Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-2(კს-21) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ჯ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ჯ-მა 2018 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2018 წლის 25 ივნისის №02/178 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №02/178 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ო. ჯ-ის 2018 წლის 29 მაისის №16950/25 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა, და არა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის თანახმად, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეს, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის აქტების გაუქმება ან მათში ცვლილების/დამატების შეტანა, დღეის მდგომარეობით, ინსპექციას შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არაუფლებამოსილი პირის მიერ გასაჩივრების გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. იმავე კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

მესამე პირებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს სავალდებულო და არასავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. განსხვავებით არასავალდებულო მოწვევის მესამე პირებისგან, სავალდებულო მოწვევის მესამე პირები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სარგებლობენ მოსარჩელის, მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრებათ მოსარჩელის ყველა მოვალეობა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში უნდა ჩაებას, თუ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამრიგად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმის საფუძველი იმპერატიულად არის რეგლამენტირებული - პირი უნდა იყოს სუბიექტი იმ სამართალურთიერთობისა, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებში; სავალდებულო მოწვევის მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება უნდა ახდენდეს პირდაპირ და უშუალო გავლენას, ხოლო არასავალდებულო მოწვევის მესამე პირების იურიდიულ ინტერესს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. ჯ-მა სასამართლოში გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, მოპასუხედ სწორედ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო დაასახელა. რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, დასახელებული ორგანო საქმეში არ მონაწილეობდა მოპასუხის სტატუსით, რადგან მის მიერ გამოცემული აქტი არ ყოფილა გასაჩივრებული, ასევე, სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი მისთვის აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების დავალება.

რაც შეეხება საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობას, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საქმეში მესამე პირად ჩაბმული არ ყოფილა. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტით - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 ივნისის №02/178 ბრძანებით წარმოებაში არ იქნა მიღებული ო. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების გაუქმების თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მერიას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა. ამრიგად, განსახილველი საქმის დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, არ არსებობდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის წინაპირობაც კი, რადგან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ ანიჭებს კერძო საჩივრის ავტორს რაიმე უფლებას და არც რაიმე ვალდებულებას აკისრებს, სასამართლოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება არ შეუფასებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის სადავო განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრების უფლების არმქონე სუბიექტმა, რაც საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის კანონისმიერი საფუძველია. შესაბამისად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-16 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 372-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე