საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-382(კს-21) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის გაგრძელება/აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი:ა. ა-მა 2020 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოპასუხისთვის 5000 ლარის ოდენობით მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ა-ს 2020 წლის 11 დეკემბერს პირადად ჩაბარდა.
ა. ა-მა 2021 წლის 6 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სააპელაციო საჩივრის წარსადგენად საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა. განცხადება, საქმესთან ერთად, განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით ა. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ა. ა-ს 2020 წლის 11 დეკემბერს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2020 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 25 დეკემბერს, 24:00 საათზე ამოიწურა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრების საპროცესო ვადა აღდგენას/გაგრძელებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლომ, პანდემიის პერიოდში 14-დღიანი გასაჩივრების ვადის სიმცირის თაობაზე განმცხადებლის პოზიციასთან დაკავშირებით, მიუთითა, რომ სადავო პერიოდში არ შემწყდარა საჯარო სამსახურებში, საბანკო დაწესებულებებსა და სასამართლოში მუშაობა, ხსენებული ორგანოები აგრძელებდნენ ფუნქციონირებას, მათ შორის, დისტანციური რეჟიმით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატის განმარტებით, განმცხადებელს - ა. ა-ს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის განმავლობაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელიც მიუთითებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებების უკანონობაზე და მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მისი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით კი, ა. ა-ი ყურადღებას ამახვილებს მის ასაკზე, საჩივრის წარდგენის პროცედურაზე, ქვეყანაში პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების არსებობაზე და სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის გაგრძელებას/აღდგენას მოითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის აღდგენაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ა. ა-ს 2020 წლის 11 დეკემბერს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 25 დეკემბერს (პარასკევს), 24:00 საათზე ამოიწურა ისე, რომ ა. ა-ს სასამართლოში სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ამრიგად, მხარემ გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რომლის გაგრძელებას ან აღდგენას კანონმდებელი კრძალავს.
რაც შეეხება ა. ა-ის მითითებას სადავო პერიოდში კორონავირუსიდან გამომდინარე შეზღუდვების არსებობასა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობაზე, გარდა იმისა, რომ სადავო პერიოდში ქვეყანაში არსებული შეზღუდვები (21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების, მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანის, დამატებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვა) არ გამორიცხავდა სასამართლოში საჩივრის ფოსტის მეშვეობით წარმოდგენის ან ელექტრონულად გადმოგზავნის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ა. ა-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ 2020 წლის 29 დეკემბრის განცხადებაზე, სადაც იგი წერს, რომ ჩაბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება და განემარტა გასაჩივრების ვადა, რომლის გამოყენებაზეც „აცხადებს კატეგორიულ პროტესტს“. ამრიგად, მითითებული განცხადების სასამართლოში წარდგენის ფაქტი და მისი შინაარსი ადასტურებს, რომ მხარემ თავად განაცხადა უარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა მისი ნების გამოხატვას წარმოადგენდა და არ იყო გამოწვეული ქვეყანაში არსებული შეზღუდვებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე