საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-339(კ-20) 7 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ბ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. თ. ბ-ამ 2019 წლის 28 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 14 მაისის №1226073 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მაისის №1226073 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თ. ბ-ას ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, დაევალა თ. ბ-ას სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ. ბ-ა 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2015 წლის პირველ ოქტომბერს - დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ის თანამდებობაზე;
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №739 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება“, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან. დებულების თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაცია (სამმართველო) წარმოადგენდა;
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166228 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა“ (დანართი №1) და „საშტატო განრიგი“ (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით, დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ადმინისტრაცია (სამმართველო) ჩამოყალიბდა 47 საშტატო ერთეულით. ადმინისტრაციაში (სამმართველოში) ერთ-ერთ განყოფილებას წარმოადგენდა ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდეგ 9 საშტატო ერთეულს მოიცავდა: ..ის ...ის (პოლიციის პოლკოვნიკის) თანამდებობა - 1 საშტატო ერთეული, ... ...ის (..ის . ...ს) თანამდებობა - 2 საშტატო ერთეული, ... ...ის (პოლიციის კაპიტნის) თანამდებობა - 4 საშტატო ერთეული, ... ...ის (პოლიციის კაპიტნის) თანამდებობა - 2 საშტატო ერთეული;
3.4. ... ...ის საშტატო ერთეულზე დანიშნული თ. ბ-ას ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა წარმოადგენდა;
3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №752 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №739 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც შეიცვალა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ, ადმინისტრაციის (სამმართველოს) ნაცვლად, შეიქმნა „საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება“. განყოფილების უფლებამოსილება განისაზღვრა ადმინისტრაციის (სამმართველოს) მსგავსი უფლებამოსილებით;
3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258230 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის №2166228 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში“. შედეგად, მთლიანად გაუქმდა ადმინისტრაცია (სამმართველო) (შემცირდა ყველა თანამდებობა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში არსებული თანამდებობები) და ახლად შეიქმნა საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება 24 საშტატო ერთეულით. ამასთან, საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში ... ...ის შტატი განისაზღვრა 1 ერთეულით (..ის . ...), რომლის ფუნქციებს წარმოადგენდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
3.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 იანვრის №21004 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ი, ..ის . ... თ. ბ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 1 იანვრიდან;
3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 37-ე მუხლის საფუძველზე (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ი, ..ის . ... თ. ბ-ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან;
3.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანება და ამავე სამინისტროს დაევალა თ. ბ-ას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ბრძანების გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით;
3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №MIA71901034121 წერილის თანახმად, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ... ...ის პოზიციაზე შერჩეულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი ლ. თ-ა, რადგან მას გააჩნდა ადამიანური რესურსებისა და ... ...ის განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ... ...ის, ... ...ისა და ..ის ...ის პოზიციებზე, მუშაობის გამოცდილება;
3.11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მაისის №1226073 ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, ამავე სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ი, ..ის . ... თ. ბ-ა დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 2 მაისიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა, ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის საშტატო ნუსხიდან ამოღებას. სასამართლომ მიუთითა, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ ის საჯარო მოსამსახურე უნდა გათავისუფლდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა. დაუშვებელია, თუნდაც მაღალი რანგის საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირისათვის უპირატესობის მინიჭება, თუ მისი საშტატო ერთეული გაუქმდა, იმ პირის საზიანოდ, რომლის საშტატო ერთეულიც შენარჩუნდა.
5. საქალაქო სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, აღნიშნა, პირველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე განემარტა, რომ საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დანიშნული, არ იყო შემცირებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოება და ისე გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მიუხედავად ამისა, ... ...ის პოზიციაზე შერჩეულ იქნა კადრების განკარგულებაში მყოფი ლ. თ-ა, რომელიც ..ის ...ის საშტატო ერთეულს იკავებდა, აღნიშნული საშტატო ერთეული კი რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა - აღარ არსებობს. ამრიგად, ... ...ის საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე თ. ბ-ა იკავებდა, რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა, თუმცა საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა - შემცირებულ, უფრო მაღალი რანგის საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, არ შეესაბამებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე მითითებით, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნები გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე სწორად და სრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამართლებრივად მართებულად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ 2019 წლის 14 მაისის გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. პირველი დავის ფარგლებში მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, ახლად შექმნილ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში კადრების მიმართულებით მომუშავე ... ...ის შტატი (..ის . ...) შენარჩუნდა, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დასახელებულ თანამდებობაზე მოსარჩელის კანდიდატურის შესაბამისობის საკითხის შესწავლა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ბ-ა კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც სასამართლომ თავდაპირველი სამართალწარმოებისას შეისწავლა და არ მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის კანონიერ და საკმარის წინაპირობად.
10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების პროცესში თითოეული საშტატო ერთეულის შეფასება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და საშტატო ერთეულის შემცირების საფუძვლით მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურის გათავისუფლება უნდა განხორციელდეს, რომლის საშტატო ერთეულიც გაუქმდა. ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ... ...ის პოზიციაზე შერჩეულ იქნა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი ლ. თ-ა, რომელიც იქამდე ...ის ...ის საშტატო ერთეულს იკავებდა, ხოლო დასახელებული ერთეული რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად გადაწყვიტა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, გამოიკვლია სადავო თანამდებობაზე თ. ბ-ას კანდიდატურის შესაბამისობის საკითხი, თუმცა ... ...ის თანამდებობაზე შეირჩა ლ. თ-ა, რომელსაც გააჩნდა ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ..ის ...ის პოზიციაზე, რა დროსაც იგი ასრულებდა და კონტროლს უწევდა ყველა ფუნქციის შესრულებას. აღნიშნული ფაქტის, ლ. თ-ას პიროვნული უნარებისა და თ. ბ-ას კვალიფიკაციის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის ... ...ის შტატზე დანიშვნა და აღნიშნულ შტატზე შეირჩა ლ. თ-ა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი არსებითად განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალება თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
16. საკასაციო პალატა, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რამეთუ „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნ. ყ-ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვნად აღსრულება კი გულისხმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სრულად შესრულებას, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით.
17. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მაისის №1226073 გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის პირველ ოქტომბერს თ. ბ-ა დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ის თანამდებობაზე. 2017 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის გამო კი, ხსენებული განყოფილების გაუქმების შედეგად, თ. ბ-ა ჯერ კადრების განკარგულებაში იქნა აყვანილი, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040955 ბრძანებით - დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. აღნიშნული ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მაშასადამე, გასაჩივრებული აქტის კანონიერების გადამოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პირველი სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, გაკეთებულ განმარტებებსა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიცემულ მითითებებს.
18. საგულისხმოა, რომ პირველი სამართალწარმოებისას სასამართლომ დაადგინა რეორგანიზაციის შედეგად ... ...ის 1 შტატის შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს არ დაუსაბუთებია მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური გაუქმება, მის მიერ დაკავებული შტატის შემცირება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. სასამართლომ აღნიშნა, „ის, რომ სრულად გაუქმდა კონკრეტული განყოფილება არ ასაბუთებს მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმებას, რადგან რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა მსგავსი ფუნქციური დატვირთვის მქონე შტატი. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როდესაც შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ახალი საშტატო ერთეულისათვის განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, არსებითად შეიცვალა საშტატო ერთეულის დასაკავებლად არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვ., განსახილველ შემთხვევაში ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია მსგავსი გარემოებების არსებობა“. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებას საჭიროებდა კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც „უნდა განხორციელდეს თ. ბერიასა და ახალ საშტატო ერთეულზე დანიშნული მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე“.
19. ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი რეორგანიზაცია გახდა და ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს ზემოთ მითითებული განმარტებები უნდა გაეთვალისწინებინა, გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების საკითხის შესაფასებლად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით განმარტოს რეორგანიზაციისას დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებელი წინაპირობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, პირის გათავისუფლებას იწვევს არა ნებისმიერი სახის რეორგანიზაცია, არამედ მხოლოდ შტატების შემცირების შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ როგორც მოქმედი კანონის 102-ე, 110-ე მუხლები, ისე 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი კანონის 96-ე მუხლიც, პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე, უკავშირებდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებას. ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას, „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით (რაც არაერთგზის განუმარტავს საკასაციო სასამართლოს), ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში პირველი სამართალწარმოებისას დადასტურდა, რომ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაცია არ ქმნიდა თ. ბ-ას სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, ვინაიდან რეალურად (ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე) არ მომხდარა საშტატო ერთეულების სრული გაუქმება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციამდე არსებული - ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ისა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი - ... ...ის ...ის ... ...ის პოზიციები არსებითად იდენტურ ფუნქციებს აერთიანებდა და ძირითად მოვალეობას ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა შეეფასებინა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილებაში ... ...ის საშტატო ერთეულთან მოსარჩელის შესაბამისობის საკითხი და თ. ბ-ას ამავე შტატზე დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში - უნდა დაესაბუთებინა, რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა მოხელეს.
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული 2019 წლის 14 მაისის №1226073 სადავო ბრძანებით თ. ბ-ა კვლავ იქნა დათხოვნილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 2 მაისიდან, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №MIA71901034121 წერილის თანახმად, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ... ...ის პოზიციაზე შერჩეულ იქნა ლ. თ-ა, რადგან მას გააჩნდა ადამიანური რესურსებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ... ...ის, ... ...ისა და ..ის ...ის პოზიციებზე, მუშაობის გამოცდილება. ნიშანდობლივია, რომ რეორგანიზაციამდე ლ. თ-ა იკავებდა სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველოს) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის უფროსის თანამდებობას, რომელიც 2017 წლის რეორგანიზაციის შემდეგ აღარ არსებობს. ამრიგად, ... ...ის საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვა - შემცირებულ, უფრო მაღალი რანგის საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ „იმ შემთხვევაში, როდესაც შტატები სრულად არ უქმდება, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ერთსა და იმავე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე“, ამასთან, „მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლებაც, მით უფრო შტატების შემცირების საფუძვლით, რა დროსაც კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს, ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცესსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გაიაზროს მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №664-664(კ-18)).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ სადავო შემთხვევაში უპირატესობის მინიჭება/კონკურენციის წარმოქმნა ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს შორის არ მომხდარა და ახალ თანამდებობაზე დაინიშნა ის პირი, რომლის მიერ დაკავებული თანამდებობაც რეალურად გაუქმდა, საყურადღებოა მისი დანიშვნის ძირითადი მოტივებიც - კასატორის განმარტებით, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ..ის ...ი ასრულებდა და კონტროლს უწევდა ყველა ფუნქციის შესრულებას. საკასაციო პალატა, დასახელებული არგუმენტის შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ..ის ...ის არყოფნისას სწორედ მთავარ სპეციალისტს - თ. ბ-ას ეკისრებოდა უფროსის ფუნქციების შესრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული კრიტერიუმი სათანადოდ და ამომწურავად არ ასაბუთებს და ადასტურებს კონკრეტული მოხელისთვის უპირატესობის ობიექტურად მინიჭების ფაქტს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც ადასტურებს თ. ბ-ას სამსახურიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გათავისუფლებას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მაისის №1226073 ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა სწორად არის გადაწყვეტილი.
23. რაც შეეხება პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. იმავე „წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტითაც, ასევე, დადგენილია, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღსანიშნავია, რომ „ამჟამად მოქმედმა კანონმა, განსხვავებით მანამდე მოქმედი კანონისგან, გამორიცხა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის აღდგენისას სადავო თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით დანიშნული პირის გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი საფუძველი გათვალისწინებული არ არის ამჟამად მოქმედი კანონით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 118-ე მუხლი ადგენს და განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენის პროცედურას და განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს სადავო თანამდებობის ვაკანტურობის ფაქტს. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს სასამართლოს მიერ იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)).
24. ამრიგად, მოსარჩელე ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, თუმცა მნიშვნელოვანია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტი, რომ ... ...ის თანამდებობა ვაკანტური არ არის და მას სხვა პირი იკავებს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა აღდგეს არა პირდაპირ იმავე თანამდებობაზე, არამედ - იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფას თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს. ამასთან, თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი გახდება იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის პროცედურა. შესაბამისად, კონკრეტულ თანამდებობაზე პირდაპირ აღდგენის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
25. მოსარჩელე, ასევე, ითხოვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. „იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)). ვინაიდან თ. ბ-ას სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული და მოპასუხეს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა, სასამართლომ მართებულად დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე თ. ბ-ას პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალება თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ხოლო დანარჩენ ნაწილში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის თანამდებობაზე თ. ბ-ას პირდაპირ (უშუალოდ) აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს თ. ბ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ... ...ის ...ის ... ...ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე