საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-481(კ-19) 22 ივლისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ჯ-ი
წარმომადგენელი - თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - კ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს. ა-ე
მესამე პირი - რ. გ-ი
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ. ხ-ე
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:1. მ. ჯ-მა 2015 წლის 27 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად კი, მ. ჯ-მა მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულების ბათილად ცნობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის თბილისში, ...ის №94-ში მდებარე №1 ბინაზე მოსარგებლის დაზუსტებული სიის საქართველოს მთავრობისათვის გადაგზავნის დავალება და საქართველოს მთავრობისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მ. ჯ-ს სიმბოლურ ფასად გადაეცემა მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება. მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრისა და 9 ნოემბრის განჩინებებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ. გ-ი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულება იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისში, ...ის №94 სახლში მდებარე №1 ბინას; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა დასახელებულ ბინაზე მოსარგებლის დაზუსტებული სიის გადაგზავნა საქართველოს მთავრობისათვის; საქართველოს მთავრობას კი დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ. ჯ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მ. ჯ-მა 2012 წლის 12 სექტემბერს ქალაქ თბილისის მერიის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა და მოითხოვა თბილისში, ...ის №94-ში მდებარე №1 ბინის საკუთრებაში გადაცემა;
4.2. ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ 2012 წლის 18 სექტემბრის №06-23/10361 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა დანართში მითითებულ პირებს შესაბამისი ფართები პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცემოდათ. წერილის დანართის თანახმად, თბილისში, ...ის №94-ში (ს/კ ...) მდებარე №4 ბინა (ფართით 33,92 მ2) ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს რ. გ-ს; №7 ბინა (ფართით 35,35 მ2) - ვ. ლ-ს; №5 ბინა (ფართით 34,25 მ2) - ნ. მ-ს; №8 ბინა (ფართით 33,45 მ2) - გ. უ-ს; №1 ბინა (ფართით 79,13 მ2) - მ. ჯ-ს;
4.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 20 სექტემბრის №6/179 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა ამავე სააგენტოს მიერ მომზადებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი შემდგომი რეაგირების მიზნით;
4.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 სექტემბრის №05/20111 წერილით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარედგინა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შევიდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2012 წლის 18 სექტემბრის №06-23/10361 და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2012 წლის 18 სექტემბრის №06-21/10388 წერილები (შუამდგომლობა) და დაისვა საკითხი შესაბამისი რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ბინათა პრივატიზების თაობაზე, რის საფუძველზეც სამინისტრომ მოამზადა წარდგენილი განკარგულების პროექტი;
4.5. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს. განკარგულებით დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს დაევალათ საპრივატიზებო საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. განკარგულების დანართიდან ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, ...ის №94-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცათ შემდეგ ფიზიკურ პირებს: რ. გ-ს - I სართულზე მდებარე, 79,13 მ2 ფართობის მქონე ბინა №1 (ს/კ ...); ვ. ლ-ს - I სართულზე მდებარე, 33,92 მ2 ფართობის მქონე ბინა №4 (ს/კ ...); ნ. მ-ს - II სართულზე მდებარე, 35,35 მ2 ფართობის მქონე ბინა №7 (ს/კ ...); გ. უ-ს - II სართულზე მდებარე, 34,25 მ2 ფართობის მქონე ბინა №5 (ს/კ ...);
4.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 სექტემბრის №1068 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, სააგენტომ 2012 წლის 27 და 28 სექტემბერს ნ. მ-ასთან, გ. უ-თან, ვ. ლ-თან და რ. გ-თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც საჯარო რეესტრში დასახელებული პირების სახელზე დარეგისტრირდა თბილისში, ...ის №94 სახლში მდებარე ქონება, კერძოდ, 79,13 მ2 ფართობის მქონე ბინა №1 საკუთრებაში გადაეცა რ. გ-ს; 33,92 მ2 ფართობის მქონე ბინა №4 - ვ. ლ-ს; 34,25 მ2 ფართობის მქონე ბინა №5 - გ. უ-ს; 35,35 მ2 ფართობის მქონე ბინა №7 - ნ. მ-ს;
4.7. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, ...ის №94 სახლში მდებარე, №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 33,45 მ2 ფართი, ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის №35/43/1305 დადგენილების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე;
4.8. მ. ჯ-მა 2014 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორების შედეგად მისთვის კონკრეტული ფართის საკუთრებაში გადაცემა და შესაბამის სამსახურებთან რეკომენდაციის გაწევა;
4.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 ივლისის №5/26377 წერილით სამგორის რაიონის გამგეობას გაეგზავნა რ. გ-ის №17672/05 და მ. ჯ-ის №31372/ფ განცხადებები და დაევალა წინადადების წარდგენა მათ განცხადებებში დასმულ საკითხთან მიმართებაში;
4.10. თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2014 წლის 21 ივლისის №12/141431123-43 წერილით მ. ჯ-ს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაგზავნილი შუამდგომლობის დანართის თანახმად, მ. ჯ-ის ფაქტობრივად მფლობელობაში იყო თბილისში, ...ის №94-ში, I სართულზე მდებარე 79,13 მ2 ფართობის მქონე №1 ბინა, ხოლო რ. გ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში - ამავე მისამართზე არსებული, 33,92 მ2 ფართობის მქონე ბინა №4. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2012 წლის 28 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე, რ. გ-ს გადასცა 79,13 მ2 ფართობის უძრავი ქონება. აღნიშნული უზუსტობის გასწორება მოითხოვა რ. გ-მა 2012 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისის მერიაში შეტანილი განცხადებით, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, გადააგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში;
4.11. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №5/23038 წერილით მ. ჯ-ს, 2013 წლის 21 აგვისტოს №31372/ფ, 2014 წლის 23 სექტემბრის №46978/ფ და 2015 წლის 27 მარტის №25116/ფ განცხადებების პასუხად, ეცნობა, რომ ქონება, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვდა, წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რის გამოც სააგენტო მოკლებულია ამ ქონების განკარგვის შესაძლებლობას. ამავე წერილით მ. ჯ-ს განემარტა, რომ პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების გზით;
4.12. მ. ჯ-მა 2016 წლის 13 ივნისს საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართა და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, თბილისში, ...ის №94-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი (ს/კ ...);
4.13. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 17 ივნისის №21662 წერილით მ. ჯ-ს განემარტა, რომ ვინაიდან მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს არა სახელმწიფოს, არამედ მესამე პირის საკუთრებას, მთავრობა მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაზე“ და აღნიშნა, რომ, მართალია, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ მათ მიერ საქმის გარემოებები სრულად არ იქნა გამოკვლეული, კერძოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა ხუთი პირი, ხოლო გასაჩივრებული განკარგულებით ბინები პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში მხოლოდ ოთხ მათგანს გადაეცა. ამასთან, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ნივთი, რომელიც სასამართლო დავის განხილვის დროისთვისაც მის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო, საკუთრებაში გადაეცა რ. გ-ს. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო გამგეობის მიერ წარდგენილი დანართის საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და დადგენის შემდეგ - უნდა გამოეკვლია იყო თუ არა რეალურად ფიზიკური პირების დაინტერესებაში ის ფართები, რაც დანართში იყო მითითებული. შედეგად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანი იყო.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება, დღეის მდგომარეობით, ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მ. ჯ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს სადავო მისამართზე დაზუსტებული სიის გადაგზავნა საქართველოს მთავრობისათვის.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ 2012 წლის 18 სექტემბრის №06-23/10361 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ გამგეობა მიზანშეწონილად მიიჩნევდა დანართში მითითებულ პირებს შესაბამისი ფართები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცემოდათ საკუთრებაში, ხოლო მითითებული წერილის სრულ დანართში, თბილისში, ...ის №94-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღნიშნულნი არიან მხოლოდ შემდეგი ფიზიკური პირები: რ. გ-ი, ვ. ლ-ი, ნ. მ-ი, გ. უ-ი (ტ. I, ს.ფ. 119). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, გამგეობის მიერ წარდგენილ, შესაგებელთან დართულ დოკუმენტში სადავო ქონების მიმართ ფიქსირდება ხუთი პირი, მათ შორის, მოსარჩელეც (ტ. I, ს.ფ. 422-423), თუმცა მითითებული დანართი არ არის იმ სახის, რა სახითაც იქნა წარდგენილი სააგენტოში.
10. სააპელაციო სასამართლომ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაზე“ მითითებით, აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით განიკარგა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება. ადმინისტრაციული წარმოების სრული მასალა კი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მ. ჯ-ის შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოს - გამგეობის მიერ წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო სააგენტომ წინადადება საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა სწორედ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესაბამისად. ამასთან, მ. ჯ-ი არ ფლობს ნივთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონების მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების უფლების მოთხოვნის შესაძლებლობა. შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემით მოსარჩელის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლების ხელყოფა არ დასტურდებოდა.
11. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მოსარჩელე ითხოვს იმ უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების მიზნით, რომელიც უკვე წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი გახდა, ძალაშია. მოსარჩელეს ეს ხელშეკრულებები სადავოდ არ გაუხდია, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის ასეთი ფორმულირების პირობებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაც კი ვერ გახდება მოსარჩელის მიზნის მიღწევის საშუალება - მოპასუხეები ვერ განკარგავენ ქონებას, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესამე პირთა უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდიდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას, რადგან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა არ დადასტურდა და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხეთათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც არ არსებობდა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, თუმცა ისარგებლა სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით და მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების გადაცემის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ მ. ჯ-ის მეზობლებსაც არ გააჩნდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ მოიპოვეს საკუთრების უფლება და მხოლოდ მ. ჯ-ის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, რაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. კასატორის მოსაზრებით, შედეგად უკანონოდ შეილახა მისი უფლებები.
15. კასატორი, ასევე, ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის) შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ იგი თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნებით რ. გ-თან დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც ითხოვდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსამართლის მითითებით, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნები. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას მოთხოვნათა დაზუსტებისას არ უნდა მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარეთა თანხმობა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
II სამოტივაციო ნაწილი:17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მოქალაქეთა საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით დაწყებული პრივატიზების პროცესში მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ბინის სხვა პირისთვის გადაცემის კანონიერება.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნების გათვალისწინებით სახელმწიფო ქონების განკარგვის ერთ-ერთ ფორმას სახელმწიფო ქონების პრივატიზება წარმოადგენს, ხოლო იმავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, ასევე, ადგენდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობა.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში, ...ის №94-ში ცხოვრობენ: მ. ჯ-ი, რ. გ-ი, ვ. ლ-ი, ნ. მ-ი და გ. უ-ი. დასახელებულ მისამართზე მდებარე №1 ბინის ფაქტობრივ მოსარგებლეს მ. ჯ-ი წარმოადგენს, ხოლო №4 ბინის ფაქტობრივ მოსარგებლეს - რ. გ-ი.
21. ქალაქ თბილისის მერიის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას 2012 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მიმართა მ. ჯ-მა და მოითხოვა თბილისში, ...ის №94-ში მდებარე №1 ბინის საკუთრებაში გადაცემა. შედეგად, ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ 2012 წლის 18 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წარუდგინა თბილისში, ...ის №94-ში მცხოვრები პირების მონაცემები, რომლებიც საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ითხოვდნენ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი ფართების საკუთრებაში გადაცემას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სადავო მისამართზე მდებარე №1 ბინის ფაქტობრივ მოსარგებლეს მ. ჯ-ი წარმოადგენდა, ხოლო რ. გ-ი №4 ბინას ფლობდა, როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, გამგეობამ წერილის დანართში, სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიუთითა მხოლოდ შემდეგი ფიზიკური პირები: რ. გ-ი, ვ. ლ-ი, ნ. მ-ი, გ. უ-ი. ამასთან, გამგეობამ რ. გ-ის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ნივთად №1 ბინა დაასახელა.
22. დადგენილია, რომ გამგეობის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და შემდგომი რეაგირების მიზნით გაადაგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც საკითხი განსახილველად წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტს. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 სადავო განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამავე განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს. განკარგულების დანართიდან ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, ...ის №94-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცათ შემდეგ ფიზიკურ პირებს: რ. გ-ს - I სართულზე მდებარე, 79,13 მ2 ფართობის მქონე ბინა №1 (ს/კ ...); ვ. ლ-ს - I სართულზე მდებარე, 33,92 მ2 ფართობის მქონე ბინა №4 (ს/კ ...); ნ. მ-ს - II სართულზე მდებარე, 35,35 მ2 ფართობის მქონე ბინა №7 (ს/კ ...); გ. უ-ს - II სართულზე მდებარე, 34,25 მ2 ფართობის მქონე ბინა №5 (ს/კ ...). ამავე ფიზიკურ პირებთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მათ სახელზე აღირიცხა.
23. საკასაციო პალატა, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი წარიმართა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება განიკარგა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, თუმცა სარჩელით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება შეცდომით გადაეცა საკუთრებაში სხვა პირს - რ. გ-ს.
24. საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი მოქალაქეთა (მათ შორის, მ. ჯ-ის) განცხადება გახდა და პრივატიზების პროცესის წარმართვა სწორედ ამ მოქალაქეთა საბინაო პრობლემების გადაჭრას ისახავდა მიზნად, რაც უნდა გამოხატულიყო სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა პირთა ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ბინების მათთვის საკუთრებაში გადაცემით. მიუხედავად ადმინისტრაციული წარმოების დასახელებული საფუძვლითა და მიზნით დაწყებისა, პრივატიზების პროცესი დასრულდა იმგვარად, რომ მოსარჩელეს არა მხოლოდ არ გადაეცა უძრავი ნივთი, არამედ მის მფლობელობაში არსებული ნივთი მესამე პირს - რ. გ-ს დაუკანონდა. ამასთანავე, სასამართლოში საქმის განხილვისას დაფიქსირებული პოზიციებიდან გამომდინარე, მართალია, სადავო მისამართზე მცხოვრები ხუთი პირიდან ოთხს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი, თუმცა არცერთს არ გადასცემია მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინა, შედეგად კი, მოქალაქეთა საკუთრებად აღრიცხული და მათ სარგებლობაში არსებული ბინები ერთმანეთს არ ემთხვევა, მათ შორის, დღეის მდგომარეობითაც კი, მ. ჯ-ი ფლობს რ. გ-ისთვის გადაცემულ 79,13 მ2 ფართობის მქონე №1 ბინას, ხოლო რ. გ-ი ფაქტობრივად ფლობს ვ. ლ-ისთვის გადაცემულ 33,92 მ2 ფართობის მქონე №4 ბინას.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, პრივატიზების პროცესის დაწყება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იგი ვალდებული იყო, პრივატიზების პროცესი წარემართა არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ - უნდა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გაეთვალისწინებინა წარმოების დაწყების მიზანი და დაეცვა ყველა დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად წარმართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს. ... მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით... თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1, 2, 4). აღსანიშნავია, რომ თანასწორობის პრინციპის დაცვის სავალდებულოობა განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლითაც, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში მ. ჯ-ის მიმართ დაირღვა თანასწორობის პრინციპი, რადგან საქმის გარემოებათა იდენტურობის პირობებში (წარმოება დაიწყო მოქალაქეთა განცხადებით; პრივატიზების პროცესში ჩართული მოქალაქეები ერთ მისამართზე ცხოვრობენ; არცერთ მათგანს არ გააჩნდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; პრივატიზების პროცესი მათი საბინაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად) მხოლოდ მ. ჯ-ის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული და მხოლოდ მის მიმართ ვერ იქნა მიღწეული ბინით უზრუნველყოფის მიზანი. ამასთანავე, მოპასუხეები დასახელებულ გარემოებას ობიექტურად გამართლებული მიზეზებით ვერ ხსნიან, არამედ მიუთითებენ, რომ გამგეობამ მათ არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ბინებში ფაქტობრივად მაცხოვრებლების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად მაშინ მიიჩნევა, როდესაც ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომა კი ობიექტურ მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული. მსგავსი მიდგომა არღვევს კანონიერებისა და თანასწორობის პრინციპებს და ეწინააღმდეგება უფლებას ე.წ. კარგ მმართველობასა და სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზეც კი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324 კონსტიტუციური კანონით შეტანილი ცვლილებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, ძირითადი უფლების რანგში იქნება განმტკიცებული.
27. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ჯ-მა 2014 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორების შედეგად მისთვის კონკრეტული ფართის საკუთრებაში გადაცემა და შესაბამის სამსახურებთან რეკომენდაციის გაწევა. შეცდომის არსებობაზე მიუთითებდა და მის გამოსწორებას ითხოვდა თავად რ. გ-იც. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ მაინც გახდა ცნობილი დაშვებული შეცდომის შესახებ და რადგან დაინტერესებული პირები მის გამოსწორებას ითხოვდნენ, შესაძლებელი იყო შეცდომის გამოსწორება და ყველა პირის უფლების დაცვა - ბინით უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მეშვეობითაც კი. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებს მ. ჯ-ის უფლების დასაცავად და დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად ქმედითი ღონისძიება არ გაუტარებიათ.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კონსტიტუციური პრინციპებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ჯ-ს არ გაუსაჩივრებია, ასევე, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს დამატებით შესწავლას, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და პირთა მფლობელობასა და საკუთრებაში გადაცემული ბინების იმგვარ თანხვედრაში მოყვანას, რომ არცერთი მოქალაქის, მათ შორის, მოსარჩელისა და მესამე პირის, უფლება არ იქნეს დარღვეული (მ. ჯ-ისთვის მის მფლობელობაში არსებული ბინის გადაცემის პარალელურად, სათანადოდ უნდა გადაწყდეს რ. გ-ის ბინის უზრუნველყოფის საკითხიც). სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი გადაწყვეტილ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულება იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისში, ...აში, №94 სახლში მდებარე №1 ბინას და უნდა დაევალოს საქართველოს მთავრობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ. ჯ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი უნდა დაევალოს თბილისში, ...აში, №94 სახლში მდებარე №1 ბინაზე მოსარგებლის დაზუსტებული სიის გადაგზავნა საქართველოს მთავრობისათვის.
29. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მოთხოვნის გაზრდაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნის გაზრდა დასაშვები იყო მხოლოდ მოპასუხეთა თანხმობით, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მოთხოვნის გაზრდას მხარი არ დაუჭირეს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო განიხილავდა სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოთა სააპელაციო საჩივრებს, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამრიგად, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო გაზრდილ მოთხოვნებზე მსჯელობის შესაძლებლობას.
30. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მ. ჯ-ის სასარგებლოდ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/02 განკარგულება იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისში, ...აში, №94 სახლში მდებარე №1 ბინას და დაევალოს საქართველოს მთავრობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ. ჯ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თბილისში, ...აში, №94 სახლში მდებარე №1 ბინაზე მოსარგებლის დაზუსტებული სიის გადაგზავნა საქართველოს მთავრობისათვის;
6. მ. ჯ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. საქართველოს პრეზიდენტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას თანაბარწილად დაეკისროთ მ. ჯ-ის სასარგებლოდ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე