ბს-566(2კ-19) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ს-მა, ზ. რ-მა, ა. ლ-ემ და ო. ლ-ემ 17.07.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.06.2017წ. №321 განკარგულების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელეებმა მოითხოვეს 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის 26-ე საკითხი), 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის 61-ე საკითხი, ...ის ნაწილში) და 16.06.2017წ. №321 განკარგულების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ...ი და თ. ნ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. ს-ის, ზ. რ-ის, ა. ლ-ის და ო. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 26-ე საკითხი), 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 61-ე საკითხი, ...ის ნაწილში) ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ...ზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.06.2017წ. №321 განკარგულება ქ. ს-ის, ზ. რ-ის, ა. ლ-ისა და ო. ლ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ს-ის, ზ. რ-ის, ა. ლ-ისა და ო. ლ-ის 23.08.2016წ. №300770/12 განცხადება 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღიარების ნაწილში კომისიის 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილებისა და 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით თ. ნ-ის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს, ამასთანავე, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო 02.05.2008წ. №20 და 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილებების მიღების დროს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, კომისია დაეყრდნო მხოლოდ ...ის მიერ წარდგენილ განცხადებას და დამატებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ ყოფილა ადგილზე გასული და თავად არ შეუმოწმებია უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ა. ...ს არასოდეს ჰქონია ფლობაში და სარგებლობაში 4060 კვ.მ.-დან იმ 138 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მას კომისიაში წარდგენილი ჰქონდა აზომვითი ნახაზი, 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სავალ გზას, რომელიც არის ერთადერთი მისასვლელი გზა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, კომისიამ არ გამოიკვლია სინამდვილეში რა ფართს ფლობდა ა. ...ი და მას საკუთრება უღიარა საავტომობილო მისასვლელ გზაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.12.2017წ. №007181517 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, №... და №... საკადასტრო კოდებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ გზის ნაწილს, რომელიც ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა ლ-ეებისა და გ-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა, როდესაც მიწის ნაკვეთი არ შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოხდა უშუალოდ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მისასვლელს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მოსარჩელეთა საკუთრებასთან, დღეის მდგომარეობით კი მოსარჩელეებს ეკრძალებათ აღნიშნული გზით სარგებლობა, რითაც მათ კანონიერ ინტერესებს ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი. ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, კომისიამ დაარღვია სზაკ-ის 53.5 და 96-ე მუხლების მოთხოვნები, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 02.05.2008წ. №20 და 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილებები გამოსცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 26-ე საკითხი) და 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 61-ე საკითხი, ...ის ნაწილში) ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში ...ზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 138 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში, კანონის დარღვევით არის მიღებული და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 26-ე საკითხი) და 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 61-ე საკითხი, ...ის ნაწილში) კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.06.2017წ. №321 განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ნ-ის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა თ. ნ-ემ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს კანონიერი ნდობის პრინციპზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზანაესი სასამართლოს 20.04.2017წ. №ბს-930-922(2კ-16) განჩინებაში მოცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით მმართველობის კანონიერი პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აღმჭურველი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, კერძოდ, თ. ნ-ის შვილმა შეიძინა მიწის ნაკვეთი და შემდგომში აჩუქა კასატორს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წერილი, რომლითაც ერთნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სადავო ტერიტორიაზე გზა არასდროს ყოფილა. კასატორი მიიჩნევს, რომ ის მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენია. სასამართლოს მიერ 1994 წლის გეგმის გაზიარება სრულიად უსაფუძვლოა. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთების მდებარეობა 1994 წლის მდგომარეობით არ შეესაბამება დღეის მდგომარეობით ადგილზე არსებულ მდგომარეობას და შეიცავს ცვლილებას 6-10 მ დიაპაზონში. ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე გზა მოწყობილი არ არის, დასტურდება არა მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარებით, არამედ გენერალური გეგმით და ფუნქციური ზონირებით. სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ მითითებული გზის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გათვალისწინებულ აუცილებელ გზად მიჩნევის შესაძლებლობაზე. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 02.03.2018წ. გაცემულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სადავო ტერიტორიაზე გზა არასოდეს ყოფილა და არც დღეის მდგომარეობით მიეკუთვნება გზას ან/და სატრანსპორტო ზონას. იგივე გარემოება დადასტურდა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით. საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე სამართლებრივი გაგებით გზის არარსებობას. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ექსპერტის დასკვნით მოსარჩელეების ნაკვეთთან მისასვლელი გზა წარმოადგენს იმ გზის ნაწილს, რომელიც ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა ლ-ეებისა და გ-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას. კასატორის მოსაზრებით ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 1994 წლის გეგმაზე კრწანისის ქუჩა და მისი მიმდებარე ნაწილი მონიშნული იყო, როგორც გზა. სასამართლომ 1994 წლის გეგმა მიიჩნია დღეის მდგომარეობით არსებული ვითარების ამსახველი დოკუმენტად. ამ გარემოების საწინააღმდეგო გარემოება არის მითითებული ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2018წ. გადაწყვეტილებაში.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიაზე გზა მოწყობილი არ ყოფილა, რაც დასტურდება არა მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარებით, არამედ გენერალური გეგმით და ფუნქციური ზონირებით. საქმეში წარდგენილია ორთოფოტოები შესაბამისი ფუნქციური ზონის მითითებით, რომლითაც დგინდება, რომ 2005, 2010 და 2014 წლებში სადავო ტერიტორიას გზის სტატუსი არ ჰქონია. ამასთანავე, საქმის მასალებში დაცულია შპს ,,საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ 2008 წლის საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ღობის ხანდაზმულობის დადგენის შესახებ. ამ დასკვნით დგინდება, რომ ა. ...ს 2008 წელს შემოღობილი ჰქონდა 4060 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მათ შორის სადავო 138 კვ.მ.). გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლოს აღნიშნული დასკვნა საერთოდ არ შეუფასებია. გარდა ამისა მოსარჩელეების განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ განახორციელა ადგილზე დათვალიერება, გზის არსებობა არ დადასტურდა. სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია მოპასუხის და მესამე პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქმეში წარდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ექსპერტს განხილული აქვს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის მოწყობის რამდენიმე ალტერნატივა. სასამართლომ მითითებულ დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო აქტებით საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა სავალ გზაზე. მითითებული დასკვნა ასახავდა არა ფაქტობრივად არსებულ მდგომაროებას, არამედ სამომავლოდ, გზის მოწყობის ალტერნატიულ საშუალებებს. შესაბამისად საგამონაკლისო შემთხვევა, რაც გულისხმობს გზის ფუნქციის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, სახეზე არ გვაქვს. ექსპერტის დასკვნაში მითითებული საკითხი, კერძოდ, სამომავლოდ გზის მოწყობის საჭიროება და მისაღები ალტერნატივის განსაზღვრა, სამოქალაქო დავის საგანია და არა გასაჩივრებული აქტების კანონიერების შეფასების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.05.2008წ. №20 ოქმის 26-ე საკითხის თანახმად კომისიამ განიხილა ...ის 22.04.2008წ. განცხადება და გადაწყვიტა, რომ ...ის ქ.N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უღიარდეს აწ გარდაცვლილ ა. ...ს და საკუთრების მოწმობა გაიცეს მის სავარაუდო მემკვიდრეზე - ...ზე. 02.05.2008წ. ქ. თბილისის მიერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წერილის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4060 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით სამსახურმა შესაძლებლად მიიჩნია, ამასთან, მიუთითა, რომ საჭიროა საზღვრების კონფიგურაციის კორექტირება. 05.05.2008წ. ქ. თბილისის საკრებულომ გასცა №533 საკუთრების უფლების მოწმობა ...ზე მასზედ, რომ აწ გარდაცვლილ ა. ...ს საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4060 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომისიის 30.05.2008წ. №23 ოქმის 61-ე საკითხის მიხედვით კომისიამ განიხილა ...ის განცხადება. კომისიამ ერთხმად გამოთქვა თანხმობა ...ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ახალი საკუთრების უფლების აღიარების მოწმობის გაცემის თაობაზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4060 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ...ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველად მითითებულია ნოტარიუს ც. ბერიძის მიერ 20.05.2008წ. დამოწმებული №2-506 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1210 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 26,93 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია ზ. რ-ის და ქ. ს-ის თანასაკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...), ხოლო იმავე მისამართზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1063 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ო. ლ-ის და ა. ლ-ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ ...). 18.08.2016წ. ქ. ს-მა, ზ. რ-მა, ა. ლ-ემ და ო. ლ-ემ განცხადებით (საჩივრით) მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვეს 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში კომისიის 02.05.2008წ. №20 და 30.05.2008წ. №23 ოქმების, ასევე, №533 საკუთრების უფლების მოწმობის და 30.05.2008წ. №23 ოქმის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ ა. ...ი არ ფლობდა და არ სარგებლობდა 4060 კვ.მ.-დან 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. 138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საავტომობილო გზას, რომელიც არის ერთდაერთი მისასვლელი გზა განმცხადებლების საკუთრებაში არსებულ ფართთან. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16.06.2017წ, №321 განკარგულებით ქ. ს-ის, ზ. რ-ის, ა. ლ-ის და ო. ლ-ის 23.08.2016წ. განცხადება არ დაკმაყოფილდა. კომისიამ მიუთითა, რომ კომისიის 02.05.2008წ. №20 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი №26) ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე 4060 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა ა. ...ის საკუთრების უფლება. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე 05.05.2008წ. გაიცა №533 საკუთრების უფლების მოწმობა ა. ...ის სავარაუდო მემკვიდრეზე, ...ზე. კომისიის 30.05.2008წ. №23 საოქმო გადაწყვეტილებით ...ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დამოწმდა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ნაკვეთის ფართობის უცვლელად. განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღიარებული იქნა ...ის საკუთრების უფლება, წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას კომისიის მიერ საქმის მასალების გამოკვლევისა და 11.05.2017წ. ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ იქნა დადასტურებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტებოდა, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. იმავე პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების წესის“ თანახმად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენდა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. აღნიშნული კანონითა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულია ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება, ამასთან, ამ მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებითაც გამოირიცხება უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ისეთი საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა რა შემთხვევაშიც მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებში დაცულია ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 1997 წლით დათარიღებული ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში ლ-ეებისა და გ-ის მიერ დაკავებული 1060 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გეგმა (ტ. 1, ს.ფ. 28-29). ამ გეგმის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.02.1994წ. დადგენილება. 08.12.2017წ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში საჯარო რეესტრში ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ გზის ნაწილს, რომელიც ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის გეგმის მიხედვით წარმოადგენდა ლ-ეებისა და გ-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა, რომელიც გამორიცხავს მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის დაქვემდებარებას. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, რაც მათი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასაციის დაშვების საფუძველს არ წარმოადგენს თ. ნ-ის მიერ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე მითითება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რომელიც შეეხება უძრავ ნივთზე არა კასატორის, არამედ ა. ...ის (მემკვიდრე ...ის) საკუთრების უფლების აღიარებას. საქმეში დაცული მასალებით უძრავ ნივთზე თ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულება. განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და თ. ნ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება.
3. უ. ზ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.01.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე