Facebook Twitter

ბს-998(5კ-19) 17 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“ და დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...მა“ 15.01.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და დ. მ-ის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 30.05.2004წ. №..., 12.06.2014წ. №..., 08.08.2014წ. №..., 05.07.2017წ. №... გადაწყვეტილებების, 06.08.2014წ. აუქციონში გამარჯვების/ვალდებულების შესრულების №... დადასტურების, 06.08.2014წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №7/18384 მიმართვის, 23.05.2014წ. №1/1-957 ბრძანების, 10.06.2014წ. №7/20951 მიმართვის და შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2018წ. განჩინებით შპს ,,...ის“ სარჩელზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. N7/18384 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს ,,ს...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2018წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.06.2014წ. №7/20951 მიმართვა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.06.2014წ. №7/20951 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე შპს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2014წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2018წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.05.2014წ. №1/1-957 ბრძანება ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე 520 კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში, ამავე 520 კვ.მ შენობა-ნაგებობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.2014წ. №... გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.06.2014წ. №7/20951 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.06.2014წ. №... გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. მ-ს შორის 06.08.2014წ. გაფორმებული №... სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებით ნასყიდობის ხელშეკრულება შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე 520 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის გასხვისების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 06.08.2014წ. გაცემული აუქციონში გამარჯვების/ვალდებულების შესრულების №... დადასტურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე 520 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2014წ. №... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 520 კვ.მ შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა დ. მ-ის სახელზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ვირტუალური აქტი) შპს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შპს ,,...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფოს საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული კერძო საკუთრებისა. ამდენად, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო რეგისტრაციის მეშვეობით ხდება მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისში, ...ის გზატკ. N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1507 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ №1 შენობაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 23.05.2014წ. №1/1-957 ბრძანების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №7/18384 განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.2014წ. №... გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოებს არ შეუფასებიათ №1 (ლიტ. „გ“) შენობა-ნაგებობაზე შპს „...ის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის ფაქტი. აღნიშნული გარემოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არც 12.06.2014წ. №... გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა და ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) შიდა აზომვითი ნახაზების (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი - 527,68 კვ.მ., მათ შორის: სარდაფი - 264,12 კვ.მ. და I სართული - 263,56 კვ.მ.) შესაბამისად, საკუთრების უფლებით აღრიცხა სახელმწიფოს სახელზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე განკარგა 1507 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი შპს „...ის“ კუთვნილ 520 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობასთან ერთად, რითაც ცალსახად იქნა დარღვეული შპს „...ის“ საკუთრების უფლება, რომელსაც კანონიერი ნდობა გააჩნდა მის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის მიმართ. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 06.08.2014წ. გაცემული აუქციონში გამარჯვების/ვალდებულების შესრულების №... დადასტურების, 06.08.2014წ. №... სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებით ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2014წ. №... გადაწყვეტილება მითითებული უძრავი ქონების გასხვისების ნაწილში (520 კვ.მ.) უკანონო აქტებს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 17.11.2017წ. შპს ,,...ის“ წარმომადგენელმა პ. კ-ემ №14699/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.05.2014წ. №1/1-957 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №7/18384 მიმართვისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.06.2014წ. №7/20951 მიმართვის ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. სზაკ-ის 177.2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე 520 კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვირტუალური უარის კანონშეუსაბამობაც ამ ნაწილში სახეზეა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დ. მ-ი წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ მესაკუთრეს. ამასთან, გარიგების დადების მომენტისათვის არც ერთ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია დ. მ-ის მიერ შეძენილი უძრავი ქონებით სხვა პირის დაინტერესების შესახებ. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ,,ს...ს“ წარმოეშვა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ და განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, ამასთან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებას, სადავოდ არავის გაუხდია და ძალაში მყოფ გარიგებას წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“ და დ. მ-ის მიერ.

კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი იქნა წარდგენილი და სახეზე არ ყოფილა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამაბრკოლებელი არც ერთი გარემოება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,ბ...„-მ ...ის გზატკ. N...-ში მდებარე ლიტ. ,,გ“ და ლიტ. ,,ე“ შეიძინა კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროში ჩატარებულ აუქციონზე. შესაბამისად, უძრავი ქონება სააგენტოს არ განუკარგავს. სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ქონების სააგენტოსთვისაც მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და სახელმწიფო მესაკუთრის უფლებებიც დაცულია კანონით.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამისად, აუქციონის გამოცხადების შესახებ ბრძანება, მხარესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ვალდებულების შესრულების დადასტურება გამოცემულია სააგენტოს მიერ. სასამართლომ არ შეაფასა დასახელებული გარემოებები და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა და მიუთითა იმ აქტებზე, რომელიც სამინისტროს მიერ არ გამოცემულა. სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დროისათვის მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში არ ფიქსირდებოდა. მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტების მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან მხარეს არ აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება მიწაზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ასევე, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა შემძენის კეთილსინდისიერების საკითხი.

კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. შპს ,,ბ...“-ს დამდგენ დოკუმენტებში (მიღება-ჩაბარების აქტი №228, აუქციონის შედეგების ოქმი №1, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №23/930-ა, 08.07.1999წ. ხელშეკრულება №6/4) მითითებული არ არის კონკრეტული ლიტერები, შესაბამისად, ვერ ხდება იდენტიფიცირება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის შპს ,,ბ...“-სთვის გადაცემის ფაქტი. კასატორმა აღნიშნა, რომ არ დგინდება სახელმწიფოს მიერ ლიტ. ,,გ“-ს განკარგვის ფაქტი, ანუ არ დგინდება ფაქტობრივი და სამართლებრივი კავშირი ტექ.ბიუროში შპს ,,ბ...“-ს სახელზე აღრიცხულ ქონებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა დაფუძნებოდა მხოლოდ ტექბიუროში აღრიცხვის ფაქტს. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ფუნქცია არ ყოფილა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია, იგი გათვლილი იყო უკანონო და კანონიერ შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ინვენტარიზაციისა და პასპორტიზაციისათვის. უფლების დამდგენი დოკუმენტები არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა დეტალურად არ ასახავს ჩატარებულ კვლევებს. შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ ყოფილა. ამდენად, სააგენტოში დაცული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, რასთანაც დადგინდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე და გახდებოდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. შპს ,,...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი განკარგა სახელმწიფომ, კერძოდ, №228 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს ,,ბ...“-ს შორის, ასევე, პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელსა და შპს ,,ბ...“-ს შორის. შპს ,,...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე და შემდგომში განმკარგავი არის სახელმწიფო, ასევე, დღეისათვის დ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის განმკარგავიც არის სახელმწიფო. ამდენად. სახელმწიფოს მიერ ვერ მოხდებოდა ერთი და იმავე უძრავი ნივთის რამდენჯერმე განკარგვა.

კასატორმა შპს ,,...მა“ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მხოლოდ შპს ,,...ის“ კუთვნილი 520 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფარგლებში დაკმაყოფილდა, ხოლო მის ირგვლივე მდებარე თავისუფალ მიწის ნაკვეთზე სადავო აქტები ძალაში დარჩა. მოსარჩელე დაინტერებული არის იმ მიწის ნაკვეთის შეძენით, რომელზეც შპს ,,...ის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ისე იქნა პრივატიზებული, რომ შპს ,,...ს“ არ მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების საშუალება. ის ფაქტი, რომ სადავო უძრავ ნივთზე არსებობდა შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარმოადგენდა იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების არსებობის მიუხედავად, იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

კასატორმა დ. მ-მა მიუთითა უზენაესი სასამართლოს 09.06.2016წ. (საქმე №ბს-682-674(3კ-15) და 26.10.2018წ. (საქმე №ბს-852(3კ-18) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებებით, როდესაც კეთილსინდისიერი პირი იძენს ქონებას, დაუშვებელია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ან/და ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. სხვა შემთხვევაში, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა სრულიად ჩამოიშლებოდა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას აზრი დაეკარგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს 17.10.2017წ. გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №3/4/550) დადგენილია, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა არის ის აღმატებული სიკეთე, რომლის დაცვასაც კანონმდებელი ახდებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების საფუძველზე. დ. მ-მა, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, საკუთრების უფლება მოიპოვა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე და გახდა უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრე. სახელმწიფოს მიერ ქონების წართმევა დელიქტს წარმოადგენს და ზიანის ანაზღაურების უფლება კომპანიისათვის გარანტირებულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით. შპს ,,...ს“ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მოუხდენია. კასატორმა ქონება შეიძინა იმ რწმენით, რომ საკუთრების უფლების მოპოვებას ახდენდა კანონიერი მესაკუთრისაგან, ობიექტში დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა და განახორციელა ინვესტიცია. დ. მ-მა 06.08.2014წ. სახელმწიფოსთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ ექვემდებარება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე შემოწმებას. საკუთრების შეძენის დადასტურების აღიარება ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და იურიდიული ძალის მქონე გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. დ. მ-მა განახორციელა არა ერთი იურიდიული მნიშვნელობის ქმედება იმ რწმენით, რომ მას შეძენილი ჰქონდა საკუთრების უფლება. სასამართლომ უნდა შეაფასოს დ. მ-ის კანონიერი ნდობის მიუხედავად ირღვევა თუ არა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს 13.12.2018წ. №ბს-1046(კ-18) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ ერთმანეთს უნდა შეუპირისპიროს ზიანი, რომელიც დ. მ-ს შეიძლება მიადგეს აქტების გაუქმებით და რომელიც შესაძლებელია დადგენს შპს ,,...ისათვის“ აქტების ძალაში დატოვებით. დ. მ-მა 520 კვ.მ. შენობაში დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, შენობაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით უნდა გაისტუმროს ბანკის ვალი და მას შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია. შეუძლებელია შპს ,,...ის“ ზიანთან დ. მ-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეპირისპირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“ და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს 31.01.2002წ. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ განკარგულების შესაბამისად, კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის გ. აბაშიძის მიერ 31.01.2001წ. აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა ქ. თბილისში, ...ის გზატკ. N...-ში მდებარე 520 კვ.მ. ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (კლუბის შენობა, ლიტ. ,,გ“) და 466 კვ.მ. ერთსართულიანი გრძივი კაპიტალური შენობა (ლიტ. „ე“). აუქციონზე გაიყიდა ორივე შენობა-ნაგებობა, რომელიც შეიძინა შპს „ბ...“-ს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის გ. აბაშიძის 06.02.2002წ. №01/06 წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისის ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს გაეგზავნა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ, რომელთა თანახმად 31.01.2002წ. კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროში ჩატარებულ აუქციონზე ...ის ... №48-ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, შპს „ბმგ პლიუსის“ სახელზე რიცხული „გ“ და „ე“ ლიტერების მესაკუთრე გახდა შპს „ბმგ“. ამდენად ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ეთხოვა სათანადო რეაგირების განხორციელება.

უსაფუძვლოა კასატორების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრაციის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტი და ამ უძრავ ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობა წარმოშობდა რეგისტრაციის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებდნენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. #416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლი ითვალისწინებდა ინფორმაციის გაცემის წესს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მართალია, 2002 წელს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გამიჯნული იყო ტექნიკური აღრიცხვის ინვენტარიზაციის ბიუროებისა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუქნციები, თუმცა უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია კრწანისი-მთაწმინდის და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 31.01.2002წ. განკარგულება, რომლის მიხედვით აუქციონზე გაიყიდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. N...-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა-ნაგებობები ლიტ. ,,გ“ და ლიტ. ,,ე“. აღნიშნული ქონება შეიძინა შპს ,,ბ...“-ს. აღმასრულებელმა 06.02.2002წ. მიმართა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს და მითითებული განკარგულების საფუძველზე მოითხოვა სათანადო ცვლილებების განხორციელება, რაც აისახა ტექნიკური ინვენტარიზაცის ბიუროს ჩანაწერებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-25). სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვის წარდგენამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეკვლია გარემოებები სარეგისტრაციო შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც შედეგად მოჰყვა შპს ,,...ისათვის" პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება.

საფუძველს არის მოკლებული კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება უძრავი ნივთის იდენტიფიცირების შეუძლებლობის თაობაზე. საქმის მასალებში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.01.2018წ. №000143218 ექსპერტიზის დასკვნით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საინვენტარიზაციო გეგმაზე და ცნობა-დახასიათებაში ასახული ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე შპს „ბ...“-ს (ამჟამად შპს „...ის“) საკუთრებად რიცხული ლიტ „გ“ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს დ. მ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე განთავსებულ №01/1 შენობა-ნაგებობას. ამ გარემოების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად არ არის საკმარისი. ამასთან, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ №228 მიღება-ჩაბარების აქტში, აუქციონის შედეგების №1 ოქმში, №23/930-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობასა და 08.07.1999წ. №6/4 ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ლიტერები, რის გამოც უძრავი ნივთის იდენტიფიცირება შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია ის დოკუმენტი, რაც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში შპს ,,ბ...“-ს სახელზე სადავო ,,გ" ლიტერზე აღრიცხვის საფუძველი გახდა, კერძოდ, აღმასრულებლის 31.01.2002წ. განკარგულება. მითითებულ განკარგულებაში აღნიშნულია, როგორც აუქციონზე შეძენილი უძრავი ნივთის მდებარეობა, ასევე, ლიტერების დასახელება და ფართობის ოდენობა, ხოლო იდენტობა დადასტურებულია საქმის მასალებში დაცული 09.01.2018წ. №000143218 ექპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია მოკლებულია საფუძველს.

ქ. თბილისში, ...ის ... №48-ში მდებარე 1507 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.06.2017წ. №1/1-1406 ბრძანებით. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განიკარგა ელექტრონული აუქციონის ფორმით და აუქციონში გამარჯვებულსა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის 06.08.2014წ. გაფორმდა №... უ.უ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2014წ. №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა დ. მ-ის საკუთრების უფლება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე განკარგა 1507 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი შპს „...ის“ კუთვნილ 520 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობასთან ერთად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №... უ.უ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.). განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებით შეიზღუდა დაინტერესებული პირის შპს ,,...ის" უფლება და კანონიერი ინტერესი. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინსტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. კეთილსინდისიერი შემძენის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის მსგავსად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. ამდენად, აქტის ბათილად ცნობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი საწინააღმდეგო - კანონიერი ნდობის თვალსაზრისით (სუსგ საქმე №ბს-600-589(4კ-12), 14.11.2013წ.). სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან. იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას (სუს 20.01.2015წ. განჩინება, საქმე №ბს-367-363(კ-14)).

იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება. უფლებაშემზღუდავი გარიგების დადების შეუძლებლობა დაინტერესებული მხარის თანხმობის გარეშე რელევანტური არ არის სამოქალაქო გარიგებასთან მიმართებით, ამგვარ დათქმას კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ (სზაკ-ის 67-ე მუხ.), ხოლო სს ,,ს...ის“ უფლების რეგისტრაციის საფუძველს ადმინისტრაციული გარიგება არ წარმოადგენდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ იპოთეკარმა უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის დროს იცოდა უფლების ნაკლის შესახებ, შესაბამისად, იპოთეკარი მიიჩნევა კეთილსინდისიერად და მის მიმართ უნდა გავრცელდეს მართლზომიერი იპოთეკარისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო გარანტიები.

განსახილველი დავის საგანთან მიმართებით არარელევანტურია კასატორის დ. მ-ის მიერ სუს 09.06.2016წ. ბს-682-674(3კ-15) და 26.10.2018წ. ბს-852(3კ-18) განჩინებებზე მითითება. №ბს-682-674(3კ-15) ადმინისტრაციულ საქმეში დავის საგანს შეადგენდა არა ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვების და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო №ბს-852(3კ-18) ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოდან კერძო სამართლის სუბიექტებისათვის გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში, რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. ამდენად, აღნიშნულ საქმეებზე მითითება განსახილველი დავის საგნისადმი შეუსაბამოა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებას იმის შესახებ, რომ მხარეს არ აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება მიწაზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ კანონზე მითითება არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 03.06.2016წ. კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად. თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებულია არა შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების აღიარება, არამედ რეგისტრაციის შესაძლებლობა იმ მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობის განაშენიანების შესაბამისად), რომელზეც განლაგებულ შენობა-ნაგებობზე პირს უკვე მოპოვებული აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება.

დაუსაბუთებელია კასატორის შპს ,,...ის“ პრეტენზია შენობა-ნაგებობის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთზე კანონიერი ინტერესის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - განკარგულების გათვალისწინებით, მხოლოდ 520 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ნაწილში გააჩნია, ამასთანავე, უსაფუძვლოა მითითება იმის შესახებ, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო აუქციონში. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, ასეთზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის" 2.5 მუხლის მიხედვით სახელმწიფო ქონების პრივატიზების ორგანო სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.privatization.ge (ერთი აუქციონი ერთი ლოტის სახით), რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შესაძლებელია გამოქვეყნდეს ვებგვერდზე www.nasp.gov.ge. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge. ამავე წესის 2.11 მუხლის თანახმად ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას. კასატორი შპს ,,...ი" არ მიუთითებს აღნიშნული ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით დადგენილი რომელიმე პირობის დარღვევაზე, რის გამოც მას სადავო შენობა-ნაგებობის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთზე აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა.

რაც შეეხება კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუქციონის გამოცხადების შესახებ ბრძანება, მხარესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ვალდებულების შესრულების დადასტურება გამოცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და არა სამინისტროს მიერ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, მითითებული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც კასაციის დაშვების საფუძველი და უნდა გასწორდეს უსწორობის გასწორების განცხადების განხილვის ფარგლებში გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“ და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს ,,...ის“ და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2019წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.08.2019წ. №25580 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. პ. კ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. დ. მ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.07.2019წ. №8183176304 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე