ბს-1234(კ-19) 17 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ეს“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...ემ“ 27.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.12.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ზ-ი.
შპს ,,...ემ“ 22.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2016წ. №002029 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 06.04.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.2017წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...ის“ სარჩელისა გამო ქ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და მესამე პირის ს. ზ-ის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...ის“ სარჩელისა გამო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეის მერიის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2017წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...ეს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრიდა შპს ,,...ეს“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინებით შპს ,,...ეს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენს კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესაძლებლობას. ძალადაკარგულად ცხადდება არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული, კანონთან შეუსაბამო აქტები, არამედ ისეთი აქტი, რომელიც მისი მომზადებისა და მიღების დროს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, კერძოდ, სზაკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. სადავო აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობდა კანონით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებაზე, რომლის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების გათვალისწინებით. დადგენილების 941 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს მთავრობის 23.07.2015წ. №370 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ობიექტებზე აკრძალულია მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამორიცხვა. კონკრეტულ შემთხვევაში 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.08.2016წ. №17/223505 წერილით გადაგზავნილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 05.08.2016წ. №1964176 მიმართვით ცნობილი გახდა, რომ 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნაგებობის ჭიშკრის ჩაკეტვით სირთულე შეექმნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს, ამასთან, ობიექტის მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო მშენებლობით სახანძრო უსაფრთხოების ზომები არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრებისთვის საფრთხის წარმოქმნის რისკი შეიქმნა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამუშაოების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანების და შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.12.2016წ. №1-2574 ბრძანების უკანონობა არ დასტურდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდა ჭიშკრის ნაწილში სამშენებლო სამუშაოების წარმოების დადასტურების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, ამასთანავე, რადგან აქტის გაუქმება გამოიწვია უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობამ, ჭიშკრის არსებობას აღარ გააჩნდა სავალდებულო სამართლებრივი საფუძველი, მისი სადავო ტერიტორიაზე დატოვება აღარ იყო კანონიერი, არღვევდა მესამე პირთა უფლებებს, ქმნიდა საფრთხეს და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას. შესაბამისად, აპელანტს მართებულად მოეთხოვა ობიექტის დემონტაჟი, რისი განუხორციელებლობის გამოც, კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონიერად მოხდა სანქციის შეფარდება. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,...ეს“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სზაკ-ის მოთხოვნების დაცვის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. №257190 გადაწყვეტილებით შპს ,,...ეს“ მიეცა შესაბამისი ქმედების განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც გააჩნდა კანონიერი ნდობა. გამოკვლეული არ ყოფილა რამდენად იყო სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოება და თავიდანვე ევალებოდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მეოთხე გზა გადის საჯარო სივრცეზე და იქ არაფერი აფერხებს მიმოსვლას. კასატორმა მიუთითა სზაკ-ის მე-601.4 მუხლზე და განმარტა, რომ მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით ადგენა ზიანი. ჭიშკარს სახანძრო უსაფრხოებასთან საერთო არაფერი აქვს და ჭიშკრამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არსებობს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილება, რომლის 27-ე მუხლის მიხედვით საზოგადოებრივი სერვიტუტის განხორციელების შესაძლებლობის შემთხვევაში არ შეიძლება კერძო სერვიტუტის გამოყენება და კერძო სუბიექტის შეზღუდვა. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს ,,...ემ“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. სახეზეა გაუქმებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ აქტით დაირღვა სხვა პირის კანონიერი უფლება ან ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. №257190 გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც შპს ,,...ემ“ გარკვეული უფლებები შეიძინა. კასატორმა მიუთითა სასკ-ის 29-ე მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიღო გადაწყვეტილება 8000 ლარით დაჯარიმების შესახებ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილების თაობაზე და შემდეგში სამართალწარმოება. სადავო აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების თაობაზე სარჩელის განხილვისას უნდა გაირკვეს აქტის მართლზომიერება, ასევე, მისი გამოცემისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის არსებობის შემთხვევაში დარღვევის ხარისხი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის, აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ზიანის სიმძიმე. კასატორმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გაანალიზებისას ნათელი ეფინება ექსპროპრიაციის სახეებს, კერძოდ, საკუთრება რჩება რა მესაკუთრის სამართლებრივ მფლობელობაში, მაგრამ მისი სარგებლობა იმდენად შეზღუდულია, რომ ფაქტობრივად ქონება ჩამორთმეულია სახელმწიფოსაგან. აღნიშნული ქმედებები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში აღთქმულია, როგორც დე-ფაქტო ექსპროპრიაცია ან/და ირიბი ექსპროპრიაცია (იხ. ,,სპორონგი და ლორნოტი შვედეთის წინააღმდეგ", ,,პაპამიხალოპულუსი საბერძნეთის წინააღმდეგ", ,,ხამიდოვი რუსეთის წინააღმდეგ"). კასატორმა აღნიშნა, რომ შპს “...“ ახდენს ბაზრობის ორგანიზებას, გაქირავებული აქვს ფართები და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში დატოვებით ქონება საერთოდ დაუცველი ხდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ეს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. თბილისში, მეტრო ,,...ის" მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3779 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს ,,...ეს“ საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილების მიხედვით არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განცხადება ქ. თბილისში, მეტრო ,,...ის“ მიმდებარედ შპს ,,...ეს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობის თაობაზე. განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომლის მონტაჟი არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა ქალქათმშენებლობით დოკუმენტებთან და დაადასტურა ქ. თბილისში, მეტრო ,,...ეს“ მიმდებარედ შპს ,,...ეს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის განთავსების შესაძლებლობა. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ 05.08.2016წ. წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურს. აღნიშნული წერილის თანახმად სამმართველოს სპეციალისტის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, მეტრო ,,...ის“ მიმდებარედ შპს ,,მ...“-სა და შპს ,,...ეს“ შორის ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული პირველი კლასის (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,...ეს“ მიერ ობიექტის ტერიტორიაზე განხორციელებული შენობა-ნაგებობების მოცულობითი-გეგმარებითი გადაწყვეტილების შეცვლით დაირღვა საქართველოს მთავრობის 23.07.2015წ. №370 დადგენილების ,,სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, საევაკუაციო გასასვლელში სავაჭრო კონტეინერის განთავსებით გაუქმდა არსებული გასასვლელი, რამაც გამოიწვია ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება. ტერიტორიის შემოღობვაში საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მოწყობილი ჭიშკრის ჩაკეტვით სერიოზული სირთულე შეექმნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს. აღნიშნული შპს-ების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისათვის გათვალისწინებული არ არის გარე წყალგაყვანილობის ქსელზე სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი, რაც ხანძრის დროს სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს ადამიანთა უსაფრთხოების და ქონების გადარჩენის შესაძლებლობებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა საქალაქო სამსახურმა 25.08.2016წ. წერილით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისათვის გაუგზავნა ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 05.08.2016წ. წერილი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 02.09.2016წ. წერილით მიმართა შპს ,,...ეს“ და აცნობა, რომ ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 05.08.2016წ. წერილით იკვეთება სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული სამუშაოებით, კერძოდ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობების განთავსებით მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენის პრინციპების დარღვევის შესაძლო ფაქტი, შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული ობიექტის დემონტაჟი. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.09.2016წ. №1088 ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის ნაწილში. ადმინისტრაციუმა ორგანომ მიიჩნია, რომ ჭიშკრის ჩაკეტვით სირთულე შეექმნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს, ასევე, ობიექტის მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა. შპს ,,...ეს“ წარმომადგენელმა 31.10.2016წ. საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.12.2016წ. №1-2574 ბრძანებით შპს ,,...ის“ წარმომადგენლის 31.10.2016წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 23.07.2015წ. №370 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-7 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობებისა და სათავსებისათვის. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ობიექტებზე აკრძალულია მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამორიცხვა. განსახილველ შემთხვევაში 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 05.08.2016წ. №1964176 წერილით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ 28.04.2016წ. №2571900 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნაგებობის (ჭიშკრის) ჩაკეტვით სირთულე შეექმნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების დროს, ამასთან, ობიექტის მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესება, შეაფერხოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებთან მისვლა და შეამციროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების მოქმედების ზონა. ამდენად, სამშენებლო სამუშაოების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.12.2016წ. №1-2574 ბრძანების უკანონობა განსახილველი დავის ფარგლებში არ დადასტურდა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.11.2016წ. №002029 მითითების თანახმად, ვინაიდან ქ. თბილისში, მეტრო ,,...ეს“ მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) რკინის ჭიშკარი არის უნებართვო, შპს ,,...ეს“ ევალება განახორციელოს მისი დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა სამი კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 08.11.2016წ. №002029 შემოწმების აქტი შედგა 04.11.2016წ. გაცემული №002029 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. შემოწმებით დადგინდა, რომ 04.11.2016წ. მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა. 16.11.2016წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით 16.11.2016წ. ობიექტი განმეორებით იქნა გადამოწმებული ადგილზე, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს ,,...ეს“ მიერ არ არის შესრულებული სამსახურის 04.11.2016წ. №002029 მითითების მოთხოვნები, კერძოდ, ქ. თბილისში, მეტრო ...ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) შპს ,,...ეს“ მიერ არ არის დემონტირებული უნებართვო ჭიშკარი. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2016წ. №002029 დადგენილებით ქ. თბილისში, მეტრო ,,...ის“ მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული უნებართვო ჭიშკრისათვის შპს “...“ დაჯარიმდა 8 000 ლარით და შპს ,,...ეს“ დაევალა უნებართვო ჭიშკრის დემონტაჟი. შპს ,,...ეს“ წარმომადგენელმა 28.11.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა №002029 დადგენილების გაუქმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 06.04.2017წ. №1-802 ბრძანებით შპს ,,...ის“ წარმომადგენლის 28.11.2016წ. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.11.2016წ. №002029 დადგენილება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას - კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.10.2016წ. №1370 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.12.2016წ. №1-2574 ბრძანების უკანონობა არ დადასტურდა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჭიშკრის არსებობას აღარ გააჩნდა სავალდებულო სამართლებრივი საფუძველი, მისი სადავო ტერიტორიაზე დატოვება აღარ იყო კანონიერი, არღვევდა მესამე პირთა უფლებებს, ქმნიდა საფრთხეს და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას. შესაბამისად, შპს ,,...ეს“ მართებულად მოეთხოვა ობიექტის დემონტაჟი, რისი განუხორციელებლობის გამოც, კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონიერად მოხდა სანქციის შეფარდება. ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აქტი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,...ეს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...ეს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2019წ. განჩინება.
3. შპს ,,...ეს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2019წ. №1577704326 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე