Facebook Twitter

საქმე №ბს-487(კ-19) 17 ივნისი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ტ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ტ-ამ 16.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ 03.04.2018წ. განცხადებით დააზუსტა მოპასუხეთა წრე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიუთითა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და მოითხოვა: სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 19.02.2018წ. №MIA 1 18 00404360 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.02.2018წ. №MIA 6 18 00424471 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ლ. ტ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელე ლ. ტ-ასთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ტ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. ტ-ა მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 09.01.2018წ. №65250 ბრძანების საფუძველზე ლ. ტ-ა ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამაში. მოსარჩელემ 18.01.2018წ. აღნიშნული პროგრამის ფიზიკურ ნორმატივებში ჩათვლა წარმატებით ვერ გაიარა. მან 15.02.2018წ. გადაბარების უფლებით ისარგებლა და მეორე ჯერზეც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 19.02.2018წ. №MIA 1 18 00404360 ბრძანებით ლ. ტ-ას შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის მსმენელის სტატუსი ამავე პროგრამის წარუმატებლად გავლის გამო. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.02.2018წ. №MIA 6 18 00424471 ბრძანებით მოსარჩელე ლ. ტ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანების 771 მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის მიერ გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლა მისი სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. სასამართლოს მითითებით, საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის განმარტება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამაში მის უკანონოდ ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რამდენადაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 09.01.2018წ. №65250 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ლ. ტ-ა აღნიშნულ პროგრამაში ჩაირიცხა, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ძალაშია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური პროფესიული მომზადების (სწავლების) ფორმების, შეფასების სისტემისა და საწარმოო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 22.03.2013წ. №87 ბრძანება ან/და სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი პროგრამის გავლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოსამსახურის ფიზიკური მოუმზადებლობის გამო პროგრამის გავლისას მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების გაუქმებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ტ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით ლ. ტ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ნორმატივის დაუძლევლობას ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოთხოვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამაში მითითებული, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2009წ. №0177 ბრძანების (ბრძანება გრიფით „საიდუმლო“ შესწავლის შემდეგ დაუბრუნდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს) დანართი, რომლის მიხედვით, 36-40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის 1 000 მეტრიან დისტანციაზე სირბილისთვის განსაზღვრულია 4.05-4.25 წუთიანი დროის მონაკვეთი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელემ 1 000 მეტრიანი დისტანცია დაფარა 4 წუთსა და 36 წამში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანების 771 მუხლის მე-8 პუნქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ადგენს გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლას. გადამზადების კურსი, სხვა კომპონენტებთან ერთად, აწესებს ნორმატივების ჩაბარების სავალდებულობას. პალატის მითითებით, აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესი სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას იმსჯელოს გათავისუფლების მართლზომიერებაზე იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ გადამზადების კურსი მოსარჩელემ ვერ დაძლია. ლ. ტ-ას მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე დადგენილ ნორმატივებს არ გაცნობია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ მიიჩნევა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რამდენადაც 18.01.2018წ. ლ. ტ-ას მიერ ფიზიკური ნორმატივის წარუმატებლად გავლა, მაღალი ალბათობით, იმის მტკიცების საფუძველია, რომ მისთვის მინიმუმ ცნობილი უნდა ყოფილიყო რა კრიტერიუმში აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ტ-ას მიერ.

კასატორის მითითებით, ბრძანება, რომლითაც ის შეფასდა (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2009წ. №0177 ბრძანება) უცნობი იყო როგორც მოსარჩელისთვის, ისე მისი შემფასებელი სპეციალისტებისთვის. ლ. ტ-ასთვის ცნობილი იყო პარალელურად მოქმედი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომლის თანახმად, მისი ასაკის მქონე მოქმედი თანამშრომლებისათვის ნორმატივად 1 000 მეტრიან დისტანციაზე განსაზღვრული იყო 5.05 წუთამდე სირბილი. სწორედ აღნიშნული დროის მონაკვეთი განსაზღვრა კასატორმა დადგენილ ნორმატივად იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვედანაყოფში, როგორც საპატრულო, ასევე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, ნორმატივები საერთო იყო. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საჯარო მოხელეს მოეთხოვებოდეს იმ ნორმატივის ჩაბარება, რომელსაც იგი არ გაცნობია. ლ. ტ-ას მითითებით, მას დადგენილი ნორმატივის (4.05-4.25 წთ.) შესახებ რომ სცოდნოდა, გადამზადების კურსს წარმატებით გაივლიდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე ლ. ტ-ა მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 09.01.2018წ. №65250 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამაში (ს.ფ.212-214). საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.11.2009წ. №0177 ბრძანების მიხედვით, 36-40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის 1 000 მეტრიან დისტანციაზე სირბილისთვის განსაზღვრულია 4.05-4.25 წუთიანი დროის მონაკვეთი (ს.ფ.385-386). მოსარჩელემ 18.01.2018წ. ფიზიკურ ნორმატივებში ჩათვლა წარმატებით ვერ გაიარა - 1 000 მეტრიანი დისტანცია დაფარა 5 წუთსა და 13 წამში. მან 15.02.2018წ. გადაბარების უფლებით ისარგლებლა და მეორე ჯერზეც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა - 1 000 მეტრიანი დისტანცია დაფარა 4 წუთსა და 36 წამში (ს.ფ.203). სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 19.02.2018წ. №MIA 1 18 00404360 ბრძანებით ლ. ტ-ას შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის მსმენელის სტატუსი ამავე პროგრამის წარუმატებლად გავლის გამო (ს.ფ.16-17). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.02.2018წ. №MIA 6 18 00424471 ბრძანებით მოსარჩელე ლ. ტ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში (ს.ფ.15). ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 771 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება (771.4 მუხ.), ხოლო გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან (771.8 მუხ.). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ფიზიკური ნორმატივის ჩათვლაში ორჯერ მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგი ადასტურებს მის მიერ კურსის წარუმატებლად გავლას, რაც თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, ლ. ტ-ას სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება ნორმატივის არცოდნასთან დაკავშირებით მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, რამდენადაც აღნიშნული არ დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით და ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 18.01.2018წ. მოსარჩელის მხრიდან ფიზიკური ნორმატივის ჩაუბარებლობა, მაღალი ალბათობით, ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოსარჩელისთვის მინიმუმ ცნობილი უნდა ყოფილიყო რა კრიტერიუმში ვერ დაძლია ნორმატივი. თვით ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ისარგებლა გადაბარების უფლებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო ჩასაბარებელი ნორმატივი. ის გარემოება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მოსარჩელის ასაკის მქონე მოქმედი თანამშრომლებისათვის ნორმატივად 1 000 მეტრიან დისტანციაზე განსაზღვრულია 5.05 წუთამდე სირბილი, თავისთავად არ ქმნის ლ. ტ-ას მიერ მისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივის შესრულებისა და მისი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის საფუძვლებს, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის გათვალისწინებულია სპეციალური გადამზადების პროგრამა, რომელშიც დადგენილია განსხვავებული ნორმატივები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ტ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე