საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-609(კ-21) 12 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებაზე
რ. ჩ-მ 19.02.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. ძ-ის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს დაუდგინდა ხარვეზი, 17.03.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, 29.04.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-მ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 419.3 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად იყო კერძო საჩივარი, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება სწორედ კერძო საჩივრით (სსკ-ის 447.1 მუხ.). რ. ჩ-ს კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა დადგენილ ვადაში რ. ჩ-მ ვერ უზრუნველყო ხარვეზის გამოსწორება, რის გამო რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ამასთანავე, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე