საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-478(კს-21) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლეობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „...მა“ 2018 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2017/27/10 შემოწმების აქტისა და 2018 წლის 15 თებერვლის №04/8819 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2017/27/10 შემოწმების აქტი და 2018 წლის 15 თებერვლის №04/8819 გადაწყვეტილება; ამავე სააგენტოს კი დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. 2021 წლის 16 მარტს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარედგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შუადმგომლობა საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დადგენის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე და მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მასთან ერთად უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის შემოწმების აქტს, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილებით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალებოდა მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ამასთან, კერძო საჩივრის თანახმად, 2019 წლის 1 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებების კონტროლისა და რევიზიის ფუნქცია გააჩნია მხოლოდ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დადგენის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის №487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა, შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კი - მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულების უზრუნველყოფა (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებაზე, რომლის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცათ, რაც საქმეში სათანადო უფლებამონაცვლეების დადგენის წინაპირობებს ქმნის, კერძოდ, ნორმატიული აქტებით დასახელებული სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება კი მას სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა.
სადავო შემთხვევაში, შპს „...ი“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თემატური შემოწმების აქტისა და მასთან დაკავშირებით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. ამრიგად, განსახილველი დავა შეეხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კონტროლის/რევიზიის შედეგების კანონიერებას. ამ მიმართულებით კი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ განსახილველ დავაში მხოლოდ ის არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს და საქმეში მასთან ერთად ჩაბმულ უნდა იქნეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დასაბუთებულია, გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება და განსახილველ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე