Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-576(კ-21) 24 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ღ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 10 ოქტომბერს ნ. ღ-მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ოზურგეთის მერიას (არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურს) დაევალოს ნ. ღ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში: 1. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიის - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) ჩაითვალოს დასრულებულად და გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი; 2.განსაზღვროს მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიით - „არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება“ - გათვალისწინებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რის დამატებით წარმოდგენას თვლის საჭიროდ ადმინისტრაციული ორგანო, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომელიც თან ერთვის მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილ პროექტს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებზე მითითებით. შეტანილ იქნეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნ. ღ-ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 4.1.2 პუნქტში და ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა პროექტით გათვალისწინებული ნაგებობის აშენების ვადად მიეთითოს მშენებლობის ნებართვის გაცემისას მასში მითითებული მშენებლობის წარმოების ვადა 2 წელი, რაც გონივრულ შესაბამისობაში იქნება მშენებლობის ნებართვის ფარგლებში საწარმოებელი, საამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ვადებთან.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა ოზურგეთის მერიას (არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური) ნ. ღ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - ქალაქთმშენებლობის პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) ჩათვალოს დასრულებულად და გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსაზღვროს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიით - ,,არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება“ გათვალისწინებული დოკუმენტის ჩამონათვალი, რის დამატებით წარმოდგენას თვლის საჭიროდ ადმინისტრაციული ორგანო (ასეთის არსებობის შემთხვევასი) გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომელიც თან ერთვის მოსარჩელეს მიერ წარდგენილ პროექტს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებზე მითითებით. შეტანილ იქნეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნ. ღ-ს შორის 2016 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 4.1.2 პუნქტში და ნაცვლად 2018 წლის 31 დეკემბრისა პროექტით გათვალისწინებული ნაგებობის აშენების ვადად მიეთითოს მშენებლობის ნებართვის გაცემისას მასში მითითებული მშენებლობის წარმოების ვადა 2 წელი, რაც გონივრულ შესაბამისობაში იქნება მშენებლობის ნებართვის ფარგლებში საწარმოებელი, საამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ვადებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის სპეციალისტს - ლ. კ-ეს ჩაბარდა 2021 წლის 29 აპრილს (ს.ფ. 242).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2021 წლის 30 აპრილს დაიწყო და 2021 წლის 20 მაისს ამოიწურა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად საქართველოს ფოსტაში 2021 წლის 1 ივნისს წარადგინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე