ბს-948(2კ-19) 08 ივლისი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. N20666 ბრძანების, 02.05.2017წ. N1036423 ბრძანების ბათილად ცნობის, დ. მ-ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2017 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.01.2017წ. N20666 და 02.05.2017წ. N1036423 ადმინისტრაციული აქტები, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და დ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ... მოიცავდა შემდეგ თანამდებობებს: წამყვანი სპეციალისტი (კანცელარიის უფროსი), სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი, ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა - 1); წამყვანი სპეციალისტი, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი, ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა - 1); სპეციალისტი, სპეციალური წოდებით - ...ის ..., ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა - 2); სპეციალისტი (მდივანი - საქმის მწარმოებელი), სპეციალური წოდებით - ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა - 3); სპეციალისტი (ოპერატორი), სპეციალური წოდებით - ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა - 4). რეორგანიზაციის შემდგომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი აღარ მოიცავდა ადმინისტრაციის სამმართველოს, თუმცა დეპარტამენტში ჩამოყალიბდა საქმის წარმოების ჯგუფი, რომელშიც შევიდა: წამყვანი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი), სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი, ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა 1); წამყვანი სპეციალისტი, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი, ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა 2); სპეციალისტი, სპეციალური წოდებით - ს/მ (თანამდებობათა რაოდენობა 2). შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) კანცელარიის სპეციალისტი, ...ის ... - დ. მ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, ხოლო მოგვიანებით გათავისუფლდა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით. პალატამ აღნიშნა, რომ წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას მაშინაც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, აქტში მითითებული უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. მისი გამოცემისას დარღვეულ იქნა აგრეთვე სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე, 96-ე, 97-ე მუხლები პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ ისეთი რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამსახურის რეორგანიზაციის შემდგომი სტრუქტურა მართალია არ ითვალისწინებს კანცელარიის სამსახურს, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე, თუმცა შეიქმნა ახალი სამსახური - საქმის წარმოების ჯგუფი, რომელშიც შევიდა სპეციალისტის შტატი დაახლოებით იგივე ფუნქციით. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელებამდე ...ში გათვალისწინებული იყო სპეციალისტის (სპეციალური წოდებით ...ის ..., ს/მ) 2 შტატი, რეორგანიზაციის შემდგომ შექმნილი საქმის წარმოების ჯგუფში სპეციალისტის თანამდებობა განისაზღვრა ისევ 2 ერთეულით და სპეციალურ წოდებად განესაზღვრა სამოქალაქო პირი. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იქნა წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შტატების შემცირების მოტივით დ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ და ამ მონაცემის ურთიერთშედარებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა სამსახურში დატოვებასთან თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. შსს-ს მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლების, კონკრეტული მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმების, რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ თანამდებობებზე მოსარჩელის დანიშვნის შეუძლებლობის დასასაბუთებლად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევის საჭიროება. დ. მ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დადგენამდე სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის, დ. მ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დ. მ-ემ.
კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციისას, მოხელე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ 31.12.2016წ. N3258240 საშტატო-საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მთლიანი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში რეორგანიზაციის და შტატების შემცირების გამო. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია (სამმართველო) და შესაბამისად, - ადმინისტრაციის ..., სადაც მუშაობდა მოსარჩელე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება კანონშესაბამისია.
კასატორმა დ. მ-ემ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს, საქმეში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე, შეეძლო თავად გადაეწყვიტა დავა არსებითად. სასამართლომ დაადგინა, რომ რეორგანიზაციის შედეგად სპეციალისტის შტატების რაოდენობა არ არის შემცირებული და კვლავ 2 ერთეულით განისაზღვრა, განმასხვავებელი ნიშანი არის მხოლოდ სპეციალისტის სპეციალური წოდება. ამდენად, ირკვევა, რომ დ. მ-ის თანამდებობა არ შემცირებულა, ახალ თანამდებობას არ დაკისრებია ისეთი ფუნქციების შესრულება, რასაც მოსარჩელე ვერ შეასრულებდა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დ. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ადასტურებს შტატის გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა, ხოლო მოგვიანებით შსს ორგანოებიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება რეორგანიზაციის შედეგად სპეციალისტის შტატის შენარჩუნება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ არსებული შტატების დასაკავებლად გათვალისწინებულ განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, არსებითად განსხვავებულ ფუნქციურ დატვირთვაზე. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ახლადშექმნილი შტატი დ. მ-ის მიერ დაკავებულ თანამდებობის ფუნქციურ მსგავს საშტატო ერთეულად მიიჩნიეს, შსს-ს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე სახის ახსნა-განმარტებას აღნიშნულ თანამდებობათა ფუნქციურ დატვირთვას შორის არსებითი სხვაობის შესახებ. სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ დაუსაბუთებია დ. მ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური გაუქმება, დ. მ-ის მიერ დაკავებული შტატის შემცირება. შტატისათვის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების შეცვლა არ ქმნის გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს. ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. ის, რომ სრულად გაუქმდა კონკრეტული განყოფილება არ ასაბუთებს მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმებას, რადგან რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მქონე სამსახური. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა. შტატის ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნების შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც უნდა განხორციელდეს დ. მ-ის და ახალ საშტატო ერთეულზე დანიშნული მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე.
კასატორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, არ ასაბუთებს გათავისუფლების მართლზომიერებას, რადგან კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმთავითვე არ გულისხმობს კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ პირის გათავისუფლებას. სამინისტროს მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში კადრების განკარგულებაში გადაყვანა აღიქმება მხოლოდ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების გადავადებად, რაც დაუსაბუთებელია. პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მისი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, შეაფასოს სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები, განსაზღვროს რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ საშტატო ერთეულებზე პირის დანიშვნის წინაპირობების არსებობა და სხვ., რათა შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მოხელის სამსახურში აღდგენა. მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, იდენტური ან ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოუძიებლობის, ახალ საშტატო ერთეულებზე პირის დანიშვნის შეუძლებლობის შემთხვევაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადის გასვლა იწვევს პირის გათავისუფლებას.
რაც შეეხება დ. მ-ის მითითებას სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული რიგი გარემოებები, რომელთა დადგენის გარეშე სასამართლო მოკლებულია დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რის გამო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მართებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე