№ბს-1296(2კ-19) 9 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ც-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებაზე (მოსარჩელე - თ. რ-ი; მესამე პირი (სასკ 16.2) - გ. ჭ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 ოქტომბერს თ. რ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირისადმი კუთვნილების დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ივლისის №49 სხდომის ოქმის მე-8 საკითხის ნაწილში (სარეგისტრაციო დოკუმენტის ჯ. ც-ის კუთვნილების დადასტურების შესახებ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...; ...ო, სოფელი ...ი), ჯ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჯ. ც-ი და გ. ჭ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ჯ. ც-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ჯ. ც-მა და გ. ჭ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ჯ. ც-ისა და გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ თ. რ-ის სახელზე პირველადი რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაუზუსტებელი ფართობი 1000 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისის, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., განხორციელდა 2007 წლის 03 აპრილს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აგვისტოს, მიწის ნაკვეთის ჯ. ც-ზე რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ჯ. ც-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტებთან, ცნობებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ც-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ჯ. ც-ი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯ. ც-ზე სწორად იქნა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო მოსარჩელე თ. რ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ შეიძლება მდებარეობდეს ზუსტად იმავე ადგილას.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რაც საფუძვლად დაედებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სრულად იქნა შესრულებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სააგენტოში დაცული და მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა და მესამე პირზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. კასატორის პოზიციის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელწერილები, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავის იდენტურობის თაობაზე.
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის წერილი, რომლის თანახმად ჯ. ც-ი ირიცხება გადასახადის გადამხდელად, ხოლო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დადასტურებელ იქნა მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მიერ. ამასთან, ჯ. ც-ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის თაობაზე მითითებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში (4.1.7. პუნქტი), მიღება-ჩაბარების აქტზე დართული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციით მისი მდებარეობა შეესაბამება მის დღევანდელ მდებარეობას, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მიხედვით. კერძოდ, აღმოსავლეთით მითითებულია ზ-ი გ. (ნაკვეთის №106), რომელიც წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მომიჯნავედ რეგისტრირებული ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის პირველად მესაკუთრეს. ამასთან, მესამე პირის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ა. გ-ის (ექსპლიკაციის მიხედვით სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის) განცხადება (მიწის ნაკვეთი №118), რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ჯ. ც-ს - გადაწყვეტილების 4.1.19 პუნქტი - ა. გ-ის 2018 წლის 25 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკან, ზ-ებსა და გ-ებს შორის მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმის დროს წარმოადგენდა ჯ. ქ-ის საკუთრებას. ჩრდილოეთიდან მიწის ნაკვეთს ემიჯნება გზა, ხოლო დასავლეთით ზ. გ-ის მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი №108). აღნიშნულ ადგილზე დღეის მდგომარეობით არ არის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, თუმცა, როგორც მხარეები სასამართლო სხდომაზე მიუთითებდნენ, აღნიშნული პირი ფლობს ამ მიწის ნაკვეთს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სადავო უძრავი ნივთი გადაყიდულია და მის ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ჭ-ი. აღნიშნული პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება, დღეის მდგომარეობით ძალაშია და სადავო არ გამხდარა, ასევე, ძალაშია აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის და 2020 წლის 5 მარტის განჩინებებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ც-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ც-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: გარდაბნის რაიონის, ...ოს დაბის გამგეობის 2006 წლის 29 მაისის №815 ცნობის თანახმად, მიწის მესაკუთრეთა გადამხდელთა სიების მონაცემებით, ჟ. ლ-ის კომლის საკუთრებაში სოფელ ...ში 1993 წლიდან ირიცხებოდა 0.10ჰა საკარმიდამო ნაკვეთი.
2006 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე მდებარე გარდაბანი, ...ო, სოფ. ...ი, (0.10 ჰა, ნაკვეთის №062, სარეგისტრაციო №...) რეგისტრირებული იყო ჟ. ლ-ის საკუთრების უფლება. 2006 წლის 01 ივნისს, ჟ. ლ-ესა (გამყიდველი) და ბ. ტ-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, სოფ. ...ი. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს გარდაბნის განყოფილების 2006 წლის 01 ივნისის №1203 ცნობის თანახმად, ჟ. ლ-ემ 2006 წლის 01 ივნისის №1-2487 სანოტარო აქტის მიხედვით მოქალაქე ბ. ტ-ს მიჰყიდა 1000ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბანის რაიონი სოფელი ...ში. 2006 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე მდებარე გარდაბანი, ...ო, სოფ. ...ი, რეგისტრირებული იყო ბ. ტ-ის საკუთრების უფლება.
2007 წლის 22 მარტს ბ. ტ-სა (გამყიდველი) და თ. რ-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, სოფ. ...ი. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2007 წლის 23 მარტის №641 ცნობის თანახმად, ბ. ტ-მა (პ.ნ ...) თ. რ-ს 2007 წლის 22 მარტის №1-1130 ხელშეკრულების საფუძველზე, მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, სოფ. ...ი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისის, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2007 წლის 03 აპრილიდან აღრიცხულია თ. რ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: უძრავი ქონების №1-1130 ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.03.2007 წ.
2007 წლის 02 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე გარდაბანი, ...ო, სოფ. ...ი, (0.10 ჰა, ნაკვეთის №063, სარეგისტრაციო №...) რეგისტრირებული იყო ზ-ი გ. საკუთრების უფლება. გარდაბნის რაიონული სახელმწიფო არქივის 2007 წლის 27 თებერვლის №992 საარქივო ცნობის თანახმად, ...ოს საკრებულოს საარქივო დოკუმენტებში დაცულ 2001- 2006 წლების სოფ. ...ის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ირიცხებოდა ზ-ი გ. . მისი ოჯახის წევრები იყვნენ: მეუღლე - ქ., შვილები - მ. და მ. . პირადი ანგარიშის ნომერი №150, წიგნი №2. 2007 წლის 03 აპრილს, გ. ზ-ს, ქ. ზ-ს, მ. ზ-ს, მა. ზ-სა (გამყიდველები) და თ. რ-ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, (ნაკვეთის №063, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №...) მდებარე თბილისი, სოფ. ...ი.
ამასთან, 1998 წლის 16 მარტის მიწის ნაკვეთის №107 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯ. ქ-ეს სარგებლობაში გადაეცა 0.10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი №107, მდებარე გარდაბანი, ...ი.
2017 წლის 31 მარტს ჯ. ც-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ...ო, სოფ. ...ი. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო: სუბსიდირების პროექტი, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ ვერსია, მიღება-ჩაბარების აქტი, განქორწინების მოწმობა.
ი. ბ-ის, ხ. ჭ-ის, გ. ჭ-ის 31.03.2017 წ. განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებდნენ ჯ. ც-ზე გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 17 ივლისის №49 სხდომის ოქმის მე-8 საკითხის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო ჯ. ც-ის სარეგისტრაციო განცხადება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არ იყო მამის სახელი და პირადი ნომერი. რუსთავის რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან სარეგისტრაციო სამსახურმა 26 აგვისტოს №... გამოითხოვა უწყებაში დაცული დოკუმენტაციის ასლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ...ო, სოფ. ...ში მოქ. ჯ. ც-ი (ქ-ე) ა. (დაბადების თარიღი მითითებული არ არის) კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. რუსთავის არქივის 12 სექტემბრის №15/39820 წერილის თანახმად რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ოს სადაბო საბჭოს სოფელ ...ის 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ჯ. ც-ის/ქ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, ხოლო სოფელ ...ის 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), მიწის ზონარგაყრილი წიგნები, ასევე 2007 წლის საკომლო წიგნები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა. შემოსავლების სამსახურიდან 10 ოქტომბრის №21-02-1/102486 წერილით მიღებული ინფორმაციით ცნობილია შემდეგი: „მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი. ჯ. ქ-ე 2000-2001 0,10.
ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო–სამისამართო ბიუროს 23 მაისის №76/133421 წერილით დადგენილია, რომ მითითებული მონაცემის მიხედვით, 04.09.1986 წლის №96 განქორწინების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე მოქ. ჯ. ქ-ემ შეიცვალა გვარი და გახდა ჯ. ც-ი.
კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №278085 წერილით, ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსგს-დან, კერძოდ საქართველოს მასშტაბით, ასევე გარდაბნის მასშტაბით არის თუ არა რეგისტრირებული/იყო რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარია ჯ. ქ-ე, ჯ. ც-ი. სსგს-ს 2017 წლის 13 ივლისის №76/184882 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებული მონაცემების მიხედვით, ჯ. ქ-ის პირადი ნომერია - ... და ჯ. ც-ის - .... ამასთან, ბაზაში რაიმე სახის ცვლილება არ ფიქსირდება. კომისიის სხდომაზე მოხდა სატელეფონო გასაუბრება ჯ. ქ-ის (...) შვილთან თ. ქ-ესთან (ტელ. ...), რომელმაც დაადასტურა, რომ ჯ. არ ფლობდა მიწის ნაკვეთის ...ი, სოფელ ...ში. კომისიამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები და ერთხმად გადაწყვიტა: წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდებოდა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი ეკუთვნოდა განმცხადებელს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჯ. ც-ის 2017 წლის 31 მარტის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავ ნივთზე მდებარე ...ო, სოფელი ...ი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2017 წლის 08 აგვისტოდან აღრიცხული იყო ჯ. ც-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენდა: შემოსავლების სამსახურის 10.10.2016 წლის №21-02-1/10286 წერილი; რუსთავის არქივის 12.09.2016 წლის №15/39820 წერილი; ქვემო ქართლის კომისიის 17.07.2017 წლის №49 ოქმი.
2017 წლის 13 სექტემბერს ჯ. ც-სა (გამყიდველი) და გ. ჭ-ს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ო, სოფელი ...ში, ფართობი 1000 კვ.მ, ს.კ. ....
2017 წლის 13 სექტემბერს გ. ჭ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ო სოფ. ...ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2017 წლის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის 13.09.2017 წლის განცხადება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ო სოფ. ...ი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1000 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2017 წლის 19 სექტემბრიდან აღრიცხულია გ. ჭ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 13.09.2017 წ.
2017 წლის 26 სექტემბერს თ. რ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი, დაუზუსტებელი ფართობი 1000 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. რ-ის 2017 წლის 26 სექტემბრის განცხადება.
2017 წლის 28 სექტემბერს თ. რ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი, 1000 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, თ. რ-ს 2017 წლის 28 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ს.კ. ...-ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (ს/კ. №...; მესაკუთრე გ. ჭ-ი) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. ამასთან, ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 04.10.2017 წლის წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან. 2017 წლის 19 ოქტომბრის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის №15/162491 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ოს სადაბო საკრებულოს სოფელ ...ოს 1996-2001, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში და ...ს მევენახეობის მეურნეობის 1992 წლის ბრძანებებში (მიწის შესახებ) ჩანაწერი თ. რ-ის კომლის შემადგენლობასა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო გარდაბნის რაიონის ...ოს სადაბო საკრებულოს სოფელ ...ოს 1992-1995 და 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები), ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.
ა. გ-ის 2018 წლის 25 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკან, ზ-ებსა და გ-ებს შორის მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმის დროს წარმოადგენდა ჯ. ქ-ის საკუთრებას.
მიწის განაწილების გეგმის თანახმად, გეგმაზე დატანილია №61, №62 მიწის ნაკვეთები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
„საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისის, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2006 წლის 31 მაისიდან აღირიცხა ჟ. ლ-ეზე, შემდგომში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ბ. ტ-ზე, ხოლო, 2007 წლის 03 აპრილს - თ. რ-ზე. თ. რ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: უძრავი ქონების №1-1130 ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.03.2007 წ. (ტ. 1, ს.ფ. 18). ამავდროულად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, ...ო, სოფ. ...ი, ს.კ. ..., რომელიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, მოიცავს და ფარავს მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით - ..., საკუთრების უფლებით 2017 წლის 08 აგვისტოდან აღრიცხულია ჯ. ც-ის სახელზე და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: შემოსავლების სამსახურის 10.10.2016 წლის №21-02-1/10286 წერილი; რუსთავის არქივის 12.09.2016 წლის №15/39820 წერილი; ქვემო ქართლის კომისიის 17.07.2017 წლის №49 ოქმი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომლის თანახმადაც, მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ჯ. ც-ზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელებისას, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ თ. რ-ზე რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლები არ გაუქმებულა, არ არსებობდა სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აგვისტოს ჯ. ც-ზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ჯ. ც-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტებთან, ცნობებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. მ-ეს 02/09/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 20/02/2020 წ. საგადასახადო მოთხოვნა №...-ით, გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210-210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ც-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. მ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02/09/2019 წ. საგადახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20/02/2020 საგადასახადო მოთხოვნა №...-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე