში დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. გ-ას, ბ. გ-ას, მ. დ-ის, ვ. გ-ასა და გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის კასატორთა წრისა და კასატორთა მისამართების მითითებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, კასატორთა დაზუსტების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან კასატორთა მიერ სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გაცემული მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის, 19 მარტისა და 16 აპრილის განჩინებებით კასატორს, მისი წარმომადგენლის მოთხოვნისა და წარმოდგენილი განცხადებების შინაარსის გათვალისწინებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა. ამასთან, 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მხარეს ხაზგასმით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2021 წლის 13 მაისს გ. გ-ას წარმომადგენელმა - ა. გ-მ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა წარმოადგინა ა. გ-სა და გ. გ-ას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ სანოტარო აქტი. ამასთან, ა. გ-მ გ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობა და აქედან გამომდინარე, მისი, როგორც კასატორის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა კასატორის - გ. გ-ას უფლებამონაცვლედ ა. გ-ს ცნობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, გ. გ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უზენაესი სასამართლოს მითითებული განჩინებით მხარეს კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის ფაქტს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დაინტერესებულ მხარეს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეუძლია იშუამდგომლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.
2021 წლის 29 ივნისს გ. გ-ას წარმომადგენელმა - ა. გ-მ კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი არ არის შევსებული, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი მოცემული დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორს ოთხჯერ უკვე უშედეგოდ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა, ხარვეზის შესავსებად მისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა კი საკმარისი იყო და იძლეოდა ხარვეზის აღმოფხვრის რეალურ შესაძლებლობას. ამასთან, მხარე ვერ უთითებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის ობიექტურ მიზეზებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და გ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე