Facebook Twitter

ბს-349(2კ-21) 17 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. MOD 8 17 00000024 ბრძანება რ. ს-ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა რ. ს-ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.09.2016წ. MOD 016 00003222 ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი აღდგენილ იქნას ტოლფას თანამდებობაზე, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 05 სექტემბრიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით, რ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას უარი ეთქვა იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD 1 18 00001205 ბრძანებით კადრების განყოფილებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი რ. ს-ე გათავისუფლდა სამსახურიდან.

რ. ს-ემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნებით მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.02.2018წ. №12 ბრძანების და 23.03.2018წ. MOD118 00001205 ბრძანების ბათილად ცნობა, რ. ს-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და განაცდურის, 2018 წლის 23 მარტიდან აღდგენამდე პერიოდით სრულად ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2019წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.02.2018წ. №12 ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD118 00001205 ბრძანება, რომლითაც რ. ს-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ს-ის იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლითაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. MOD 8 17 00000024 და 23.03.2018წ. MOD118 00001205 ბრძანებებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2019წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2020წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2019წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2021წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.02.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD 1 18 00001205 ბრძანება, რ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.02.2018წ. №12 ბრძანების (ნორმატიული აქტი) ბათილად ცნობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა თუ გათავისუფლების საკითხის სპეციალური კანონმდებლობის ფარგლებში განსხვავებული რეგულირება (ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე პირის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მისი გათავისუფლების შესახებ), თავად ამ სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბაბისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო აქტებთან, ვინაიდან შესაბამისი სადავო ბრძანება გათავისუფლების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს პირის მიერ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას, რაც რეალურად სწორედ დასაქმებულის ნების ავტონომიურობის პრინციპის აბსოლუტურ გამოვლინებას უკავშირდება. აღნიშნული დათქმა თავისთავად ვერ აქცევს ამ დანაწესს დასაქმებულის უფლების დამრღვევ ნორმად, ვინაიდან იგი დასაქმებულის გათავისუფლებას მის მიერ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას უკავშირებს.

სააპელაციო პალატამ რ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD 1 18 00001205 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ რ. ს-ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაკავებული ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა, რომელიც ვაკანტური არ იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების დროს. რ. ს-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა 14.02.2018წ. წერილობით და 20.03.2018წ. ზეპირსიტყვიერად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD 1 18 00001205 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი რ. ს-ე კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით, განსახილველ დავის ფარგლებში დასადგენია გარემოება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რამდენად შესთავაზეს რ. ს-ეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებული

თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა. ამდენად, ამ მიზნით, უნდა დადგინდეს არის თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობის ტოლფასი, შეთავაზებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა. თანამდებობათა შორის ტოლფასობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტული თანამდებობისთვის ნორმატიული აქტით ვიწროდ, ხშირად ტრაფარეტულად განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, არამედ ასევე თავად იმ სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობებიც და სხვა მახასიათებლები, რომლის ადმინისტრაციულ შემადგენლობაშიც შედის კონკრეტული თანამდებობა. რ. ს-ის გათვისუფლების შემდეგ (2017 წ.) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. გადაწყვეტილების აღსრულების მომენტში, როდესაც მოსარჩელეს შესთავაზეს თანამდებობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს გააჩნდა განსხვავებული სტრუქტურა, ამდენად თანამდებობათა ტოლფასობის დადგენის მიზნით სააპელაციო პალატამ ერთმანეთს შეადარა კონკრეტული თანამდებობების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის (საიდანაც განთავისუფლდა მოსარჩელე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის (რაც შთავაზებული იქნა) ფუნქცია-მოვალეობები. პირველ შემთხევაში, იმ თანამდებობის, საიდანაც მოსარჩელე განთავისუფლდა, ფუნქცია-მოვალეობები იყო: მთავარი სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და წარმართვა, მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის და საქმიანობის ორგანიზების შესახებ ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა, მთავარ სამმართველოში შემოსული და მომზადებული დოკუმენტების ხელის მოწერა და ვიზირება, თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მთავარი სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსისადმი მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისების ან/და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენა, დეპარტამენტის უფროსისათვის მთავარი სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება, ასევე წინადადებების წარდგენა მთავარი სამმართველოს პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ბრძანებების გამოცემა. მეორე შემთხვევაში, მოსარჩელისათვის შეთავაზებული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობები იყო: სამმართველოზე გაცემული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა, სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა, სამმართველოს წინაშე დასმული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, სამმართველოს უფროსთან ერთობლივად სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების საკითხების განსაზღვრა, არსებული რესურსების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელების უზრუნველყოფა, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელის შეწყობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ორივე საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები, ერთი შეხედვით, იდენტური შინაარსისაა, მაგრამ რეალური (და არა ფორმალური ან მოჩვენებითი) ტოლფასობის დასადგენად, საკმარისი არ არის მხოლოდ კონკრეტული საშტატო ერთეულების ფუნქციების ზედაპირული შედარება იმის გათვალისწინების გარეშე, თუ ეს საშტატო ერთეული რომელი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაშია და რა არის თავად ამ ერთეულების ფუნქციები. ადვილი შესაძლებელია, რომ ერთმანეთისაგან ფუნქციურად სრულიად განსხვავებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, იდენტური ფუნქციები ჰქონდეთ, რაც ძირითადად გამოიხატება მენეჯერული და ასევე ტექნიკური ხასიათის მოვალეობების შესრულებაში, მაგალითად, ხელმოწერა, დაგეგმვა, ვიზირება, შეთანხმება, ანგარიშის ჩაბარება და სხვ., მაგრამ თავად ამ სრუქტურული ერთეულების ფუნქციები შესაძლებელია ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. მენეჯერული ფუნქციების შესრულება დამოკიდებულია თავად სტრუქტურული ერთეულის სამუშაოს ხასიათზე. თუ ეს სამუშაო განსხვავებულია, მენეჯერების ფუნქციებიც ვერ იქნება იდენტური და ტოლფასი. სწორედ აღნიშნულის დადასტურების ან პირიქით, გამორიცხვის მიზნით, სააპელაციო პალატამ ერთმანეთს შეადარა სტრუქტურული ერთეულების: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მთავარი სამმართველოს (საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს (რაც შეთავაზებული იქნა) ფუნქცია-მოვალეობები. პირველ შემთხვევაში, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა, იმ სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები იყო: სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება, სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობასა და სპეციალური სიგნალების გამოყენებაზე კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება, სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონიერებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა, კომპეტეციის ფარგლებში, სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება, სამხედრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა, კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიული საქმიანობის პროცესის, მათ შორის ოპერატიული აღრიცხვის საქმეებისა და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა, არქივისა და საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება/მონიტორნიგი, სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი. მეორე შემთხვევაში, მოსარჩელისათვის შეთავაზებული სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობებია: სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დაგეგმვის ხელშეწყობა, მისი შესრულების ორგანიზება და კოორდინირება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობების ურთიერთშედარება საფუძველს იძლევა ცალსახა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთს ოდნავადაც არ ემთხვევა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთანეთს უნდა შედარდეს ე.წ. „უფრო მსხვილი“ სტრუქტურული ერთეულები: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ფუნქციები. პირველ შემთხვევაში, საიდანაც მოსარჩელე განთავისუფლდა, იმ სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები იყო: სისხლის სამართლის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განახორციელება, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის გამოვლენა, გახსნა, აღკვეთა, გამოძიების დაწყება და წარმოება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით ფიზიკური იძულების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაანალიზება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეების განხილვა, შესაბამისი ოქმების შედგენა შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შესაბამის ორგანოსათვის შუამდგომლობით მიმართვა, აგრეთვე ადმინისტრაციული და დისციპლინური საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინტერესებში, რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღება, საუწყებო შემოწმების ჩატარების და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით მოთხოვნა (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიღება (მათ შორის, ადგილზე გაცნობით), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურის ან/და თანამდებობის პირის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – სხვა პირის გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის თაობაზე მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი განმარტების მიღება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციისათვის დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად შესვლა და გადაადგილება სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში განთავსებულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების), სამხედრო ობიექტებისა და დაწესებულებების დისლოკაციის ადგილებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენეციის ფარგლებში, „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური იძულებია, სპეციალური საშუალებებია და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სამხედრო ოპერაციებისა და სამხედრო წვრთნების დროს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, საბრძოლო შენაერთებში, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთებზე, პოლიგონებზე და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, კანონიერების, სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლი, მათ შორის საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებზე/დაწესებულებებში და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამხედრო პატრულის ფუნქციონირების და მონიტორინგის უზრუნველყოფა, დადგენილი წესით, საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების/ესკორტირების უზრუნველყოფა, მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოების (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილების) უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების) დაცვის ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში, სამხედრო ობიექტების და კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა (ბადრაგირება), აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას შემთხევევის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა, საგამოძიებო ქვემდებარეობით სამხედრო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაციის, დაქტილოსკოპირების, ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების და აუდიო ჩაწერის, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების განხორციელება, აგრეთვე საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელების/მხარდაჭერის ჩატარება, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, გენერალურ შტაბსა და მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში (მათ შორის, ჯარის სახეობებში) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასანიშნი და დასაწინაურებელი კანდიდატების მონაცემების შესწავლა, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მიზანშეწონილობის განსაზღვრა, იძულებით გადაადგილებული პირების/სამხედრო ტყვეების ადმინისტრირების მხარდაჭერა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფების, გენერალური შტაბისა და მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობების) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან კავშირის დასადგენად და შესაბამისი დასკვნის მომზადება, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებისათვის მიმართვა სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ, სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და ჩატარების კოორდინაცია, სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, ვიზირება, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. მეორე შემთხვევაში, მოსარჩელისათვის შეთავაზებული სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები იყო: დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი საბრძოლო მომზადება, განსახორციელებული ოპერაციების დაგეგმვა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა, სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში ომის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვისათვის მომზადება, რეზერვისტთა მომზადება და გადამზადება, დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა, სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა გეგმებისა და პროგრამების შემუშავება, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ფუნქცია-მოვალეობების ურთიერთშედარება საფუძველს იძლევა დასკვნისათვის იმის შესახებ, რომ ისინი ერთმანეთს დიდწილად არ ემთხვევა. შესადარებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციები აქვთ. კონკრეტული საშტატო ერთეულებისა და სამმართველოების ფუნქციების შედარების გათვალისწინებით შეთავაზებული თანამდებობა არ არის იმ თანამდებობის ტოლფასი, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, არ მოუძიებია ტოლფასი საშტატო ერთეული, რის გამოც უნდა გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ტოლფასი თანამდებობის მოძიება, მოსარჩელისთვის შეთავაზება და ამდენად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ თანამდებობაზე აღდგენის დავალებისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. იმ პირობებში, როდესაც არ არის გადაწყვეტილი რ. ს-ის თანამდებობდაზე აღდგენის საკითხი და აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, შეუძლებელია იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რ. ს-ის მიერ.

კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საშტატო ერთეულის ტოლფასობის დადგენის მიზნით ერთმანეთს შეადარა არა მხოლოდ კონკრეტული საშტატო ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები, არამედ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ფუნქცია-მოვალეოებები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ქვედანაყოფების ფუნქცია-მოვალეოებები დიდწილად არ ემთხვევა და შესადარებელ სტრუქტურულ ერთეულებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციები აქვთ. კასატორმა აღნიშნა, რომ საშტატო ერთეულების ტოლფასობის დადგენის მიზნით ერთმანეთს უნდა შედარდეს კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები და არა სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტურქტურული ქვედანაყოფები თავისი ფუნქცია-მოვალეობებით არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ რა საშტატო ერთეულიც არ უნდა შესთავაზოს რ. ს-ეს (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში შემავალი საშტატო ერთეულისა), ფუნქცია-მოვალეობები დიდწილად ვერ დაემთხვევა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობებს. სააპელაციო პალატის მსჯელობიდან გამომდინარე შესაბამისი ტოლფასი თანამდებობა შერჩეული უნდა იქნეს მხოლოდ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, ვინაიდან ფუნქციურად სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები ვერ იქნება იდენტური ან მიახლოებით იდენტური სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებთან, რაც შეუძლებელს გახდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, რ. ს-ე წარმოადგენს სპეციალური წოდების სტატუსის მქონე მოსამსახურეს, რაც თავის მხრივ ართულებს ტოლფასი თანამდებობების მოძიებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

კასატორმა რ. ს-ემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №582 ბრძანების მე-131 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. კასატორი მიიჩნევს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული შესაძლებელია აღდგეს იმ პოზიციაზე, საიდანაც გაათავისუფლეს, როცა ეს უკანასკნელი პოზიცია არსებობს, მიუხედავად იმისა, იგი არის თუ არა ვაკანტური. აღნიშნულის გამო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ შეესაბამება კანონს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

კასატორმა რ. ს-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სამინისტრო რ. ს-ეს ტოლფას პოზიციას არ შესთავაზებს. თუ სააპელაციო სასამართლო ტოლფასი პოზიციის არსებობის შესახებ დამატებითი გამოკვლევის საჭიროების არსებობას დაადგენდა, სასამართლოს უნდა დაევალებინა თავდაცვის სამინისტროსათვის მაგ. ხელმძღვანელობითი შინაარსის ყველა ვაკანტური პოზიციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და შეეფასებინა არის თუ არა რომელიმე მათგანი არსებითად ტოლფასი მაინც. სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით შეეძლო დაევალებინა თავდაცვის სამინისტროსათვის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმართვა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში თუ საჯარო დაწესებულებაში ტოლფასი პოზიციის მოკვლევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ისევ თავდაცვის სამინისტროს დაავალა საკითხის თავიდან გამოკვლევა, რადგან შეთავაზებული პოზიცია არ მიიჩნია ტოლფასად. სასამართლოს უნდა მიეჩნია დადგენილად, რომ ტოლფასი პოზიცია არ არსებობს და უნდა მიეღო გადაწყვეტილება რ. ს-ის იმ პოზიციაზე აღდგენის შესახებ, საიდანაც იგი უკანონოდ გაათავისუფლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. ს-ე 12.09.2015წ. დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.09.2016წ. ბრძანებით რ. ს-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. MOD 8 17 00000024 ბრძანებით რ. ს-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. MOD 8 17 00000024 ბრძანება რ. ს-ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა რ. ს-ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.09.2016წ. MOD 016 00003222 ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი აღდგენილ იქნას ტოლფას თანამდებობაზე, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ. ს-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 05 სექტემბრიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით, რ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას უარი ეთქვა იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 13.02.2018წ. წინადადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და რ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დაუყონებლივ ნებაყოფლობით აღსრულების წინადადებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 02.02.2018წ. წერილით რ. ს-ეს ეცნობა, რომ დღეის მდგომარეობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნულია მოსამსახურე, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის რედაქცია არ ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენილი საჯარო მოსამსახურის გამო, სხვა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას, შესაბამისად, მისი დანიშვნის მიზნით შეირჩა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის (საშტატო კატეგორია ,,თავდაცვის პოლკოვნიკი“, შტატი ნომერი 4/276-01) თანამდებობა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ვაკანტური. თავდაცვის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან შემოთავაზებული თანამდებობა არის ტოლფასი საშატატო კატეგორია, ტოლფასი სახელფასო განაკვეთით. განმცხადებელს ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროსთვის ეცნობებინა მისი გადაწყვეტილების შესახებ. რ. ს-ემ 14.02.2018წ. სამინისტროს წერილობით აცნობა, რომ მისი აღდგენა უნდა მოხდეს არა ტოლფას, არამედ იგივე თანამდებობაზე და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, რათა სრულად აღდგეს უკანონო გათავისუფლებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ არ არის თანახმა დაინიშნოს შემოთავაზებულ პოზიციაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 01.03.2018წ. წერილით სამინისტრომ განმცხადებელს კიდევ ერთხელ შესთავაზა ზემოთ მითითებულ პოზიციაზე დანიშვნა. ამ წერილით რ. ს-ეს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უარის შემთხვევაში გათავისუფლდება სამსახურიდან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2016 წლის 5 სექტემბრიდან გათავისუფლების დღემდე აუნაზღაურდება განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო). განმცხადებელს ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამინისტროსთვის ეცნობებინა მისი გადაწყვეტილების შესახებ. 20.03.2018წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსსა და რ. ს-ეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. სატელეფონო საუბრისას რ. ს-ემ უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD 1 18 00001205 ბრძანებით კადრების განყოფილებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი რ. ს-ე გათავისუფლდა სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. მსგავს ნორმატიულ მოწესრიგებას ითვალისწინებს „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №582 ბრძანების მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი. დადგენილია, რომ რ. ს-ის სამსახურში აღდგენის ეტაპზე ვაკანტური არ იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის უნდა შეეთავაზებინა მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2020წ. განჩინებაში ასახული მითითების თანახმად საკითხის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ რ. ს-ისათვის შეთავაზებული თანამდებობა იყო თუ არა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი. სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ს-ისათვის შეთავაზებული თანამდებობის ძველი თანამდებობის არატოლფას პოზიციად მიჩნევის შემთხვევაში, ცალსახად იარსებებს რ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.03.2018წ. MOD118 00001205 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი პირის სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობად ორი კუმულატიური პირობის თანაარსებობას ითვალისწინებს: პირისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას და მის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმას. ამდენად, სადავო აქტის კანონიერების შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობა სწორედ შეთავაზებული თანამდებობის ძველ თანამდებობასთან ტოლფასობის საკითხის დადგენას გააჩნია. ამასთან, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების საკითხის დადგენაც, სწორედ, სადავო აქტის კანონიერების საკითხის დადგენასთან არის დაკავშირებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის (საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის (რაც შეთავაზებული იქნა) ფუნქცია-მოვალეობები, სტრუქტურული ერთეულების - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მთავარი სამმართველოს (საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს (რაც შეთავაზებული იქნა) ფუნქცია-მოვალეობები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ფუნქციების ურთიერთშედარების შედეგად აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობები ერთმანეთს დიდწილად არ ემთხვევა. კონკრეტული საშტატო ერთეულებისა და სამმართველოების ფუნქციების შედარების გათვალისწინებით შეთავაზებული თანამდებობა არ არის იმ თანამდებობის ტოლფასი, საიდანაც მოსარჩელე გათავისუფლდა.

საკასაციო პალატა არ თვლის, რომ თანამდებობის შეთავაზება მხოლოდ და უსათუოდ სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულიდან უნდა მოხდეს, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე, თუმცა შეთავაზებული თანამდებობა კარდინალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მანამდე დაკავებული თანამდებობისაგან, ვინაიდან ცხადია, რომ პირს უნდა გააჩნდეს შეთავაზებული სამსახურის სათანადოდ განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. სადავო აქტი არ შეიცავს შეთავაზებული თანამდებობის და გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის თანაბრობის დამადასტურებელ არგუმენტაციას. გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის დაკომპლექტება იწვევს სამსახურიდან გათავისუფლებული პირის შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნას, შესაძლებელია ასევე პირის თანხმობით - სხვა თანამდებობაზე დანიშვნა. ნებისმიერ შემთხვევაში პირი ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან სხვა თანამდებობაზე მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება რ. ს-ის კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების შესაბამისობა მოპასუხის მიერ შეთავაზებული თანამდებობის მიმართ, ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, სადავო აქტი არ შეიცავს ამ მიმართ რაიმე დასაბუთებას. ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებულ ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა არის იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია, ასევე „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ ტოლფას თანამდებობას უკავშირებს უკანონოდ განთავისუფლებული პირის კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს (131.4 მუხ.).

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაიყვანოს მოსამსახურე სხვა თანამდებობაზე, მას შეუძლია მხოლოდ დაავალოს ადმინისტრაციას მოახდინოს მოსამსახურის შრომის მოწყობა. სამინისტრო ვალდებულია დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, არ მოუძიებია ტოლფასი საშტატო ერთეული, რის გამოც უნდა გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ტოლფასი თანამდებობის მოძიება, მოსარჩელისთვის შეთავაზება და ამდენად, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, ვინაიდან გადაწყვეტილი არ არის რ. ს-ის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებასთან და აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება, შეუძლებელია იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.02.2018წ. №12 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №582 ბრძანებაში და მითითებული წესის მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან“. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე. ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა თუ გათავისუფლების საკითხის სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებული განსხვავებული რეგულირება, რომელიც შეეხება მის გათავისუფლებას ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე პირის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, შესაბაბისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სადავო ბრძანებით გათავისუფლების აუცილებელ წინაპირობად გათვალისწინებული არის პირის მიერ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის არსებობა, რაც გამორიცხავს ამ დანაწესის დასაქმებულის უფლების დამრღვევ ნორმად მიჩნევის შესაძლებლობას. შესაბამისად, კასატორის რ. ს-ის პრეტენზია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 23.02.2018წ. №12 ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პირობას არ ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.02.2021წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე