Facebook Twitter

საქმე #ბს-621(კ-21) 22 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 11 მაისს თ. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ. ნ-ას ნაწილში), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის #MOD 2 17 01195644 გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის #5/66914 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 19 ნოემბრის #1-1/520 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თ. ნ-ასთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შუამდგომლობის წარდგენის დავალება, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის თ. ნ-ას სასარგებლოდ სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, უძრავი ქონების პრივატიზაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ...ის ...ი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც 1993 წლიდან 2011 წლამდე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. მიღებული აქვს ჯილდოები, მედლები მხედრული მამაცობისა და უმწიკვლო სამსახურისთვის. 2007 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა სამსახურეობრივი ორდერი, რომლის საფუძველზეც, მას საცხოვრებლად გადაეცა ფართი წარსულში „სამხედრო ქალაქის“ სასადილოს შენობაში. აღნიშნული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზე, გადაკეთდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართად, რომელიც ფაქტობრივად უნდა დანაწილებულიყო 12 ბინად და გადასცემოდა სამხედრო მოსამსახურეებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მართალია, მასზე გაცემულ ორდერში მითითებულია, რომ გადაეცა ბინა, თუმცა ფაქტობრივად, ორდერის გაცემის მომენტისათვის გადაცემული ფართი არ იყო გადაკეთებული საცხოვრებელ ბინად და მოსარჩელეს თავად მოუწია სამშენებლო სამუშაოების ჩატარება და გარემონტება, რომელიც კოლოსარული თანხა დაუჯდა. მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით ააშენა მეზობლებთან გამყოფი კედლები, შიდა ტიხრები, დააგო იატაკი, გააკეთა ჭერი, კარ-ფანჯრები, შეიყვანა კანალიზაცია, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებულია ამჟამად მისი საცხოვრებელი ბინა, იყო მიტოვებული, ნანგრევებად ქცეული და გაძარცვული, რის გამოც დიდი ძალისხმევა, შრომა და ფინანსები დასჭირდა, რათა ბინისათვის საცხოვრებელი ფართის იერსახე მიეცა და შეექმნა საცხოვრებელი პირობები.

2014 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა კომპეტენცია, სამხედრო მოსამსახურეებისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შუამდგომლობით მიემართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის, რისი მრავალრიცხოვანი პრაქტიკაც გააჩნდა სამინისტროს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს, რათა მისთვის გაეწია შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 16 თებერვლის ქონების განკარგვის მიერ შექმნილი კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადავო ბინაზე სამსახურებრივი სარგებლობის სტატუსის მოხსნის თაობაზე.

მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მან განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების მოთხოვნით და ამავდროულად, მოითხოვა სააგენტოს გამოეთხოვა შუამდგომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის განმარტებით, ქონების განკარგვის კომისიაზე 2016 წლის 19 თებერვალს განხილულ იქნა შუამდგომლობის გაწევის თაობაზე მისი განცხადება, რის შედეგადაც მას ეცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი დადებითად გადაწყდა და შუამდგომლობა გაეგზავნა სააგენტოს, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია წერილობითი გადაწყვეტილება და პასუხი.

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ 2016 წელს სააგენტოსთვის წარდგენილი წერილი სააგენტომ არ განიხილა როგორც შუამდგომლობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, საპრივატიზაციო პირობების მითითება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი, 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ქონების პრივატიზებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც დატოვებულ იქნა განუხილველად. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-12 საკითხი, თ. ნ-ას ნაწილში); საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილ კომისიას) კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, თ. ნ-ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში თ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ასევე ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის #MOD 217 01 19 56 44 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და მოცემულ ნაწილშიც მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი თ. ნ-ას ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის) 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-12 საკითხი); საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ნ-ასთვის შუამდგომლობის (სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონების (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე) გაწევის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამ შუამდგომლობის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის #MOD 217 01 19 56 44 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ნ-ასთვის შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, კერძოდ თ. ნ-ას გაეწიოს შემდეგი სახის შუამდგომლობა - სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონების ს.კ ... საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ შუამდგომლობის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობიდან არ იკვეთება ნორმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას ან აკისრებს ვალდებულებას, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ მოქალაქესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს საპრივატიზებო ქონების გადაცემის წესები, საფასური, ვადები და სხვა არსებითი პირობები. კასატორის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს ასეთი უფლებამოსილება არც ერთი სამართლებრივი ნორმით არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, მოსარჩელის განცხადების ან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, წარადგინოს საპრივატიზებო ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმა, საფასური, გადახდის ვადები და სხვა. მით უფრო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი, მოქალაქე თ. ნ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცეს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს თ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად გადაცემა და თავდაცვის სამინისტროდან შუამდგომლობის გამოთხოვა მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გასაჩივრებული სხდომის ოქმის თანახმად (დღის წესრიგის მე-12 საკითხი), კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ. ნ-ას წარმომადგენლის - ნ. ნ-ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...ოს ... ..., ... #12, ბინა #5, ფართით 77.2 კვ.მ, ს/კ #...) უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 13 დეკემბრის #MOD 21701195644 სადავო წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ 2017 წლის 6 ოქტომბრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განესაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საპრივატიზაციო საფასური, მისი გადახდის ვადები და სხვა საპრივატიზაციო პირობები. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილმა კომისიამ არ გაუწია რეკომენდაცია მოქალაქე თ. ნ-ას წარმომადგენლის - ნ. ნ-ს განცხადებით მოთხოვნილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სიმბოლურ ფასად პრივატიზებას.

ზემოაღნიშნული სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. იმავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.” და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ თ. ნ-ა სრულად აკმაყოფილებს სადავო ბინის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ..., ..., ... #12, ს/კ #... საკუთრებაში გადაცემისათვის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ პირობებს. კერძოდ, დადგენილია, რომ მოცემული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 წლის 24 დეკემბერს თ. ნ-ას სახელზე გაიცა #27/2 სამსახურეობრივი ორდერი, რომლის თანახმად, თ. ნ-ას (მეუღლესთან და შვილებთან ერთად) გადაეცა სამოთახიანი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს N..., ქ ..., ..., ... #12, ბინა #5, საერთო ფართი: 74.69 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი: 53.92 კვ.მ. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ 2009 წლის 5 აგვისტოს გაცემული #3-11/6168 ცნობის თანახმად, არ არსებობდა აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 2 აპრილის #MOD01500000217 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ, დანართი #1-ში მოცემულ ბინებს (მათ შორის, ...ს N..., ქ ..., ..., ... #12, ბინა #5) მოეხსნათ მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინების სტატუსი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონების განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ თ. ნ-ას განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად პრივატიზების თაობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე