Facebook Twitter

№ბს-927(კ-20) 9 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-ემ 2019 წლის 22 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ა. კ-ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №01/2979 წერილობითი მიმართვისა და ა. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №04/22124 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. კ-ის ოჯახის სასარგებლოდ, სტიქიური მოველენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციის - 50 000 ლარის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 თებერვლის №01/2979 წერილობითი მიმართვა ა. კ-ის ოჯახისათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის №04/22124 წერილობითი მიმართვა ა. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ა. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი იყო მხოლოდ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო ერთხელ უკვე საცხოვრებელი ბინის ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების და არა ზოგადად ოჯახის, რომელიმე წევრის მიერ სხვა სამართლებრივი ურთიერთობის (ნასყიდობა, ჩუქება და ა.შ.) საფუძველზე საცხოვრებელი ბინის შეძენის აქტი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ საცხოვრებელი ფართი მოსარჩელე ა. კ-ის შვილს არ გადასცემია სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელე ა. კ-ის ეკომიგრანტი ოჯახი ვერ ჩაითვლებოდა საცხოვრებელი ბინით ერთხელ უკვე უზრუნველყოფილად. ამასთანავე, საცხოვრებელი ფართი პირად საკუთრებაში გადაეცა კ. კ-ეს და არა მის ეკომიგრანტ ოჯახს, პრივატიზების ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა ხსენებული ფართით ოჯახის სხვა წევრების უზრუნველყოფის ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხილავს, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (ოჯახის შეფასება შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულათა ოდენობა, ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა და ა.შ).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ა. კ-ის, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რაც გულისხმობს ოჯახის შეფასებას კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის ქულათა ოდენობის განსაზღვრას, ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლების გამოკვლევას და ა.შ. კასატორი იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მითითებული პროცედურების განხორციელების საჭიროება არ არსებობდა. სადავო საკითხის შეფასებისას ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ჰქონდა მიღებული და ფაქტობრივი მდგომარეობით დაკავებული საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში. შესაბამისად, იგი ვეღარ ჩაითვლება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ იმ კატეგორიის ოჯახად, რომელსაც სახელმწიფოსგან ეკუთვნის კომპენსაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო აქტების მიღებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას. ამასთან, გაურკვეველია რა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. კასატორის განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ სააგენტოს კომპეტენცია განისაზღვრება „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებით ამომწურავად არის გაწერილი პროცედურები, თუ რომელი ოჯახი ჩაითვლება ეკომიგრანტად და როგორ უნდა მოხდეს მისი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით. სხვა აქტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებით სააგენტო რაიმე სახის კომპეტენციით იქნებოდა აღჭურვილი არ არსებობს. ზემოაღნიშნული ბრძანება კი სააგენტოს არ ანიჭებს კომპეტენციას, განახორციელოს ის ქმედებები, რაც მეორე სასარჩელო მოთხოვნით არის გათვალისწინებული. კასატორის მითითებით, მოსარჩელის ოჯახი ვერ ჩაითვლება უსახლკაროდ (საცხოვრებლის გარეშე დარჩენილად), რამდენადაც ოჯახს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა 94,21 კვ.მ. ფართის სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა. სააგენტოს თანამშრომლების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახის მონიტორინგის განხორციელების დროს შედგენილ მონიტორინგის ოქმში (რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს თანამშრომელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი და თავად მოსარჩელე ა. კ-ე) დაფიქსირებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულების საფუძველზე კ. კ-ისათვის გადაცემულ ფართში ცხოვრობს ა. კ-ის ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც კ. კ-ეც არის მითითებული. ის გარემოება, რომ კონკრეტული ოჯახებისათვის, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გადაცემა ფორმალურად ფორმდებოდა ოჯახის რომელიმე ერთ სრულწლოვან წევრზე, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო საცხოვრებლის საჭიროების მქონე ოჯახების ყველა წევრს ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად გადასცემდა ბინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის სადავო აქტები არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ხსენებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად კი დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის არის სტიქიურის მოვლენის შედეგად დაზარალებული. ა. კ-ის ოჯახს, როგორც სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, სადავო აქტებით უარი ეთქვა შესაბამისი დახმარების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული იყო სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მეორედ განეხილა ოჯახის დახმარების საკითხი. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულების შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცა და დაუკანონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადასტურებას ან უარყოფას.

საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/04 განკარგულებით ა. კ-ის შვილს - კ. კ-ეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. განკარგულების საფუძველზე ა. კ-ესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის შვილს საკუთრებაში გადაეცა ...ში, სოფელ ...ში, მე-6 ქ., №18 მდებარე ბინა №64. ა. კ-ის განმარტებით, ხსენებული უძრავი ქონების გადაცემა არ მომხდარა სტიქიური მოვლენის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, არამედ საპრივატიზაციო ქონება ეკუთვნოდა მისი მეუღლის ძმას - ნ. ხ-ეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 18 სექტემბრის საარქივო ცნობას, რომლის თანახმადაც, გარდაბნის რაიონის გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის სხდომის 1989 წლის 30 ოქტომბერის №332 გადაწყვეტილების მიხედვით, ნ. ხ-ეს გაუნაწილდა ოთხოთახიანი ბინა №64. ამასთანავე, ხსენებული გარემოება დადასტურებულია მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ წარმოდგენილა ისეთი მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ქონების პრივატიზების გზით მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამდენად, მითითებული გარემოებების გამოკვლევის საჭიროება ადასტურებს დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე