Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-485(კ-20) 6 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჩ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჩ-მა 2018 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მისი ოჯახისთვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში რეგისტრაციის ადგილის გაუქმების შესახებ ამავე სამინისტროს 2016 წლის 12 თებერვალს დადასტურებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახისთვის რეგისტრაციის ადგილის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე მხარე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჩ-ის ოჯახისთვის რეგისტრაციის ადგილის გაუქმების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2016 წლის 12 თებერვალს დადასტურებული გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის ოჯახისთვის რეგისტრაცის ადგილის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელის ოჯახისთვის რეგისტრაციის ადგილის გაუქმების საფუძველი გახდა სადავო ფართის მოიჯარის - „ბავშვი და გარემოს“ განცხადება, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენს და საქმიან ურთიერთობებში უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში დამისამართლებული მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილის გაუქმება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, სამინისტროს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ვიზიტისას დადგინდა, რომ მ. ჩ-ი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მის მიერ დაკავებულ ფართში და იგი გადაცემული ჰქონდა მესამე პირისთვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის ტოლფასი უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ფართში ფაქტობრივად არმცხოვრები პირების მიმართ რეგისტრაციის გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის - მოიჯარის განცხადების საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახისთვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში რეგისტრაციის გაუქმების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის სამართლებრივი სტატუსი, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები და წესი, ასევე, დევნილის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალურ გარანტიები, მისი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. მნიშვნელოვანია ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები, რომლებიც იმპერატიულად ადგენენ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან დევნილის გამოსახლების შეუძლებლობის შემთხვევებს, გარდა იმ გარემოებების დადგომისა, როდესაც დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე, დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები, ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას და რეგულირდება საერთო წესით.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის რეგისტრაციის ადგილის გაუქმება და მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით ან ფულადი კომპენსაციით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჩ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც სამინსიტრომ განასახლა, დაარეგისტრირა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში. სამინისტროს მიერ მისი ოჯახის რეგისტრაციის ადგილი გაუქმდა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა დევნილი ოჯახის შესაბამისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ან მის სანაცვლოდ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არავითარი უფლება არ ჰქონდა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება და რეგისტრაცია გაეუქმებინა მ. ჩ-ის დევნილი ოჯახისთვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონების მოიჯარის - ააიპ „ბავშვი და გარემოს“ განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიუთითებს, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, მითითებული კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოიჯარე არ შეიძლება იყოს მიჩნეული დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც ზიანი ადგება დევნილი ოჯახის სადავო მისამართზე რეგისტრაციით. აღნიშნული უფლების მატარებელია უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელსაც უფლება აქვს იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

ამრიგად, სამინისტრომ ერთი მხრივ, არაუფლებამოსილი პირის - მოიჯარის განცხადების საფუძველზე გააუქმა მ. ჩ-ის ოჯახის რეგისტრაციის ადგილი, მეორე მხრივ კი, აღნიშნული განახორციელა ისე, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახს უკანონოდ გაუუქმდა რეგისტრაციის ადგილი, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე