Facebook Twitter

ბს- 430 (კს-21) 16 ივლისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

განიხილა ნ. კ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2021წ. განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2021წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე (აპელანტი (სასკ-ის 16.2 მუხ.) - ნ. კ-ე; აპელანტი (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია; მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ხ-ი; მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები (სასკ-ის 16.2 მუხ.) - ვ. გ-ი, გ., თ., ზ., ზ., შ., მ. და ს. ხ-ები; გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონულის სასამართლოს 11.06.2020წ. გადაწყვეტილება) შეჩერდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლის დადგენამდე, გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა მესამე პირის - თ. ხ-ის გარდაცვალება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, ნ. კ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში - 05.07.2021წ. ნ. კ-ის წარმომადგენელმა თ. თ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი განცხადებით ითხოვა საქმის განახლება, რის გამო აღარ არსებობს კერძო საჩივრის განხილვის აუცილებლობა. განცხადებაზე თანდართული იყო კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. განმცხადებელმა ითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. 15.07.2021წ. ნ. კ-ის წარმომადგენელმა თ. თ-მა დამატებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივრის განხილვაზე და სურს მისი განუხილველად დატოვება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის განახლების მოთხოვნის გამო.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს ნ. კ-ეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია ნ. კ-ის წარმომადგენლის თ. თ-ის მიერ, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმეში (ტ.3.ს.ფ.164) დაცული რწმუნებულებით. 18.09.2020წ. გაცემულ N200725450 რწმუნებულებით წარმომადგენელს სამი წლის ვადით აქვს მინიჭებული სარჩელზე უარის თქმის უფლება, რაც ადასტურებს წარმომადგენლის კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის ნ. კ-ის წარმომადგენელმა თ. თ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა კერძო საჩივარზე, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთ მითითებული გარემოებისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 05.07.2021წ. 15.07.2021წ. წარმოდგენილი განცხადებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო პალატაში 20.05.2021წ. მიმართვით გადმოგზავნილი, საქმის განახლების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის - შ. ხ-ის 18.05.2021წ. განცხადებით დასტურდება დავის საგნის არარსებობა, ვინაიდან კერძო საჩივარი წარდგენილ იქნა საქმის წარმოების შეჩერების არამართლზომიერების დადგენისა და საქმის წარმოების განახლების მიზნით, რისი საჭიროებაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემდგომ, აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 3.2 მუხლის საფუძველზე კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 390-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ნ. კ-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. ნ. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე 29.04.2021წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე