საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ზ-300-7(გან-21) 5 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ბს-279-2(ა-21)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ 2021 წლის 2 მარტს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც წარმოდგენილი იყო განცხადება ასლის სახით და ასევე განცხადებას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა განცხადებაში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების განმარტებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და დაუდგინა ვადა ხარვეზის შესავსებად. ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს და არ მიუღია გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას მოსამართლე - ალექსანდრე წულაძის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, რის გამოც ეჭვი შეაქვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. განმცხადებელი ვერ ადასტურებს რომელიმე მათგანის არსებობას. განმცხადებლის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. 2021 წლის 18 ივნისის №ზ-300-21 განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინების განმარტებისა და მოსამართლის აცილების თაობაზე, განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე