Facebook Twitter

ბს-854(კ-20) 02 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. თ-მ 04.01.2019წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.12.2018წ. N1000617715 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.12.2018წ. N1000617715 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. თ-სთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო და შრომით საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სწორედ ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაც გახდა სააგენტოს სადავო აქტის გამოცემის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალები, არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოში, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ბიუჯეტში იხდის გადასახადებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. ბინადრობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა მიღებული ინფორმაციით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარებით და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 03.12.2018წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემა მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 03.12.2018წ. წერილის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მიერ 15.06.2021წ. Nბს-854(კ-20) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მ. თ-სთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალების, მათ შორის გადასახადის გადამხდელის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით, შედარების აქტებით, სახელფასო უწყისებით და სხვ. დასტურდება, რომ მოსარჩელეს საქართველოში დაფუძნებული აქვს შპს „...ი“ და დასაქმებულია შპს-ს დირექტორად, შპს-ში დასაქმებული არიან ასევე სხვა პირებიც, რომლებზეც ხდება ხელფასების გაცემა. დგინდება აგრეთვე, რომ შპს „...ს“ აქვს თანხების ბრუნვა, უფიქსირდება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, მიღებული აქვს ელ. ზედნადებები, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახადებს. ამასთანავე, მ. თ-სთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერებაზე იმსჯელა სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა შპს „...ის“ შემოსავლების, გადასახადების გადახდის, სალარო აპარატის ფისკალურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული ბრუნვის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე და კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ უარი არ ეფუძნებოდა სათანადოდ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების დადგენის გარეშე, სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე ან დამატებით მტკიცებულებებზე, რაც საფუძვლად დაედო მ. თ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სააგენტოს არ დაუსაბუთებია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მითითებების მიუხედავად, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება, საკითხის გადაწყვეტისას საქმეში დაცული, მათ შორის სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული, მტკიცებულებების გათვალისწინება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2020წ. განჩინება;

3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ. 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 02.10.2020წ. N42701 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N 1.200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე