საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1312(2კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მესამე პირი) - სს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - შპს „...ო“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი - ...) სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და სს „...მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით სს „...ის“ წარმომადგენლის აპოლონ გადელიას სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 თებერვალს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1360 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი-505,06 კვ/მ), სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1360 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი-505,06 კვ/მ), სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმეები №3/ბ-555-19 სს „...ის“ სააპელაციო საჩივრისა გამო მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი; მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ და ადმინისტრაციული საქმე №3/ბ-30-20 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრის გამო, მესამე პირების - შპს „...ი“, შპს „...ო“ და მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/ბ-555-19.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სს „...მა“ რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
2021 წლის 20 სექტემბერს სს „...ის“ დირექტორმა ნ. ჩ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ საჭიროებიდან გამომდინარე და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1360 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი - ...) და მასზე განთვასებულ დაუმთავრებელ შენობაზე საკუთრების უფლების გაუქმება გადაწყვიტა, რის გამოც აღნიშნული ქონების ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს „...ის“ დირექტორის განცხადება დაკმაყოფილდა; სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე, ქალაქ სენაკში, ...ას ქუჩაზე მდებარე 1360 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი-505,06 კვ/მ), სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
2021 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს „...ისა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების განხილვის მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს №ბს-1312(2კ-20) საქმის განხილვა, სადაც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირს - შპს „...ო“. სააგენტოს განცხადებებით მიმართეს როგორც სს „...ის“ დირექტორმა, ასევე, შპს „...ოს“ წარმომადგენელმა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სთხოვეს, უარი ეთქვა საკასაციო საჩივარზე. ასევე მიუთითეს, რომ სადავო ქონებიდან გამომდინარე, არ ექნებოდათ არანაირი პრეტენზია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინება სს „...ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-1163(კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენაა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება, კერძოდ, პროცესის მონაწილის ნება-სურვილზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამდენად, მხოლოდ საჩივრის შეტანაზე უფლების მქონე პირს შეუძლია, უარი განაცხადოს გასაჩივრებაზე ან უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე... არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული (სადავო) უფლების დასაცავად. მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, მათ აგრეთვე უფლება აქვთ უარი თქვან გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. ამასთან, მისი მხრიდან საკასაციო საჩივარზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით, ზემოაღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“. ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული. სს „...ს“ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც დაუშვებლობის მოტივით სს „...ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე, ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, შეწყდეს საქმის წარმოება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი ქალაქ სენაკში, ...ას ქ. №2ა-ში მდებარე დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი - ...; ნაკვეთის წინა ნომერი ...) 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 8 იანვარს №00083 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე