საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-394(კს-21) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხ. ჩ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის პირველ ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ხ. ჩ-ის მიმართ და მოპასუხისთვის 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის - 8426,67 ლარის, ხოლო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 352 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ხ. ჩ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების გამო, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაეკისრა 8426,67 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 352 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხ. ჩ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, ხ. ჩ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილია განცხადება მიწის ნაკვეთზე ხ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და თუ აღიარების კომისია მიიღებს აპელანტის სასარგებლო გადაწყვეტილებას, დასახელებული გარემოება მნიშვნელოვანი იქნება განსახილველი დავისათვისაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლით დათარიღებული განჩინებით ხ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმის წარმოება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ხ. ჩ-ის განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 281-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ არსებითი მნიშვნელობა იქონიოს მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ხ. ჩ-ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება. 2020 წლის 17 დეკემბერს კი აპელანტმა სასამართლოში წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი, რომლის თანახმადაც, კომისია იხილავს ხ. ჩ-ის განცხადებას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაზე კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა მიეცეს განსახილველი სააპელაციო საჩივრის გადაწყვეტისათვის დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რის გამოც საქმის წარმოება შეჩერდა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. საკუთრების უფლების აღიარების კომისია კი იხილავს ხ. ჩ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, რომლის გადაწყვეტითაც არ იცვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება და მას განსახილველი დავის გადაწყვეტაზე გავლენა არ ექნება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოების დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამრიგად, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, თუკი პარალელურად სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს დავა, რომლის გადაწყვეტასაც განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.
სადავო შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს ხ. ჩ-ისთვის თანხის დაკისრებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე. დასახელებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის - თანხის დაკისრებისთვის მნიშვნელოვანია ქონებით სარგებლობის საფუძვლის გამოკვლევა და უძრავი ნივთით სარგებლობის პერიოდის განსაზღვრა.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ განსახილველი დავის პარალელურად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ხ. ჩ-ისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე (რომლით სარგებლობის საფასურის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამ და საკითხის გადაწყვეტამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს განსახილველი დავის გადაწყვეტაზეც - საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (სარგებლობის საფუძველი და პერიოდი) სწორად დადგენაზე. მაშასადამე, არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 369-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე