საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1217(კ-19) 8 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“, მ. მ-ის, გ. კ-ისა და ფ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, კერძო აღმასრულებელი დ. მ-ი; მოსარჩელე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - გ. ა-ი, ვ. ბ-ი, ო. თ-ე, სპს „ჯ...ი“ და სხვ.).
აღწერილობითი ნაწილი:
01.04.2016წ. და 19.04.2016წ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.04.2016წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მითითებულ სარჩელებთან დაკავშირებული N3/774-16, N3/927-16 საქმეები.
02.02.2017წ. წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური და კერძო აღმასრულებელი დ. მ-ი. ამასთან, საქალაქო სასამართლოს 03.07.2018წ. სასამართლო სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა კერძო აღმასრულებლის დ. მ-ის 22.12.2014წ. N..., 22.12.2014წ. N... მიმართვების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2014წ. N..., 24.12.2014წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.04.2016წ., 04.04.2017წ. და 29.06.2017წ. განჩინებებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ: შპს „...ი“, გ. ა-ი, მ. მ-ი, ფ. მ-ე, გ. კ-ე, მ. წ-ე, ჯ. ა-ე, ს. ბ-ე, თ. ქ-ე, ნ. გ-ი, ა. ს-ე, ი. დ-ი, დ. დ-ი, ქ. ც-ე, ნ. დ-ე, ი. ო-ი, ნ. ჯ-ე, ჯ. ხ-ი, დ. ყ-ი, თ. ბ-ი, ე. კ-ე, გ. ქ-ე, ე. ჟ-ი, ლ. ზ-ე, გ. ხ-ი, ნ. ჭ-ე, გ. ა-ი, შპს ,,ი...ი’’, ც. ჯ-ე, მ. გ-ე, ა. გ-ე, ლ. კ-ე, რ. ჩ-ე, ბ. ჯ-ე, ნ. თ-ე, რ. მ-ი, დ. ძ-ე, ზ. შ-ი, ო. კ-ი, გ. ტ-ი, ხ. ძ-ხი. ამავე სასამართლოს 29.06.2017წ. განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: ვ. ბ-ი, ო. თ-ე, შპს ,,ჯ...ი’’, შპს ,,ო...’’, ქ. გ-ი, დ. კ-ა, შპს ,,პ...ი’’.
მოსარჩელის განმარტებით, აღნაგობის უფლების დაყადაღება და საჯარო რეესტრის მიერ ასეთი ყადაღის რეგისტრაცია წარმოადგენს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში უხეშ და არაკანონიერ ჩარევას, მერიისათვის საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელშეშლას. მოსარჩელის მოსაზრებით, კერძო აღმასრულებელს ყადაღის დადება შეეძლო აღნაგობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე აღმართულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,...ის’’ საკუთრებას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ამ შესაძლებლობის უგულებელყოფით და აღნაგობის უფლების დაყადაღებით, უსამართლოდ და უკანონოდ იზღუდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე - მერიას ეკრძალება უძრავ ნივთზე რაიმე ქმედების განხორციელება. საკუთარი ქონების განკარგვისას მერია სარგებლობს აბსოლუტური დისკრეციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაასხვისოს ნივთი ან შეცვალოს მეაღნაგე. თავისთავად აღნაგობის უფლების დაყადაღება და შემდგომში მისი რეალიზაცია გულისხმობს არარსებული უფლების რეალიზაციას. რომც განხორციელდეს ყადაღა და დასრულდეს სააღსრულებო წარმოება ამ უფლების მესამე პირზე რეალიზაციით, შეუძლებელი იქნება პირის მიერ აღნაგობის უფლების მიღება. ჯერ კიდევ 2013 წლის მდგომარეობით არსებობს აღნაგობის უფლების შეწყვეტის საფუძველი მერიის მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ყადაღის მოხსნის მომენტშივე უფლება ავტომატურად შეწყდება. აღმასრულებელი ცდილობს რეალიზაცია გაუკეთოს არარსებულ აქტივს. საჯარო რეესტრი ასეთი ყადაღის დადებით და მესაკუთრის უფლების უკანონო შეზღუდვით არღვევს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერების პრინციპს, არამედ უხეშად ერევა მეორე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში და უკანონოდ უზღუდავს მას საკუთრების უფლებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.09.2018წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლით ჩართულმა მესამე პირებმა - შპს ,,...მა”, მ. მ-მა, გ. კ-ემ და ფ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...ის”, მ. მ-ის, გ. კ-ის და ფ. მ-ის სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.09.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტები საქმეში მესამე პირებად ჩაბმულნი არიან ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, ისინი სამართლებრივად წარმოადგენენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, აპელანტების საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერება არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლო გადაწყვეტილებას სარჩელის წარმდგენი პირი სააპელაციო წესით არ ასაჩივრებს, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია, შეფასდეს - რამდენად შეილახა აპელანტების კანონით დაცული სამართლებრივი ინტერესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.09.2018წ. გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ, მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანია იმ პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ შეცვლილა აპელანტების სამართლებრივი მდგომარეობა და მათ ისეთივე უფლებრივი სტატუსი გააჩნიათ დავის საგანთან მიმართებაში, როგორიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის აღძვრამდე გააჩნდათ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უარყოფისა და მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის პირობებში, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელის უფლებების გადატანას მესამე პირებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფაქტობრივად მესამე პირი ტრანსფორმირდება მოსარჩელედ და მხარს უჭერს იმ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მის ნაცვლად მესამე პირების მიერ სარჩელის ფარგლებში დავის გაგრძელება უსაფუძვლოა. ამასთან, სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტებს უკვე აღძრული აქვთ სარჩელი სასამართლოში, მათ შორის, მოცემულ საქმეზე არსებული მოთხოვნითაც, რომლის განხილვა ამ დავის დასრულებამდე შეჩერებულია (მხარეთა ახსნა-განმარტება - სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), შესაბამისად, იქმნება ისეთი სამართლებრივი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლო ორჯერ განიხილავს მხარეთა შორის არსებულ დავას, რაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას აპელანტების სამართლებრივი ინტერესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...მა“, მ. მ-მა, გ. კ-ემ და ფ. მ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
კასატორების განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, არ გააანალიზა საქმის მასალები და არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. დარღვეულია დასაბუთებული გადაწყვეტილების საყოველთაოდ აღიარებული უფლება. კასატორების მოსაზრებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს პირველ რიგში უნდა ემსჯელა კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემული სადავო მიმართვების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხზე, ანუ უნდა დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მხარეები ეფექტიანად მოახდენდნენ თავიანთი უფლებების რეალიზებას.
კასატორები მიუთითებენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის. ამდენად, აღმასრულებლის მოქმედება არ უნდა სცდებოდეს კანონის ფარგლებს, მისი მოქმედება არ უნდა იყოს მიმართული სხვა პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების წინააღმდეგ. განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელი დ. მ-ი უფლებამოსილი არ იყო, ყადაღა დაედო აღნაგობის უფლებაზე, ვინაიდან აღნიშნულით ილახებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა პირთა საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234.2 მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად. მაშასადამე, აღნაგობის უფლება თავისი სამართლებრივი ბუნებით მოიცავს ნაგებობასაც, რაც კერძო აღმასრულებელმა მოცემულ სიტუაციაში ვერ გაითავისა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, აუქციონის ჩატარების გარდა, აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი. მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელს შესაბამისი სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმი არ შეუდგენია. აღნაგობის უფლება და მის საფუძველზე აშენებული ნაგებობა, სამართლებრივი ბუნებით განუყოფლად მოიცავენ ერთმანეთს. ამდენად, მითითებული კანონის 48–ე მუხლის საფუძველზე, აღმასრულებელს უნდა შეედგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. გარდა ამისა, კანონის 631 მუხლის საფუძველზე, აღმასრულებელს უნდა მოეხდინა მოვალის უძრავი ქონების აღწერა. კერძო აღმასრულებელმა დ. მ-მა საკუთრების საყოველთაოდ აღიარებული უფლება შეუზღუდა ათეულობით ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. საკუთრების უფლების დაყადაღებით, კასატორებს, როგორც წინარე მესაკუთრეებს, შეელახათ კონსტიტუციური გარანტიები. ისინი არ იყვნენ კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული გარიგების მონაწილე მხარეები და არც სხვა რაიმე ფორმით ყოფილან დაკავშირებულნი ამ გარიგებასთან, თუმცა ცხადია, რომ დღეის მდგომარეობით, მათ შეელახათ საკუთრების უფლება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. სასამართლოს აღნიშნული განმარტება მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ - სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს კერძო აღმასრულებლის მოქმედება აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადების ნაწილში. მსგავსი მიდგომა არასწორია. კერძო აღმასრულებელს ყადაღის დადება უნდა განეხორციელებინა აღნაგობის უფლების ნაწილზე, რათა არ შეელახა სხვა პირთა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქონება, რომელიც დ. მ-მა დააყადაღა, არ იყო მოვალის საკუთრება, მაშინ, როცა ყადაღას მხოლოდ მოვალის ნივთები ექვემდებარება. საქმის განმხილველმა სასამართლოებმა განსახილველ შემთხვევაში, არასწორად გამოიყენეს და განმარტეს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი.
კასატორები არ ეთანხმებიან ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონიერია. აღმასრულებელს ყადაღა უნდა დაედო მხოლოდ აღნაგობის უფლების ნაწილზე და არა აღნაგობის მთლიან უფლებაზე, იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო სხვა პირთა კონსტიტუციით აღიარებული მესაკუთრის უფლებები. მოვალის ქონება (როგორც აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილი - შენობა-ნაგებობა) უნდა აღწერილიყო შესაბამისი ოქმის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 29-ე და 631 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო მოვალის ქონების განფასება, რაც თავის თავში მოიცავდა დამტკიცებული არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაციებს და ხაზობრივ ნახაზებს (ოთახებისა და სართულების განთავსების ფაქტობრივ რეალობას). ამასთან, კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების პროპორციულად უნდა მომხდარიყო მოვალის აღნაგობის უფლების ნაწილის დაყადაღება და არა ხუთ მილიონად შეფასებული ქონების, რომელთა ნაწილიც სხვა პირთა საკუთრებაა საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე.
კასატორების მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უხეშად არის დარღვეული მათი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სხვადასხვა წლებში, შპს „...თან“ გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, კასატორებმა შეიძინეს ქუთაისში, ი. ...ის გამზირ N...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართები. მიწის ნაკვეთი, რომელზეც ...ია განთავსებული, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა და აღნაგობის უფლებით გადაცემული აქვს შპს „...ს“, ხელშეკრულებების საფუძველზე. კასატორები შეძენილი ფართის კომერციული დანიშნულებით გამოყენებას (მათ შორის - იპოთეკით დატვირთვას, იჯარის რეგიტრაციას და ა.შ.) დღემდე ვერ ახერხებენ, ვინაიდან კერძო აღმასრულებელმა დ. მ-მა დააყადაღა აღნაგობის უფლება, ერთ-ერთი კრედიტორის-გ. ა-ის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული შეზღუდვის შედეგად, უძრავ ნივთზე რაიმე სახის უფლების რეგისტრაცია გახდა დაუშვებელი, რაც არსებითად ზღუდავს მესაკუთრეთა კანონიერ ინტერესს. აღნაგობის უფლება მიბმულია იმ უძრავ ქონებაზე, რომლის ნაწილიც კასატორებმა შეიძინეს კომერციული დანიშნულებით და ამ უფლებაზე რეგისტრირებული ყადაღა მათ მნიშვნელოვან ზიანს აყენებთ. ისინი არ არიან შპს "...სა" და გ. ა-ს შორის დადებული გარიგების მონაწილე მხარეები, შესაბამისად ამ გარიგების საფუძველზე არსებული შეზღუდვები არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა ინტერესებს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს დავის ფასს. აღმასრულებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა (ნატურით გამოყოფა), ვინაიდან აღნაგობის მთლიანი უფლების დაყადაღებით ათობით ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესი ილახებოდა. ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა სრულიად შესაძლებელი იყო და გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება ასევე სრულიად საკმარისი იქნებოდა საღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხის უზრუნველსაყოფად.
კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა, მესამე პირების ინტერესის ფარგლებში დავის გაგრძელებას უსაფუძვლოს ხდის. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია პროცესის მონაწილე მესამე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას, მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად იქნეს განხილული. აღნიშნული უფლება, თავის მხრივ, წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება - გონივრულ ვადაში მიაღწიონ საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან სარჩელის უარყოფისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მოსარჩელის უფლებები გადაეტანა მესამე პირებზე, ვინაიდან მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მესამე პირებს არაუფლებამოსილ მხარეებად მიიჩნევდა, უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, შესაბამისად, განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე ინსტანციის სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“, მ. მ-ის, გ. კ-ისა და ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2021წ. განჩინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, 2021 წლის 15 აპრილს, 13:00 საათზე დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს განესაზღვრათ გონივრული ვადა მორიგებისათვის და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის.
შპს "...მა" 13.05.2021წ. და 19.05.2021წ. წარმოადგინა განცხადებები, თანდართული შეთავაზებებით, მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგების აქტის გაფორმების თაობაზე. საქმეში მონაწილე მხარეებსა და მოსამართლის თანაშემწეს შორის 29.06.2021წ. სატელეფონო კავშირით დადასტურდა, რომ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „...ს” შორის 07.11.2007წ. და 04.12.2007წ. გაფორმდა N4 და N6 ხელშეკრულებები, ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“.
23.07.2013წ. N13 ხელშეკრულებით, აღნაგობის ქირის ნაწილში ცვლილება შევიდა ქ. ქუთაისის მერიასა და შპს ,,...ს“ შორის გაფორმებულ 07.11.2007წ. N4 ხელშეკრულებაში. ამავე ხელშეკრულებით შეიცვალა 07.11.2007წ. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: აღნაგობის უფლების გამცემი პირი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადასცემს აღნაგობის უფლების მიმღებ პირს თვითმმართველი ერთეულის ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი (ს/კ ...), ასევე ქ. ქუთაისი, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე ქონება (ს/კ ...).
საქმეში არსებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით და ი. ...ის გამზ. N...ბ-ში მდებარე უძრავი ნივთები (ს/კ ..., ს/კ ...) საკუთრების უფლებით ირიცხება ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. აღნიშნულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია შპს „...ის“ აღნაგობის უფლება.
ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...ბ-ში (ყოფილი ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) მდებარე N... უძრავ ნივთთან დაკავშირებით გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ აღნაგობის უფლების გარდა, N... უძრავი ნივთის შესაბამის ფართებზე რეგისტრირებულია იჯარით და ქვეიჯარით სარგებლობის უფლება (მეიჯარე - შპს „...ი“, მოიჯარეები - ო. თ-ე, ვ. ბ-ი, შპს „ჯ...ი“; ქვემოიჯარეები - შპს „ო...“, ქ. გ-ი, დ. კ-ა, შპს „პ...ი“). ამავე ამონაწერის მიხედვით, N... უძრავი ნივთის შესაბამის ფართებთან დაკავშირებით რეგისტრირებულია შპს „...სა“ და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებები. მათ შორის, 10.07.2009წ., 07.08.2013წ., 18.10.2013წ. რეგისტრირებულია შპს „...ს“, მ. მ-ს, გ. კ-ესა და ფ. მ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014წ. N2/1764-13 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ა-ის სარჩელი. მოპასუხე შპს ,,...ს’’ მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 23.10.2018წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 12.02.2014წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კრედიტორმა გ. ა-მა 11.11.2014წ. განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ დ. მ-ს და წარუდგინა 23.10.2018წ. სააღსრულებო ფურცელი.
22.12.2014წ. კერძო აღმასრულებელმა დ. მ-მა N... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146, 147, 17.1, 17.2 მუხლების საფუძველზე მოითხოვა შპს ,,...ის’’ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაცია (ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.12.2014წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებლის დ. მ-ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე.
22.12.2014წ. კერძო აღმასრულებელმა დ. მ-მა N... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146, 147, 17.1, 17.2 მუხლების საფუძველზე მოითხოვა შპს ,,...ის’’ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაცია (ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2014წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებლის დ. მ-ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე.
აღნაგობის ქირის გადაუხდელობის გამო, 03.02.2015წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა N128 ბრძანება, „ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,...ს’’ შორის 07.11.2007წ. დადებული „ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ" N4 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ“.
04.02.2015წ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა N129 ბრძანება, 03.02.2015წ. N128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’. ცვლილების თანახმად, 2015 წლის 3 თებერვლიდან ცალმხრივად გაუქმდა ქუთაისის მერიასა და შპს ,,...ს’’ შორის 07.11.2007წ. და 04.12.2007წ. გაფორმებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ" N4 და N6 ხელშეკრულებები. ამავე ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფა, მათ შორის, N... და N... საჯარო რეესტრის ამონაწერებში შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.2015წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება, ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...ბ-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ყოფილი ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ. ამავე სამსახურის 05.01.2016წ. N1797 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 04.02.2015წ. N... გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთზე რეგიტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავდა ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.03.2016წ. N59990 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N19672/17 და N21449/17 ადმინისტრაციული საჩივრები, უცვლელად დარჩა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 05.01.2016წ. N1797 გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.2015წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება, ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით მდებარე უძრავ ნივთზე აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ. ამავე სამსახურის 22.02.2016წ. N40100 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.2015წ. N... გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთზე რეგიტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავდა ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.04.2016წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის N42043/17 ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.02.2016წ. N40100 გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორების ძირითადი არგუმენტებიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს - სადავო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შესაძლებელი იყო თუ არა აღნაგობის უფლებაზე, როგორც მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება; აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადება ამავდროულად გულისხმობდა თუ არა უფლებით სარგებლობის ფარგლებში აღმართულ შენობა-ნაგებობაზე ყადაღის დადებასაც, რაც შესაბამისად, საჭიროებდა უძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტის შედგენას და ქონების დაყადაღებას მხოლოდ მოვალის დავალიანების პროპორციულად; მოახდინა თუ არა გავლენა აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადებამ იმ პირთა ინტერესებზე, რომლებიც წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხულნი არიან აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის შესაბამისი წილების მესაკუთრეებად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „..ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აღნაგობის, როგორც სკ-ით გათვალისწინებული უძრავი ნივთით შეზღუდული სარგებლობის უფლების სამართლებრივ ბუნებაზე. სამოქალაქო კოდექსის 233.1 მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლებაში მოიაზრება მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის ვადიან სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობა, ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. ამდენად, აღნაგობის უფლების მქონე პირს, მესაკუთრის მსგავსად, აქვს ნივთის გასხვისების, გაქირავების, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება, თუმცა საკუთრებისგან განსხვავებით, აღნაგობის უფლება ვადიანია და მას გააჩნია გარკვეული მიზანი - გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აშენება. მეაღნაგე ვალდებულია, გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა, შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, მიწის ნაკვეთთან ერთად დაუბრუნოს მიწის მესაკუთრეს. მნიშვნელოვანია, რომ აღნაგობის უფლების შეწყვეტამდე, ამ უფლების საფუძველზე აღმართული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს არა მიწის ნაკვეთის, არამედ თავად აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილს და ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას მეაღნაგის საკუთრებად (სკ-ის 234.2, 234.5 მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით უდავოდ დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ი. ...ის გამზ. N...-ის დასავლეთით და ი. ...ის გამზ. N...ბ-ში მდებარე უძრავ ნივთებზე შპს „...ს“ რეგისტრირებული აქვს მხოლოდ აღნაგობის უფლება, ამ უფლების საფუძველზე აღმართულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 234.2 მუხლის დანაწესის მიუხედავად, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძო აღმასრულებელი ყადაღის საგნად ვერ განსაზღვრავდა აღნაგობის უფლებით სარგებლობის ფარგლებში აშენებულ შენობა-ნაგებობასაც. საჯარო რეესტრის მონაცემებთან შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების ინტერესიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ვერ მოახდენდა ამკრძალავი ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვას იმ ქონებასთან მიმართებაში, რომელიც მოვალის საკუთრებად არ ირიცხებოდა. ამავდროულად, კანონი აღმასრულებელს არ უკრძალავდა, საჯარო რეესტრში ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნა წარედგინა მხოლოდ არამატერიალურ ქონებასთან (უფლებასთან) მიმართებაში. სადავო სააღსრულებო მოქმედებების - 22.12.2014წ. N... და 22.12.2014წ. N... მიმართვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, რომელიც განსაზღვრავს აღმასრულებლის უფლებამოსილებას, იძულებითი აღსრულების პირობებში, გადახდევინება განახორციელოს მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით (კანონის 17.5 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი). თავის მხრივ, „ქონების“ ცნება, უძრავ და მოძრავ ნივთებთან ერთად, მოიაზრებს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 152-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო აქტის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო აღმასრულებელმა უზრუნველყო მოვალის - შპს „...ის“ ქონების მოძიება და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მხოლოდ აღნაგობის უფლება, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა მითითებულ უფლებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოების ეფექტურად წარმართვისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნებისათვის, კერძო აღმასრულებელმა კანონის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყო შესაბამის სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორები უსაფუძვლოდ მიუთითებენ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის აუცილებლობის შესახებ, რამდენადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 631.1 მუხლით გათვალისწინებული ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის შედგენის შესაძლებლობა ვრცელდება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაზე. მოცემულ შემთხვევაში, ყადაღის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ არამატერიალური ქონება (აღნაგობის უფლება), შესაბამისად, არ არსებობდა უძრავი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის წინაპირობები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნაგობის უფლებაზე (და არა უძრავ ქონებაზე) ყადაღის დადება არ ცვლის იმ პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, რომლებთანაც შპს „...ს“ შენობა-ნაგებობის შესაბამის ფართებზე გაფორმებული აქვს ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებები, რამდენადაც აუქციონის წესით აღნაგობის უფლების რეალიზებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა უძრავი ქონების შესაბამისი ფართების რეალიზება კრედიტორის სასარგებლოდ, არამედ აღნაგობის უფლებით მოსარგებლის ჩანაცვლება სხვა პირით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ის“, მ. მ-ის, გ. კ-ისა და ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“, მ. მ-ის, გ. კ-ისა და ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინება;
3. ქ. ი-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“, მ. მ-ის, გ. კ-ისა და ფ. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 24.12.2019წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე