ბს-1063(კ-20) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხივლის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. მ-ემ 11.12.2019წ. სარჩელით მიმართა ქარელის მაგისტრატ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა კ. მ-ის ერთსულიანი ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების 18.09.2019წ., ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.10.2019წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის კ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს ქარელის მაგისტრატი მოსამართლის 26.06.2020წ. გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კ. მ-ის ერთსულიანი ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების 18.09.2019წ. და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.10.2019წ. გადაწყვეტილებები, დაევალა მოპასუხეს კ. მ-ის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კ. მ-ე არის 81 წლის მარტოხელა პენსიონერი, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ჰიპერტენზია, ამასთანავე მარჯვენა თვალში დაკარგული აქვს მხედველობა, მარცხენა თვალზე საჭიროებს ოპერაციას, რომლის ღირებულების გადახდის საშუალება მას არ გააჩნია. კ. მ-ის ოჯახი 2011 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას, 2015 წლიდან, მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების გამო საარსებო შემწეობის გაცემა და სადაზღვევო პოლისით მომსახურება შეწყდა, აქედან გამომდინარე, 2019 წელს მოსარჩელემ მიმართა განყოფილებას და მოითხოვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. 18.09.2019წ. შევსებულ დეკლარაციაში სოციალურმა აგენტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარგებლობს 75კვ.მ. საცხოვრებელი ფართით და ამასთანავე ფლობს 0.08ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის განმარტებით, სახლი, რომელშიც ცხოვრობს და ხსენებული მიწის ნაკვეთი არის სხვა პირის საკუთრება, საცხოვრებელი მიზნებისათვის იგი იყენებს მხოლოდ 20.72კვ.მ.-ს. გასულ წლებში შევსებულ დეკლარაციებში მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ფართები განსხვავებულია. ზემოაღნიშნული დეკლარაციის მონაცემების საფუძველზე სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, მოსარჩელის ოჯახს გადამოწმების შედეგად მიენიჭა სარეიტინგო ქულა 71770. სასამართლო სხდომაზე განყოფილების წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირის დაავადებას, თუ ის სერიოზული სახისაა, შეუძლია გავლენა იქონიოს სარეიტინგო ქულის ოდენობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოსაზრებაზე, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალური აგენტის მიერ სათანადო ინფორმაცია არ მიუღია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დეკლარაციის შევსებამდეც იზრუნებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოპოვებასა და სოციალური აგენტისთვის წარდგენისათვის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადგენას საჭიროებს სოციალური აგენტის მიერ 18.09.2019წ. დეკლარაციაში კ. მ-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრისის ფართობის სწორად ასახვა, მოსარჩელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობა, სოციალური აგენტის მიერ კ. მ-ისთვის სარეიტინგო ქულის გამოთვლის მიზნებისთვის დეკლარაციაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ზუსტად ასახვის მნიშვნელობის სათანადოდ განმარტება. აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეკლარაციაში ასახული მონაცემების, მათ შორის სარგებლობაში არსებული საცხოვრისის ფართის, მიწის ნაკვეთისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების სისწორე დადასტურებულია მოსარჩელის მიერ, პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მართალია ნორმა განსაზღვრავს ოჯახის ვალდებულებას სააგენტოსთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, თუმცა არც ეს და არც სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს ოჯახის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, მაგრამ ამ საპროცესო დარღვევას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ გამოუწვევია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 31.12.2014წ. N758 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და აღნიშნა, რომ ამ მეთოდოლოგიის გაანალიზებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სარეიტინგო ქულის გამოთვლა ამ მეთოდოლოგიის მიხედვით უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლას. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მონაცემთა ზედმიწევნით დადგენასა და ასახვას საოჯახო დეკლარაციაში, რათა, ერთი მხრივ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები არ დარჩნენ სათანადო სოციალური დაცვის გარეშე და მეორე მხრივ, საბიუჯეტო თანხები განიკარგოს კანონიერად.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დეკლარაციაში საცხოვრებლის ფართთან დაკავშირებულ სხვადასხვა წელს, სხვადასხვა მონაცემების ასახვაზე და აღნიშნა, რომ ამ ცვლილების გამომწვევი გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო სათანადოდ ახსნილი, ამასთანავე ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და აღნიშნა, რომ დეკლარაციაში აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების მიერ.
კასატორის მოსაზრებით არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, დეკლარაცია გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალურმა აგენტმა ოჯახის ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს იხელმძღვანელა კ. მ-ის და იმ დროს მასთან ერთად მყოფი მისი შვილიშვილის გ. მ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომლის თანახმად კ. მ-ე ფლობდა და სარგებლობდა 75კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, ორსართულიანი სახლის პირველ სართულს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სოციალურმა აგენტმა დეკლარაციის ყველა გვერდი ხმამაღლა და გარკვევით წაუკითხა ორივეს, მაგრამ მოსარჩელემ დამატებით გადააკითხვინა დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები თავის შვილიშვილ გ. მ-ეს, რადგან იგი არ ენდობოდა სოციალურ აგენტს და მხოლოდ ამის შემდგომ მოაწერა ხელი ოჯახის დეკლარაციის ყველა გვერდს. კასატორი უთითებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს ოჯახის უფლება-მოვალეობებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული ნორმატიული აქტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასაართლომ სამართლებრივად დასაბუთებულად და ამომწურავად გასცა კასატორის არგუმენტებს პასუხი, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივარი იდენტურია მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრისა, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე