Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1144(კ-20) 21 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2016წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. კ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 30.10.2020წ. განჩინებით დ. კ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. დადგენილ ვადაში დ. კ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება. საკასაციო სასამართლოს 30.11.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. კ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა 20 დღით. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. დადგენილ ვადაში სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების მოთხოვნით მომართა კასატორის წარმომადგენელმა. საკასაციო პალატის 11.02.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. კ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. 11.02.2021 წ. განჩინება ორჯერ გაეგზავნა დ. კ-ის წარმომადგენელ მ. ლ-ს იმ მისამართზე, რომელზეც ხდებოდა მისთვის კორესპონდენციების ჩაბარება, თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა, გზავნილის შესახებ ტელეფონით მისი ინფორმირების მიუხედავად. მ. ლ-თან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად დაზუსტდა აგრეთვე უშუალოდ დ. კ-ის მისამართი, სადაც შემდგომში გაიგზავნა საკასაციო პალატის 11.02.2021წ. განჩინება, თუმცა ჩაბარება ვერ მოხდა. გზავნილის მხარისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა სასამართლოსათვის ცნობილ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირების მიუხედავად, რის შემდეგ საკასაციო პალატის 25.06.2021წ. განჩინების საფუძველზე ხარვეზის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 11.02.2021წ. განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. მხარეს განემარტა, რომ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს, მითითებული თარიღიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კი - საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 28.06.2021წ.. სსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 06.07.2021წ. და ამოიწურა 15.07.2021წ.. დადგენილ ვადაში კასატორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2018წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე