Facebook Twitter

ბს-238(კ-21) 16 ივლისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-მა 27.06.2019წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, 14.12.2018წ. შევსებული დეკლარაციის, 23.05.2019წ. N04-10/2990 გადაწყვეტილების, 21.05.2019წ. წერილობითი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ახალი დეკლარაციის არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შედგენა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა.

თელავის რაიონული სასამართლოს 14.08.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

თელავის რაიონული სასამართლოს 12.12.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხრეო ცენტრის 23.05.2019 წ. №04-10/2990 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 14.12.2018წ. შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ლ.კ-ს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 81980 ერთეული და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ოჯახის დეკლარაციის გამოცემა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ახალი სარეიტინგო ქულა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაინული სასამართლოს 12.12.2019წ. გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სოციალური დახმარების სახეა საარსებო შემწეობა (მე-6 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (მე-7 მუხ.). სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 14.12.2018წ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა სოციალურმა აგენტმა შეავსო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია ერთ წევრზე. მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“ დაფიქსირდა, რომ ლ. კ-ს აქვს არასრული უმაღლესი/შეწყვეტილი განათლება. ამავე მოდულის C2 გრაფაში მონიშნული და გადახაზულია - საშუალო განათლება. ასევე, დაფიქსირდა, რომ ლ. კ-მა გასულ 12 თვეში მიიღო სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი - 400 ლარი. მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 147,85 ლარი. მონაცემთა დამუშავების შედეგად, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 81980 ერთეულით, აღნიშნული დეკლარაცია ძალაში შევიდა 13.01.2019 წ.. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 14.12.2018წ. N3864 ცნობის თანახმად, ლ. კ-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის აგვისტოდან - 2018 წლის 14 დეკემბრამდე მიღებული აქვს ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად, თანხა 400 ლარის ოდენობით. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერის 04.09.2017 წ. N809 ბრძანების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ,,სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების პროგრამიდან“ ლ.კ-ს ჩაერიცხა თანხა 200 ლარის ოდენობით. თელავის მუნიციპალიტეტის მერის 27.08.2018 წ. N1307 ბრძანების საფუძველზე, „სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების პროგრამიდან“ ლ. კ-ზე გაიცა დახმარება 200 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ელექტროენერგიის აბონენტის ამონაწერის თანახმად, ლ. კ-ს 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის პერიოდში უფიქსირდება მოხმარებული ელექტროენერგიის თანხები, ასევე, დაფიქსირებულია მონაცემები გადახდების და დავალიანებების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა 29.10.2018წ. შუამდგომლობით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს ლ. კ-ისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხის განსახილველად, მიმართვაში აღინიშნა, რომ ლ. კ-ი არის მარტოხელა და განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას. პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.მ-ის ჩვენებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ნ. მ-ე მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, მის მიერ მოხდა ოჯახის დეკლარაციის შევსება 14.12.2018 წ.. ლ. კ-ი ცხოვრობდა მარტო. მოწმემ განმარტა, რომ დეკლარაცია შეივსო კითხვა- პასუხის რეჟიმით, მას შემდეგ რაც მოხდა საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერება. მოწმის განმარტებით, ლ. კ-ის საცხოვრებელი ადგილი იყო ყოველმხრივ უპირობო, მოსარჩელეს არ ჰქონდა ბუნებრივი აირი. დეკემბერში, როდესაც განახორციელა ვიზიტი, მოსარჩელე გასათბობად იყენებდა დენის გამათბობელს, მოსარჩელეს არ ჰქონდა წყალი. ოჯახის დეკლარაციის გრაფაში მან დააფიქსირა მოსარჩელის განათლება როგორც არასრული/შეწყვეტილი უმაღლესი, მონაცემის შევსებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ მოუძიებია განათლების დამდასტურებელი სხვა ინფორმაცია და არ გამოუკვლევია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ სააგენტოს აქვს ელექტროენერგიის დახარჯვის ბაზა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დავალიანება ჰქონდა 547 ლარი. მოწმის განმარტებით, დეკლარაციის შევსების დროს ამ თანხას გამოაკლო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩარიცხული 400 ლარი და 147 ლარი მიუთითა მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯში. ასევე, სხვა არარეგულარულ შემოსავალში მიეთითა მერიის მიერ გაცემული თანხა 400 ლარი. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წ. №126 დადგენილების მე-11 მუხლის საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ უფლებამოსილი პირი დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ დაუდგენია ყველა ის ობიექტური მონაცემი და ინფორმაცია, რაც აისახა სადავო დეკლარაციაში. ლ. კ-ის განათლების შესახებ მონაცემი სოციალურმა აგენტმა მიუთითა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ გასულ 12 თვეში მოსარჩელემ მიიღო სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი - 400 ლარი, თუმცა დადგენილია, რომ ეს თანხა არის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოციალური დახმარების პროგრამით გაცემული თანხა. ასევე დადგენილია, რომ ლ. კ-ისთვის სათბობ და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ელექტროენერგია, რომელიც, დავალიანების გამო ხშირად არის გათიშული. პალატამ აღნიშნა, რომ სოციალურ აგენტს სრულყოფილად უნდა შეესწავლა, შეეჯერებინა ყველა მონაცემი და ისე აესახა დეკლარაციაში ელექტროენერგიის დანახარჯი. სადავო დეკლარაცია ისე იქნა შევსებული, რომ სოციალურ აგენტს არ გამოუკვლევია სხვა გარემოებები, მათ შორის, მოსარჩელის შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა მონაცემები, რაც გავლენას მოახდენდა დეკლარაციის საფუძველზე სწორი სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2020წ. განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული მტკიცებულებები. კასატორმა მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3, მე-11 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დეკლარაცია შევსებულ იქნა ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით. გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციის ყველა გვერდზე არის ლ. კ-ის ხელმოწერა, რითაც იგი ადასტურებს დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორეს. კასატორმა აღნიშნა, რომ აღარ არსებობს 2018წ. შევსებული დეკლარაციის მართლზომიერებაზე მსჯელობის საჭიროება, რადგან 2020 წ. ხელახლა შემოწმდა ლ. კ-ი, შეივსო ახალი დეკლარაცია და განესაზღვრა ქულა - 68850, რაც ასევე არ ქმნის საარსებო შემწეობის გაცემის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. მოსარჩელის განმარტებით მას აქვს უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, არის მარტოხელა, ცხოვრობს სარდაფში, არ აქვს სველი წერტილი, არ არის უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, არ აქვს პირველადი მოხმარების ელემენტარული ნივთებიც კი, იკვებება უმწეოთა და უპოვართა სამსახურის უფასო კვების სასადილოში. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სოციალურმა მუშაკმა ნ. მ-ემ განმარტა, რომ ლ. კ-ი ცხოვრობს მარტო, მისი საცხოვრებელი ადგილი არის ყოველმხრივ უპირობო, საცხოვრებელში არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი, დეკლარაციის შევსებისას მიუთითა, რომ ლ. კ-ი არის ღატაკი, რის გამო მისთვის გაურკვეველია სარეიტინგო ქულის გაზრდის მიზეზები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა აგრეთვე სოციალური მუშაკი გ. ბაზიერაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ლ. კ-ის მეზობლებისაგან მიიღო ინფორმაცია მოსარჩელის უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის შესახებ. საქმეში დაცულია თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისადმი გაგზავნილი მიმართვა, რომლის თანახმად, ლ. კ-ი არის მარტოხელა და განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას (ტ.1, ს.ფ. 15), ამასთანავე თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ უმწეოთა და უპოვართა სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ლ. კ-ი იკვებება უმწეოთა და უპოვართა სამსახურის უფასო კვების სასადილოში (ტ.1, ს.ფ. 16). საქმის მასალებით დგინდება აგრეთვე, რომ ლ. კ-ი სათბობი მიზნით იყენებს ელექტროენერგიას, ხოლო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადარიცხული აქვს თანხა (ჯამში 400 ლარი) სათბობის შესაძენად ფინანსური დახმარების გაწევის სოციალური პროგრამის ფარგლებში. ოჯახის დეკლარაციის შევსებისას სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული თანხა მიეთითა ოჯახის არარეგულარულ ფულად შემოსავალში, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა აგრეთვე კომუნალური დავალიანების თანხის ოდენობის მითითებისას. საქმის მასალებით დგინდება აგრეთვე, რომ არასრულად იქნა გამოკვლეული ინფორმაცია ლ. კ-ის განათლების, შრომისუნარიანობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახის დეკლარაციის „F“ გრაფაში („სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ - ტ.1, ს.ფ.120) ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგად შეფასებად მითითებულია ღატაკი, ამავე ფურცელზე ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ 12.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ღატაკად შეიძლება ჩათვლილიყო შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად ედგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეეძლოთ იმ მინიმალური საკვების მოპოვება, რაც აუცილებელი იყო მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნიდა იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭირო იყო შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის. განსახილველ შემთხვევაში ლ. კ-ის ერთწევრიანი ოჯახი ერთი მხრივ მიჩნეულ იქნა ღატაკად, ხოლო მეორე მხრივ მიენიჭა ისეთი სარეიტინგო ქულა, რაც გამორიცხავს შემწეობის დანიშვნას. აღნიშნული ორი გარემოება ურთიერთგამომრიცხავია, რაც საქმის მასალების გათვალისწინებით სარეიტინგო ქულის დაუსაბუთებლად მინიჭებას ადასტურებს. ამდენად, მართებულია მოსაზრება, რომ არსებობს კონკრეტული ოდენობით სარეიტინგო ქულის მინიჭების ბათილად ცნობის და კასატორისათვის მისი ხელახლა გადაანგარიშების დავალების საფუძველი.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საკასაციო საჩივარი ძირითადად შედგება ნორმათა ციტირებისაგან და არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში აქტით დამდგარი შედეგის მართლზომიერება არ დგინდება. ის გარემოება, რომ 2020 წელს ხელახლა შემოწმდა მოსარჩელე აგრეთვე არ ახდენს რაიმე გავლენას 2018 წელს შევსებული დეკლარაციის კანონიერებაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსათვის უცნობია რა მონაცემებით იხელმძღვანელა სოციალურმა ორგანომ დეკლარაციის ხელახლა შევსებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას რამდენად იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მითითებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.08.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე