ბს-538(კ-19) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს ,,...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...მა“ 26.11.2015წ. სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,...ას“ უფლებამონაცვლედ სს ,,...ის“ ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 30.07.2015წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 29.10.2015წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ახმეტაში, ...ის ქ. №59-ში მდებარე უძრავ ნივთზე სს ,,...ის“ რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება.
თელავის რაიონული სასამართლოს 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს ,,...ი“ ცნობილი იქნა ,,...ის“ უფლებამონაცვლედ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2015წ. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2015წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა სს ,,...ის“ რეგისტრაციის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 27.04.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს ,,...ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგად მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს 24.07.2015წ. განცხადებით მიმართა სს ,,...მა“ და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ახმეტაში, ...ის ქუჩაზე მდებარე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე. ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2015წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ს“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-74 მუხლი. ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.2015წ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...მა’’. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2015წ. №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 08.11.1994წ. ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,...ის’’ დირექტორის №5 ბრძანების თანახმად ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,...ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიზნით შეიქმნა სამუშაო კომისია და შედგა ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,...ის’’ პრივატიზაციის გეგმა. გეგმის თანახმად ობიექტის იურიდიული მისამართია ახმეტა, ...ის ქ. №56, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - სახელმწიფო საწარმო. ახმეტის რაიონის გამგეობის 12.12.1994წ. №312 გადაწყვეტილებით ,,სამეწარმეო საქმიანობის შესახებ’’ კანონისა და ,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო გაერთიანების, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების შესაბამისად რეგისტრაციაში გატარდა სს ახმეტის ,,...ის’’ წესდება. 30.08.1996წ. ახმეტის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სს ახმეტის ,,...ის’’ ხელახალი რეგისტრაცია. საწარმოს მისამართად მიეთითა ქ. ახმეტა, ...ის ქ. №59. 19.08.1996წ. საერთო კრების მიერ დამტკიცდა სს ,,ახმეტის ...ის’’ ახალი წესდება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა რაიონული სასამართლოს მიერ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ამ მოთხოვნის ნაწილში დავა ეხებოდა არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ საკითხის სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-74 მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მართებულობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა იმპერატიულად, ცალსახად უკრძალავს კერძო სამართლის იურიდიულ პირს (მათ შორის იგულისხმება სააქციო საზოგადოებაც) 2012 წლის 1 იანვრიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოს. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით უსაფუძვლოა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა გამოეკვლია საკითხი სს ,,...ის“ სახელზე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) დამაგრების აქტის არსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სს ,,...ი“ წარმოადგენს ,,...ის“ უფლებამონაცვლეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,...ი“ დაფუძნდა 30.08.1996წ. ახმეტის რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. რაიონულმა სასამართლომ სს ,,...ი“ მხოლოდ იმ მოტივით ცნო „...ის“ უფლებამონაცვლედ, რომ სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი სახელმწიფო საწარმოს იურიდიული მისამართის იდენტურია, ამასთანავე, იდენტურია, როგორც სახელმწიფო საწარმოს, აგრეთვე სააქციო საზოგადოების საქმიანობის სახეები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი და არ წარმოადგენს უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ადგენს საწარმოთა რეორგანიზაციის სახეებს, ასევე, საწარმოს სხვა საწარმოს სამართალმემკვიდრედ მიჩნევის შემთხვევებს, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 14.4 მუხლის თანახმად საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). განსახილველ შემთხვევაში სს ,,...ი“ რეგისტრაციაში გატარდა ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ 12.12.1994წ. №312 გადაწყვეტილებით. საწარმომ 30.08.1996წ. გაიარა ხელახალი სახელმწიფო რეგისტრაცია. სს „...ის’’ არც 1994 წლის წესდებაში და არც 1996 წლის ახალ წესდებაში არ არის აღნიშნული საწარმოს „...ის“ უფლებამონაცვლეობაზე. არც ერთ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ სს „...ი’’ წარმოადგენს „...ის“ უფლებამონაცვლეს, ასევე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება (მაგალითად, უძრავი ქონების მიმაგრების აქტი, ბალანსზე აყვანის აქტი და ა.შ), რომლითაც დადგინდებოდა, რომ „...ის“ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) რაიმე ფორმით, თუნდაც ფლობისა და სარგებლობის უფლებით, გადაეცა სს „...ს’’. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად ახმეტაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 33454 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 25.02.1983წ. სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მესაკუთრის (მოსარგებლის) გრაფაში მითითებულია „...ა“, რომლის უფლებამონაცვლედ ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული სს ,,...ი’’.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,...ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რომ არ იმსჯელა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაგებლისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალებისას წარუდგენლობის შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. სასამართლოს არ გამოუკვლევია სახელმწიფო საწარმოს პრივატიზებისას აქციებთან ერთად უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის საკითხზე. იმ გარემოებამ, რომ სარეგისტრაციო და სარეორგანიზაციო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი, მოსარჩელე აიძულა დარღვეული უფლების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის და უფლებამონაცვლის სასამართლო წესით დადგენა მოეთხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო ემტკიცებინა, რომ მოსარჩელე საწარმო დაფუძნდა არა ,,...ის“, არამედ სხვა საწარმოს ბაზაზე. სს ,,...ი“ დაფუძნდა 30.08.1996წ. ახმეტის რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. მისი დაფუძნება მოხდა სახელმწიფო საწარმოს ბაზაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინამორბედი სახელმწიფო უწყების მიერ, რომელიც ვალდებული იყო სწორად შეედგინა საპრივატიზებო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია და არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ,,...ა“ არ წარმოადგენდა იმ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელზედაც ვრცელდებოდა ,,სახელმწიფო საწარმოების საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილება. ეს გარემოება სათანადოდ არ შეუფასებია სააპელაციო სასამართლოსაც. სააპელაციო პალატამ ასევე სათანადო შეფასება არ მისცა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის 21.09.1978წ. №1 ბრძანებას ,,საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება ,,საქსოფლტექნიკის“ საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის საწარმოო ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტად გარდაქმნის შესახებ“. ამ ბრძანების №1 დანართის მიხედვით საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის საწარმოებისა და ორგანიზაციების სიაში შედიოდა ახმეტის საწარმოც. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს ,,...ი“ არ წარმოადგენს ,,...ის“ უფლებამონაცვლეს. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ,,საქსოფტექნიკის“ რაიონული განყოფილება არსებობდა 1961 წლიდან და მას შემდეგ ოთხჯერ შეეცვალა სახელი: 1978 წელს, 1983 წელს, 1990 წელს და 1993 წელს. ბოლო შემთხვევაში გარდაიქმნა ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,...ად“ და ამ უკანასკნელის ბაზაზე დაფუძნდა ,,...ი“. სს ,,...ი" დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1994წ. №288 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა კომისია, რომელმაც მოამზადა და ახმეტის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ განყოფილებაში წარადგინა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია. პალატას გადაწყვეტილების მიღებისას არ შეუფასებია ახმეტის სახელმწიფო საწარმოს ,,...ის“ ძირითადი საშუალებების საერთო ღირებულების აქტები (1994 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით) და ახმეტის სახელმწიფო საწარმოს ,,...ის“ პრივატიზაციის გეგმა. სასამართლოს შეეძლო საკუთარი ინიციატივით შეეგროვებინა მტკიცებულებები და გამოეკვლია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების შესაბამისად რა გადასცა მოსარჩელეს მოპასუხე ორგანომ. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა პრივატიზაციის გეგმის ბოლო გვერდზე მითითებული საბუთების ჩამონათვალს, სადაც ,,დ“ პუნქტად მითითებულია საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა, რაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის იდენტურია. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია აუდიტორული დასკვნები, სადაც ჩამოთვლილია მოსარჩელის ბალანსზე არსებული ქონება, რაც ,,...ის“ სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში შენობა-ნაგებობის შესახებ დაცული დოკუმენტაციის იდენტურია. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე არ არის სადავო საწარმოს უფლებამონაცვლე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედასტურებინა რა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გააგრძელა არსებობა ,,...ამ“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონზე და კანონის უკუქცევით ძალაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სს ,,...მა“ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 24.07.2015წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა ქ. ახმეტაში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 28 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლზე, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. დამატებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. №2/3/522,533 გადაწყვეტილებაზე კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სპს „გ...ა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც დავის საგანს შეადგენდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ...მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის უთანასწორობა ემყარება ობიექტურ მიზეზებს და არსებობს რაციონალური კავშირი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს შორის, შესაბამისად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას. სადავო ნორმები მიღებულია გარკვეული საჯარო მიზნების მისაღწევად. ნორმებით დადგენილი რეგულირება ლოგიკურ კავშირშია მისაღწევ მიზნებთან და წარმოადგენს მათი მიღწევის საშუალებას. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას. შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული კასატორის მითითება კანონის უკუქცევით ძალაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სს ,,...მა“ სარჩელი აღძრა 2015 წელს, ასევე იმავე წელს არის მიღებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ანუ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლით დადგენილი თარიღის შემდგომ. სსსკ-ის 248-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება 2011 წელს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაზე, ვინაიდან 2011 წლის სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს. გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალებით სს ,,...ს" არ უსარგებლია არც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებამდე მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 28.10.1998წ. კანონით (ძალა დაკარგა 20.09.2007წ.) მინიჭებული უფლებით. 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ სს ,,...მა“, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მიხედვით სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარი, გარდა კანონის უკუქცევით ძალაზე მითითებისა, არ შეიცავს დასაბუთებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობაზე. ამასთანავე, კასატორის პრეტენზია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაგებლების წარუდგენლობის თაობაზე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხის მიერ დადასტურებად, აღნიშნული არ იწვევს მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონზე (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. №743 კანონით), რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება“, რომლითაც სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). მითითებულ პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა. ახმეტის სახელმწიფო საწარმო ,,...ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა მიზნად ისახავდა აქციების პრივატიზებით ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა) სააქციო საზოგადოებაზე გადაცემას. რაც შეეხება მიწას, იმ დროისათვის მიწა ისევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და საწარმოს პრივატიზებით სახელმწიფო არ კარგავდა მიწაზე საკუთრების უფლებას. 03.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (კანონის სათაურის დღეს მოქმედი რედაქცია) კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. მართალია, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა და სარჩელი აღიძრა მითითებული კანონის მიღებამდე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება სს ,,...ის“ მიერ საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენა სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განსახილველ დავაში მოსარჩელე თავს ახმეტაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 28 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად (მოსარგებლედ) თვლის. საქმის მასალებში დაცული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის (ს.ფ. 122-123) შესაბამისად 28 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სრულად არ წარმოადგენს მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართს, კერძოდ, 28 280 კვ.მ.-დან განაშენიანებული არის მხოლოდ 2 177 კვ.მ.. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 30.07.2015წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 29.10.2015წ. №... გადაწყვეტილებების (ს.ფ. 25-29) კანონიერება. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე მიუთითებს (ს.ფ. 15). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ახმეტის სახელმწიფო საწარმოს ,,...ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისა და საპრივატიზებო პროცედურებზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან კასატორის მოთხოვნა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით იყო არა, როგორც პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არამედ მიწის ნაკვეთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების აღიარება. რაც შეეხება ,,...ის“ უფლებამონაცვლედ სს ,,...ის“ ცნობის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსიდან გამომდინარე, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვის ჭრილში, არ არსებობს უფლებამონაცვლეობის საკითხის შეფასების საფუძვლები. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით 25.02.1983წ. სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე ახმეტაში, ...ის ქუჩაზე მდებარე 33 454 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მითითებულია ...ა. სს ,,...ი“ ,,...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. დადგენილია, რომ 2012 წლის პირველი იანვრიდან სს ,,...მა“ დაკარგა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. სასკ-ის 25.1 მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამდენად, აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელია სარჩელის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის აღძვრის საფუძველს არა ნებისმიერი, არამედ პირის იურიდიული დაინტერესება წარმოადგენს. ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, არ იკვეთება ,,...ის“ და სს ,,...ის“ უფლებამონაცვლეობის დადგენის ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2018წ. გადაწყვეტილება.
3. თ. მ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.05.2019წ. №20364324 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე